მთავარი,სიახლეები

უცხოელი ბიზნესმენი: ბათუმში ავარიის ინსცენირებით ფულის გამოძალვას ცდილობდნენ

01.08.2017 • 4241
უცხოელი ბიზნესმენი: ბათუმში ავარიის ინსცენირებით ფულის გამოძალვას ცდილობდნენ

ბიზნესმენი ისრაელიდან ემილი დორფი საპატრულო პოლიციას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. ემილი დორფი ტურისტული კომპანია „თრეველ თუ ჯორჯია 2010“-ის დირექტორია. ამბობს, რომ პატრულის თანამშრომლებმა ყოველგვარი წერილობითი დოკუმენტის შედგენის გარეშე მისი კომპანიის ავტომანქანა გადაიყვანეს საჯარიმოზე მაშინ, როცა ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა.

23 ივლისის საღამოს ძველი ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე ემილი დორფმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და დახმარება ითხოვა. მანამდე უცხოელის ავტომანქანა ორმა ქართველმა ბიჭმა გააჩერა და უთხრა, რომ დაეჯახნენ, მანქანას ნაკაწრები აქვს და ფული უნდა გადაუხადონ – ავტომობილის შესაკეთებლად.

„ადგილზე დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ დაუდგენელი პირები უსაფუძვლოდ ითხოვდნენ თანხას, რადგან არანაირი ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა. აღნიშნულის დასადასტურებლად და სიტუაციის განსამუხტად გამოვიძახე საპატრულო პოლიცია,“ – წერს ემილი დორფი წერილობით მიმართვაში პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

რა გააკეთა ადგილზე მისულმა პატრულმა – „ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მხოლოდ ჩვენი ავტომანქანა პატრული თანამშრომლებმა ირაკლი წახნაგიამ და ამირან შანთაძემ ავტოსადგომზე გადაიყვანეს, – წერს ემილი დორფი წერილობით განცხადებაში, – პოლიციის განყოფილებაში პატრულის თანამშრომელმა მითხრა, რომ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, მხარეები ვერ შეთანხმდნენ და ვალდებული იყო, სატრანსპორტო საშუალება გადაეყვანა. მან ვერ მიპასუხა, თუ რატომ მოხდა ერთი ავტომანქანის გადაყვანა, თუ გამოსაძიებელი იყო შემთხვევა. ასევე ვერ მივიღე პასუხი, რატომ მოხდა ავტომანქანის გადაყვანა ისე, რომ არ შემდგარა არანაირი დოკუმენტი და არ გადმოუციათ ჩემთვის და არც უფლებამოსილი მძღოლისთვის“.

ადვოკატი რუსლან ბერიძე ორ მნიშვნელოვან მომენტზე ამახვილებს ყურადღებას: „თუ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ამ დროს დგება შესაბამისი აქტი და ორივე ავტომანქანა უნდა გადაიყვანოს საპატრულო პოლიციამ ავტოსადგომზე. ასეთი აქტი არ შემდგარა. საპატრულო პოლიციაში ასევე გვითხრეს, რომ მძღოლს არ ჰქონდა მართვის მოწმობა. თუ ასეა, მაშინ სად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი? რატომ არ დაჯარიმდა დარღვევის შესაბამისად მძღოლი?“

ადვოკატმა ბიზნესმენის ავტომანაქანის ფოტოებიც გვაჩვენა იმის საილუსტრაციოდ, რომ დაზიანება არ ჩანს და ავარია რომ მომხდარიყო, ეს ემილი დორფის მანქანასაც დაეტყობოდა. ადვოკატის თქმით, მეორე ავტომანქანა, ვისმა მესაკუთრემაც ფულის გადახდა მოითხოვა, ამ შემთხვევამდე წინასწარ იყო დაზიანებული.

27 ივლისს ემილი დორფმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა, თუმცა ამ დრომდე გამოხმაურება უწყებიდან არ მიუღია. ავტომანქანა ისევ საპატრულო პოლიციის ავტოსადგომზეა.

კომპანია „თრეველ თუ ჯორჯია 2010“-ის ხელმძღვანელი ემილი დორფი პროკურატურას სთხოვს, დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვს, დროულად დაუბრუნოს ავტომანქანა, ასევე ამოიღონ ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც ეს შემთხვევაა დაფიქსირებული.

ემილი დორფი აპირებს, რომ მიმართოს სასამართლოსაც, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ავტომანქანას დააბრუნებენ. ის მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს საპატრულო პოლიციისგან, რადგან ავტომანქანა ტურისტულ კომპანიას ეკუთვნის და ბიზნესი ზარალს განიცდის ყოველდღიურად. კომპენსაციის ოდენობა დღეების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული, ვიდრე ბიზნესმენის ავტომანქანა საჯარიმოზე იქნება გაჩერებული.

„ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა უცხოელებისთვის ამ სქემით თანხის გამოძალვას ცდილობენ, – გვიყვება ადვოკატი რუსლან ბერიძე. ის უცხოელი ბიზნესმენის ინტერესებს იცავს, – აქამდეც შევსწრებივარ, როცა ქართველებს აუტეხიათ ქუჩაში ჩხუბი უცხოელისთვის, დაგვაჯახეთ და ზარალი აგვინაზღაურეთო. ამ დროს მათ მანქანას წინასწარ აქვს გარკვეული ნაკაწრი. უცხოელებს, რომლებიც გარკვეული დროით ჩამოდიან საქართველოში და იჯარით ჰყავთ აყვანილი ავტომანქანა, არ უღირთ პოლიციისთვის მიმართვა, ჩვენებების მიცემა. იციან, რომ მათ ეს პროცესი და დამატებით უცხო ქვეყანაში დარჩენა უფრო ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე თანხა, რასაც ქუჩაში სთხოვენ.“

დაიწყო თუ არა ამ შემთხვევის მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ, ან რა გაირკვა მოკვლევის შედეგად – შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და შედეგს თავად უცხოელ ბიზნესმენს აცნობებენ.

manqana

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: