ხალხმრავლობა ბათუმის სომხურ ეკლესიასთან ამ წუთებშიც გრძელდება. ეკლესიის გვერდით სკვერში ტოლმის ფესტივალი გაიმართა. მაყურებელიც და მონაწილეებიც, უფროსები და პატარები ერთად ცეკვავენ. ყველაზე მეტ ადამიანს ცეკვის სურვილი მაინც გაუჩნდა ძველ სომხურ სიმღერაზე – „მენატრები მოდი“.
აჭარის სომეხთა კავშირის პრესმდივანი, არტურ ოგანესიანი ამბობს, რომ სომხური ტოლმის ფესტივალი ბათუმში წელს პირველად ტარდება:
„40-მა მონაწილემ წარადგინა ტოლმის 35 სახეობა. ჩვენმა დიასახლისებმა, სომხური ეთნოსის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს თავიანთი კულინარიული ნამუშევრები. ეკლესიასთან არსებული ალექსანდრე მანთაშიანცის [მანთაშევი, ფილანტროპი და ქველმოქმედი, რომელიც მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა] ცენტრის ორგანიზებით იმართება ფესტივალი. გვიხარია, რომ ამ იდეას დიასპორაც გვერდში დაუდგა და ასეთი ერთობლივი პილოტური პროექტი შედგა ბათუმში. განწყობა ძალიან კარგი აქვს ყველას. გრძელდება მრავალსაუკუნოვანი სომხური კერძების წარდგენის ტრადიცია და ტოლმა ერთ-ერთია მათ შორის“.
ფესტივალს შეესწრო სომხეთიდან დასასვენებლად ჩამოსული ვარქეს ასლანიანი. „პირველად ვესწრები ბათუმის ფესტივალს. მიხარია, რომ მეც დავაგემოვნე რამდენიმე სახეობის ტოლმა. აქ გუშინ ჩამოვედი. პირველად ვარ ბათუმში. ნამდვილად ღირს ამ ქალაქში ფულის დახარჯვა. როგორც კი ჩამოვედი, უცებ ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი. კარგია ასეთი ფესტივალი რომ ტარდება ბათუმში. მიხარია, რომ ასეთი ერთობა ვიხილე სომხებს შორის“.
ფესტივალის მიწურულს 10-კაციანმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა. ერთ-ერთი მათგანი – სვეტლანა ზაქარაძე არ ელოდა რომ გაიმარჯვებდა. „ტოლმის ფესტივალში ვიღებ მონაწილეობას, რადგან ეს მეგობრობას, ადამიანების გახარებას უწყობს ხელს. მე სომხეთში დავიბადე, მაგრამ 30 წელია აქ ვარ, – აჭარის რძალი გავხდი“, – უთხრა „ბათუმელებს“ სვეტლანა ზაქარაძემ.
ხვალ ბათუმში, ასევე პირველად ჩატარდება დიასპორების ფესტივალი. არტურ ოგანესიანი ამბობს, რომ „ხვალ ბათუმში იქნება ულამაზესი ეროვნული ტრადიციების ფესტივალი. დღეს აქ დავიწყეთ, სიმბოლურად“.