კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

მარტო კლასში

31.07.2017 • 4736
მარტო კლასში

15 წლის თეკლა ნემსიწვერიძე  ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის საჯარო სკოლის მეათე კლასის ერთადერთი მოსწავლეა. გოგონა, რომელიც მთებს შორის მოქცეულ სოფელში ცხოვრობს, „ბათუმელებს“ იმ ამბებზე, სირთულეებზე თუ უპირატესობებზე უყვება, რაც მთაში ცხოვრებას ახლავს თან.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის საჯარო სკოლის მეათე კლასში ვსწავლობ, 15 წლის ვარ. კლასში წელსაც მარტო ვარ, ისე როგორც გასული ცხრა სასწავლო წლის განმავლობაში. სოფლიდან ყველა მიდის. ადრე ჩვენს სკოლაში უფრო მეტი ბავშვი იყო, ვიდრე დღესაა. ახლა სულ 22 მოსწავლეა.

კლასელი მყავდა მხოლოდ ერთხელ, მეექვსე კლასში, ნახევარი წელი. მაგდა ერქვა. დღეს ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. მესამე კლასში ვიყავი, როცა მივხვდი, თურმე როგორია გყავდეს კლასელი და მასთან ურთიერთობდე. მახსოვს ორი კლასი ვიყავით შეერთებული, რაღაც გაკვეთილი გაცდა და ვიყავით ორი მოსწავლე. ბავშვურად ვიმაიმუნეთ გაკვეთილზე, ცოტა გავერთე. შემდეგ, მეორე გაკვეთილზე მარტო რომ შევედი ისევ, მომწყინდა. მაშინ მივხვდი, რომ ძალიან ცუდია მარტო ყოფნა კლასში.

კარგად რომ დავფიქრდე, ამ ფაქტორმა ჩემზე გავლენა იქონია, კი. არ მქონდა სწავლის მოტივაცია.

იცი, როგორაა? როცა კლასში ორი, სამი ან მეტი მოსწავლეა, რაღაცნაირად შეჯიბრების მომენტი ჩნდება. მოდი, დღეს გაკვეთილს იმიტომ ვისწავლი, რომ ვინმემ არ მაჯობოს… დავალება რომ არ დავწერო, მერე შეიძლება დამცინოს ვიღაცამ, რომ თეკლას დავალება არ ეწერა…

როცა კლასში მარტო ხარ, მასწავლებელს ეტყვი – „იცი, რა მას, დღეს არ მიწერია დავალება და მოდი, ხვალ ჩაგაბარებ“. რომ არ ჩამებარებინა, მასწავლებელს აღარც ახსოვდა. „იცით, რა მას – მოდი დღეს გაკვეთილი არ ავხსნათ, ან რამე სხვა გავაკეთოთ, ან გამიშვით სხვა ბავშვებთან~… ასე იყო სულ ეს წლები და ასეა დღესაც. ამას იმდენად შევეჩვიე… რომ ვუთხრა მასწავლებელს, იცი, რა, მას, დავალება არ მიწერია, არაფერს მეტყვის, მაგრამ რეალურად ის დაუწერელი დავალება ან მოუმზადებელი გაკვეთილი ხომ ისევ მე მაკლდება? ხშირად მოვალეობის მოხდის მიზნით ვმეცადინეობ. ვიცი, რომ მე ეს მჭირდება, მაგრამ არ მაქვს სტიმული.

ნიშნები რვაზე დაბალი არ მაქვს. მათემატიკაში რვა მაქვს, დანარჩენ საგნებში – ცხრა და ათი.

ყველაზე მეტად აქ, სოფელში, თანატოლებთან ურთიერთობა მაკლია. ძირითადად, სულ სახლში ვარ, რადგან არ არიან ჩემი ტოლები. ფეისბუქზე მეგობრებს თუ მივწერ და ეგაა. ზამთარში კლასიდანაც არ გამოვდივარ ხოლმე. ვარ კლასში, ან რამეს ვწერ, ან ტელეფონზე ვთამაშობ. არაფერი ხდება.

ხალხთან ურთიერთობა მომწონს, თუმცა ადრე არ ვიცოდი როგორ უნდა ამეწყო ურთიერთობები. მახსოვს, მეექვსე კლასში ვიყავი, ზაფხულზე ურეკში ვისვენებდი. იქ ბევრი ჩემი თანატოლი იყო. რაღაცას ვთამაშობდით. ბავშვებმა თქვეს, მოდი, პრეზენტაციები გავაკეთოთო. როცა ვგეგმავდით, სულ მე ვლაპარაკობდი. ისინი მეუბნებოდნენ – ჩვენც მოგვისმინეო. მე კიდევ – „იცი, რა, ეს ასე უნდა გაკეთდეს-მეთქი“ – ვბრძანებლობდი. არ ვისმენდი იმ ბავშვების აზრს, რომლებსაც შესაძლოა ჩემზე კარგი მოსაზრება ჰქონოდათ. როცა გავაანალიზე სიტუაცია – შემრცხვა. შემრცხვა იმიტომ, რომ არ ვიცოდი როგორ უნდა მეთანამშრომლა ამ ბავშვებთან, ჯგუფთან. არ მქონდა გამოცდილება, მაგრამ მომწონდა თანატოლებთან ყოფნა, სრულფასოვანი ვიყავი. არავინ იყო, ვინც მეტყოდა, იცი რა, მე შენზე უფროსი ვარ და ასე უნდა გააკეთო.

მიგრძვნია თუ არა განსხვავება სხვა ბავშვებისგან? იცით, ხშირად რას ვფიქრობ? ის ბავშვები, ვინც ქალაქში ცხოვრობენ, ძალიან მარტივად უყურებენ ყველაფერს. რაღაც პრობლემა შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ ამას აგვარებს მშობელი. არ აინტერესებთ, მათ არ ეხებათ ეს პრობლემები. თითქოს უფრო ადვილად ცხოვრობენ, ერთობიან. ის ბავშვები, ვინც სოფელში ვცხოვრობთ, უფრო ჩართულები ვართ ოჯახურ ამბებში, ყოველდღიურ პრობლემებში.

ქალაქს აქვს უფრო ადვილი ცხოვრების პირობები – არ სჭირდებათ ზამთრისთვის შეშის მომარაგება, საკვების მომარაგება – შეიძლება გახვიდე, იყიდო. აქ მთელი წლის განმავლობაში შრომობ იმისთვის, რომ ზამთარში არაფერი გაგიჭირდეს.
ზოგჯერ გაბრაზება გინდა ბავშვურად რამეზე და ვერ ბრაზდები. ახლა რომ გავბრაზდე, დავკრა ფეხი და წავიდე, სად უნდა წავიდე სოფელში, ყველგან მთაა.

ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი ვარ. პროექტებს ვწერ. პროექტების წერით მაშინ დავინტერესდი, როცა ჩემი მშობლები წერდნენ პროექტს „აწარმოე საქართველოსთვის“. არ ვიცოდი როგორ უნდა დამეწერა. მერე ვნახე ინტერნეტში, წავიკითხე სახელმძღვანელო და გადავწყვიტე, მეცადა დაწერა. დედაჩემმა პროექტის წერა თამაში არ არის და რაზე უნდა დაწეროო. დავჯექი და ვიფიქრე.

ჩემს ბიძაშვილებს ჰყავდათ კურდღლები და დავწერე პროექტი ამ კურდღლების ბინისთვის. იდეაც მე მოვიფიქრე და ხარჯებიც მე შევადგინე ჩემი მათემატიკით. იმის გამო, რომ არასრულწლოვანი ვიყავი, ჩემი სტუდენტი დის მონაცემები მივუთითე. რაღაც პერიოდის მერე დაურეკეს ჩემს დას და უთხრეს, დავაფინანსებთ თქვენს პროექტსო. თუმცა მოხდა ასეთი რამ – იმავე პერიოდში ჩემს მშობლებს ჰქონდათ პროექტი ხილის საშრობის გაკეთებაზე. ერთი ოჯახიდან ორ პროექტს ვერ დააფინანსებდნენ. დავჯექით, ვიმსჯელეთ და გადაწყდა, რომ ხილის საშრობი უფრო მნიშვნელოვანი იყო ოჯახისთვის. თუმცა ამ ამბავმა თვითრწმენა მომცა, საკუთარი შესაძლებლობები დამანახა.

პროფესია ჯერ არ ამირჩევია. ხან არქეოლოგობა მინდა, ხან სამედიცინოზე ჩაბარება – ფარმაცია მაინტერესებს. ვმუშაობდი აფთიაქში. ჩემს მშობლებს აფთიაქი ჰქონდათ და როცა პატარა ვიყავი, ვეხმარებოდი. გულწასული ადამიანიც მომიბრუნებია. ასეთი რამეები მეხერხება.

თეკლა ნემსიწვერიძე. მანანა ქველიაშვილის ფოტო

თეკლა ნემსიწვერიძე. მანანა ქველიაშვილის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: