მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულომ მთავრობას k2-ის გაზრდაზე მეორედ მოთხოვნის უფლება შეუზღუდა

31.07.2017 • 2191
ბათუმის საკრებულომ მთავრობას k2-ის გაზრდაზე მეორედ მოთხოვნის უფლება შეუზღუდა

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და აჭარის მთავრობას  k2  კოეფიციენტის გაზრდის მეორედ მოთხოვნის უფლება შეეზღუდა. ეს გადაწყვეტილება დღეს, 31 ივლისს, საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

ბათუმის არქიტექტურის სამსახურმა საკანონმდებლო ცვლილებები გამოიტანა, რომლის მიხედვით,  საქართველოს და აჭარის მთავრობას  უფლება აღარ ექნებათ, ზონალური კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ,  K2 კოეფიციენტის გაზრდა მეორედ მოითხოვონ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც უკვე განხორციელდა განაშენიანების ინტენსივობის ზრდა. არქიტექტურის სამსახურის ინიციატივას საკრებულომ ათი ხმით მხარი დაუჭირა.

გარდა ამისა, დღეს განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, დაუშვებელი იქნება K2 კოეფიციენტის გაზრდა 500 კვ.მეტრზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მშნებლობის შემთხვევაში, რასაც საკრებულოს ცალკეული წევრების მხრიდან შენიშვნები მოჰყვა.

საკრებულოს წევრის, კობა ჩხეიძის განცხადებით, ეს  უსამართლო გადაწყვეტილებაა. „ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ყველა მოქალაქეს, ვინც ფლობს 500 კვ.მეტრ ფართობს, ვართმევთ უფლებას მიმართოს ზონალურ საბჭოს, ხოლო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ფლობს 501 კვ. მეტრს და უფრო მეტს, ექნება უფლება ისარგებლოს ზონალური  საბჭოს  „კურთხევებით“  და ააშენოს იმდენი სართული, რამდენიც უნდა. ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ჩვენი ქალაქის ხვალინდელი დღე იქნება ის, რომ მივიღებთ აბსოლუტურ სიმახინჯეებს და საშინელებებს მშენებლობის მხრივ,“ – ამბობს ის.

საკრებულოს წევრის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს, რომ მთავრობა უხეშად ერევა მერიისა და არქიტექტურის სამსახურის ფუნქციებში.

„ეს გადაწყვეტილება არის ლოგიკური და სწორი, თუმცა მე არ დავუჭერ მხარს, რადგან ვფიქრობ, რომ დაგვიანებულია მისი მიღება. თუმცა ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ რადგან თქვენ მთავრობას, მაგალითად, ზურაბ პატარაძეს უზღუდავთ რეკომენდაციის უფლებას, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა უხეშად ერევა მერიის საქმიანობაში და რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ ითხოვს მშენებლობის სიმაღლეში გაზრდას, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას მხოლოდ რეკომენდაციის უფლება აქვს და ეს უფლებაც თავის დროზე უკანონოდ ჰქონდა მინიჭებული,“ – ამბობს კირთაძე.

არქიტექტურის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, მშენებლობის საზოგადოებრივ სივრცეში შეჭრის შემთხვევაში,  ეს შეჭრა არ უნდა აღემატებოდეს საზოგადოებრივ სივრცეზე გამავალი ფასადის 40 პროცენტს. ასევე, სავალდებულო ხდება 120 კვ.მეტრზე მშენებლობის შემთხვევაში, როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა ავდოსადგომების მშენებლობა.

მაღალსართულიან კორპუსებში კი მინიმუმ 20 კვ.მეტრი ფართობი გამოყოფილი უნდა იყოს საფოსტო ყუთებისთვის, მრიცხველებისთვის; ასევე, საბავშვო ეტლებისა და ველოსიპედების დროებითი პარკირებისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: