stadion qaver

როდის გამოაცხადებენ ტენდერს ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ახალი სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველს შპს „სტადიონი“ მაქსიმუმ 646 355 ლარს გადაუხდის. „სტადიონმა“ მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. ცალკე ტენდერია გამოცხადებული უშუალოდ სპორტული კომპლექსის მშენებლობაზეც, სადაც სატენდერო თანხა 66 მილიონ 574 ათას 430 ლარია.

სატენდერო პირობების მიხედვით სპორტული კომპლექსი ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვეში უნდა აშენდეს. მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი მიმდინარე წლის 9 აგვისტოს დასრულდება; ზედამხედველობაზე გამოცხადებული ტენდერი კი – 18 აგვისტოს.

ტექნიკური დავალების მიხედვით, ტექნიკურმა ზედამხედველმა სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესის მიმდინარეობის სრული ზედამხედველობა უნდა განახორციელოს.

შპს „სტადიონი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სპეციალურად შექმნა ახალი საავადმყოფოსა და ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მიზნით. ამ კომპანიას დაევალა ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობაც.

საავადმყოფოს მშენებლობა [რესპუბლიკური საავადმყოფოს გვერდით] მიმდინარეობს. რა ეტაპზეა ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის საკითხი, რომელიც დროში საკმაოდ გაჭიანურდა? – შპს „სტადიონის“ დირექტორის, სულხან ხალვაშის განცხადებით, სტადიონის პროექტმა ექსპერტიზა გაიარა, თუმცა საჭირო გახდა ამ პროექტის სპეციალური ადაპტაციის გავლა.

„სამხარაულის ბიუროს“ მიერ პროექტი ადაპტაციის პროცესს გადის. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება [პასუხს ველოდებით უახლოეს დღეებში] უკვე მზად გვექნება პროექტის საბოლოო და სრულყოფილი ვარიანტი, შესაბამისად, გამოვაცხადებთ ტენდერს სტადიონის მშენებლობაზეც,“ – ამბობს სულხან ხალვაში.

რაც შეეხება სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველს, ის შპს „სტადიონმა“ დღემდე ვერ შეარჩია, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ტენდერი ოთხჯერ გამოაცხადა. „სტადიონს“ ტენდერების მიმდინარეობის პროცესში დავების განხილვის საბჭოში 18-ჯერ უჩივლეს. გასული წლის ოქტომბრის შემდეგ კი ზედამხედველის შერჩევაზე ტენდერი აღარ გამოცხადებულა.

ორი თვის წინ არ იყო გადაწყვეტილი, ზედამხედველის შერჩევასა და მშენებლობაზე ტენდერები პარალელურად გამოცხადდებოდა, თუ ჯერ ზედამხედველს შეარჩევდნენ, „თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ პარალელურადაც გამოვაცხადოთ,“ – განაცხადა მაშინ „ბათუმელებთან“ სულხან ხალვაშმა.

კომპანიის დირექტორი დღეს აცხადებს, რომ ტენდერი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე და ცალკე ტენდერი ტექნიკურ ზედამხედველზე, პარალელურად გამოცხადდება.

ახალი სპორტული კომპლექსის მაკეტი

ახალი სპორტული კომპლექსის მაკეტი

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით აშენდება

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით აშენდება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი ტელ.: [0422] 27 45 12 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com