მთავარი,სიახლეები

სასამართლო პროცესი – ავტოავარია, რომელსაც 17 წლის გოგო ემსხვერპლა

31.07.2017 • 4049
სასამართლო პროცესი – ავტოავარია, რომელსაც 17 წლის გოგო ემსხვერპლა

„ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“ – ამ მუხლით ბრალდებულ ნოდარ რ.-ს საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. მას სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ერთი მუხლის დარღვევას ედავება გამოძიება – განსაცდელში მიტოვება. ავარიის შედეგად ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი მიატოვა. საუბარია 2017 წლის 5 იანვარს შაფათავას ქუჩაზე მომხდარ ავტოავარიაზე, რომლის შედეგადაც 17 წლის ნინო ბაგრატიონი დაიღუპა.

„როგორც ჩანს, ჩემი ეჭვი მართლდება პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით“, – მიმართა მოსამართლემ ბრალდებულს, როცა გაირკვა რომ ადვოკატი მამუკა ჯუმბერიძე დღევანდელ პროცესზეც ვერ გამოცხადდა. ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. მან მოსამართლეს უთხრა რომ მარტო საკუთარ თავს ვერ დაიცავს.

მოსამართლე დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებით, მორიგ სხდომაზე ბრალდებულს სახაზინო წესით, იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი დაიცავს. სასამართლო დარბაზში მყოფმა დაზარალებულის ახლობლებმა პროცესის კიდევ ერთხელ გადადება გააპროტესტეს. ახლობლებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ისინი საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინააღმდეგი არიან.

„ვიცით, რომ მსგავს შემთხვევებზე ხშირად საპროცესო ფორმდება. წინააღმდეგი ვართ, რადგან ჩვენთან არავინ მოსულა, გულგრილობა გამოიჩინეს. იმაზე აღარაა საუბარი, რომ ავარიის შემდეგ მარტო დატოვეს მანქანაში 17 წლის ბავშვი,“ – გვითხრა გარდაცვლილი ნინო ბაგრატიონის ბიცოლამ, ინგა მჟავანაძემ.

დაზარალებულის ახლობლების თქმით, საქმეში მთავარი მტკიცებულება სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნაა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და დაარღვია მანევრირების წესი.

დაზარალებულის და ბრალდებულის ახლობლები სასამართლოს შესასვლელთან ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ბრალდებულის ერთ-ერთი ნათესავი, დარიკო ქათამაძე მიიჩნევს, რომ გამოძიება მიკერძოებულია, რადგან არ დაუკითხავთ დაცვის მხარის მოწმეები და არ ჩატარებულა ალტერნატიული ექსპერტიზა.

„როცა ასეთი ტრაგედია დატრიალდა, რთულია თავის მართლება, მაგრამ რეალურად ის მანქანა მოძრაობდა მაღალი სიჩქარით. ჩემგან დარღვევა ის იყო, რომ მარჯვნიდან დაბრკოლება შევუქმენი. იმ მანქანის მძღოლის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დამდგარიყო,“- გვითხრა ბრალდებულმა ნოდარ რ.-მ.

ადვოკატი მამუკა ჯუმბერიძე სასამართლოს მორიგ სხდომაზე შუამდგომლობის დაყენებას აპირებს მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევაზე.  განმარტავს, რომ ბრალდებულს აქამდე სხვა ადვოკატი იცავდა, რომელმაც საპროცესო გარიგების იმედით, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება.

„მოვითხოვ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებასაც, მაგრამ ხომ გესმით, უკვე სასამართლო დასკვნის ეტაპზეა, მოსამართლემ უნდა დაგვრთოს ამის ნება. მე მართლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დავესწარი დღვანდელ სხდომას,“ – გვითხრა ადვოკატმა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ნოდარ რ.-ს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მაქსიმუმ ორი წლით პატიმრობას ითვალისწინებს „განსაცდელში მიტოვებაც“, რაც სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გულისხმობს:

„დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: