მთავარი,სიახლეები

ბათუმში კიდევ ერთი ბელეტაჟი დაანგრიეს

30.07.2017 • 3381
ბათუმში კიდევ ერთი ბელეტაჟი დაანგრიეს

ბათუმში, ფალიაშვილის ქუჩის #19-ში კიდევ ერთი ბელეტაჟი დაანგრიეს. როგორც ფოტომასალებიდან ჩანს, შენობის ფასადი მოშლილია ბელეტაჟის დონეზე. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ნგრევა უკვე შეაჩერა.

სახლი, რომელიც ჩუმად და უკანონოდ დაანგრიეს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიხეილ კაკაბაძეს გასულ კვირას უყიდია. „ბათუმელები“ ეცდება დაუკავშირდეს მესაკუთრეს და გაარკვიოს, რატომ დაანგრია შენობა, რომელიც ძეგლის არეალში მდებარეობდა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს იურისტი, მირზა ცეცხლაძე აცხადებს, რომ შენობა უკანონოდ დაანგრიეს. მართალია, შენობას არ ჰქონდა ძეგლის სტატუსი, თუმცა, როგორც მირზა ცეცხლაძე ამბობს, მისი გაძეგლების რეკომენდაციით ბათუმის მერიამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართა.

„ქალაქ ბათუმის მერიამ „გეოგრაფიკს“ დაუკვეთა ბათუმის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის რეინვენტარიზაცია. „გეოგრაფიკმა“ ბათუმის მერიას მიაწოდა მასალები იმ ობიექტების შესახებ [ასეთი სულ 43 ობიექტია], რომლებსაც, სავარაუდოდ, აქვთ ძეგლის ნიშნები, მათ შორის იყო ეს ობიექტიც. შესაბამისი მასალები მერიამ გააგზავნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის იანვარში. ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს წარმოება“, – თქვა მირზა ცეცხლაძემ.

მირზა ცეცხლაძის ინფორმაციით, ტექნიკა, რითაც ბელეტაჟი დაანგრიეს, საპატრულო პოლიციის ნებართვის გარეშე მუშაობდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მენაშენეები არათუ ძეგლის ზონაში არსებულ სახლებს, არამდე ძეგლსაც კი ნებართვის გარეშე ანგრევენ. როგორ შეიძლება ძველი ბათუმისთვის მახასიათებელი ერთსართულიანი ბელეტაჟების გადარჩენა, როცა მენაშენეების ინტერესებში სწორედ ის შედის, რომ დაანგრიონ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ერთსართულიანი ბელეტაჟები და მათ ნაცვლად ააშენონ მაღლივი კორპუსები, რასაც შემდეგ ძვირად გაყიდიან? – მირზა ცეცხლაძე ფიქრობს, რომ ეს რთული საკითხია, მაგრამ ერთგვარი სტრატეგი უნდა შემუშავდეს:

„ვაჟა-ფშაველას 13-ი როცა დაანგრიეს, სასამართლომ მათ დაავალდებულა შენობის იგივე სახით აღდგენა. კომპანიამ ვერ მოახერხა სამუშაოების ჩატარება და ამის გამოც დაჯარიმდა. რაც შეეხება ამ ბელეტაჟს, – რადგან ძეგლი არ არის, თუ რამე სამუშაოებზე შეიტანს მერიაში ნებართვაზე განცხადება, წამოვა ზონალურ საბჭოზე შესათანხმებლად. ჩვენთან კი გადაწყვეტილება მიღებული იქნება განაშენიანების ზონის პრინციპებიდან გამომდინარე, ძეგლის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. მე წინასწარ, საბჭოს სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ კონკრეტული პროექტი რომ შემოვა მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭოს წევრების მიერ… ხოლო თუ ამ შენობას მიენიჭა ძეგლის სტატუსი, რა თქმა უნდა, ჩაირთვება ძეგლს დაცვის სამართლებრივი რეჟიმი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: