სიახლეები

მძღოლი ქალები და სტერეოტიპები

12.11.2014 • 5457
მძღოლი ქალები და სტერეოტიპები

ლია მგელაძე
ლია მგელაძე

ლია მგელაძე  პროფესიონალი მძღოლია. ის საჭესთან 18 წლიდან ზის. მას რბოლაში საქართველოს ჩემპიონატი თხუთმეტჯერ აქვს მოგებული. ლია მიიჩნევს, რომ იყო კარგი ან ცუდი მძღოლი, ეს არ არის სქესზე დამოკიდებული, ყველაფერს პროფესიონალიზმი განსაზღვრავს.

„ქალი ცუდი მძღოლია – ამ სტერეოტიპებს ქალები ჩვენი პროფესიონალიზმით ვანგრევთ. დიდი ხანია საჭესთან ვზივარ და ამ ხნის მანძილზე არაერთხელ შემხვედრია ცუდი კაცი მძღოლებიც. თუ რაღაც არ იცი, ან ცუდად იცი, ეს არ არის იმის ბრალი, რომ ქალი ხარ, ან კაცი. არაპროფესიონალი ან პროფესიონალი  შეიძლება იყოს კაციც და ქალიც“, – ამბობს ლია.

ლია მგელაძე საქართველოს საავტომობილო ფედერაციისგან პროფესიონალი მძღოლის  ლიცენციას რამდენიმე დღეში ოფიციალურად მიიღებს. ის ერთ-ერთი წარმატებული მრბოლელი ქალია და არაერთხელ დაუკავებია საპრიზო ადგილები.

„ყველა ტიპის ტრანსპორტის  ტარების ლიცენზია მაქვს, გარდა ტრაილერისა. ამიტომ, ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ქალებს კაცებზე ნაკლებად შეუძლიათ მანქანის მართვა. პირიქით, ბევრი ქალი კაცზე კარგად მართავს ავტომანქანას“, – ამბობს ლია მგელაძე. მისი აზრით, მსგავსი სტერეოტიპების გამყარებას ხშირად ქალებიც უწყობენ ხელს: „არ მომწონს, როცა ქალები მანქანაზე ქუსლიან ფეხსაცმელს ახატავენ. ამით თითქოს ამბობ, რომ სუსტი არსება ხარ, სათანადოდ ვერ დადიხარ და უნდა მოგერიდონ.“

რა აღიზიანებთ კაცებს ქალ მძღოლში? – „დღემდე ავტომანქანის ფლობა გარკვეულ სტატუსთან, ძალაუფლებასთან იყო ასოცირებული. თუ მანქანა გყავს, ესე იგი ეკონომიკურად  ძლიერი ხარ და, შესაბამისად, საქმიანიც. ქალი მძღოლების მოჭარბება, ბუნებრივია, აჩენს იმის განცდასაც, რომ კაცსა და ქალს შორის ძალაუფლების გადანაწილება დაიწყო. თუ ქალი უკეთეს მანქანაზე ზის, ვიდრე კაცი, ეს კიდევ დამატებითი მიზეზია იმისთვის, რომ ქალი მძღოლი აითვალწუნონ. კაცი ქალ მძღოლში ხედავს კონკურენტს და ცდილობს ამ სტერეოტიპებით დაამსხვრიოს ქალი მძღოლის იმიჯი“ – ამბობს ლია. 

მისი აზრით, ქალებიც ექცევიან ამ სტერეოტიპების გავლენის ქვეშ, ითრგუნებიან და არ აძლევენ თავს საკუთარი შესაძლებლობებს განვითარებას: „ქალი მძღოლების ზრდა, ოჯახური ვალდებულებების არათანაბარმა გადანაწილებემაც განაპირობა. თუ აქამდე მამა იყო ვალდებული წაეყვანა შვილები სკოლაში ან სხვადასხვა საჭიროება უზრუნველეყო, ქალის საჭესთან დაჯდომამ მას ეს ტვირთიც შეუმსუბუქა. ახლა ქალს დაჰყავს ბავშვები სკოლაში, სხვადასხვა წრეზე, ფაქტობრივად, მამას ეს პასუხისმგებლობა აღარ აკისრია. კაცს მოაკლდა კიდევ ერთი პასუხისმგებლობა, ქალმა, უბრალოდ, შეუმსუბუქა მდგომარეობა. ამიტომ, კაცი ცოლს იტანს საჭესთან საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ოღონდ ის არ შეაწუხონ და ა.შ. მაგრამ ქუჩაში, სხვა ქალი მძღოლი აღიზიანებს“.

ეთერ სამველიძე
ეთერ სამველიძე

ფინანსისტი ეთერ სამველიძე ავტომანქანას უკვე ათი წელია მართავს. ის არ ეთანხმება ქალ მძღოლებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს და ამბობს, რომ საჭეს კარგად მართვა: „სქესს ნამდვილად არ აქვს აქ მნიშვნელობა. მთავარია, ორიენტაციის უნარი და  სინქრონული მუშაობა. ბევრი რამ დამოკიდებულია შინაგან კულტურაზეც. როგორც არსებობს საზოგადოებაში ქცევის წესები, ასევეა მოძრაობის წესებიც, ამიტომ ამ კულტურის ფლობა კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული და სქესი არაფერ შუაშია“.

ეთერ სამველიძეს მიაჩნია, რომ სტერეოტიპების ჩამოყალიბებას კაცების ეგოიზმი უწყობს ხელს: „არის შეჯიბრებითობის მომენტიც, ადრე მიჩვეული იყო კაცი, რომ მანქანა მხოლოდ მისი საკუთრება იყო, ახლა აღარ არის დომინანტი. ამიტომ, სიტყვიერად ცდილობენ დააკნინონ ქალის შესაძლებლობები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბევრად უხეშები არიან და გაცილებით მძიმე შეცდომებს უშვებენ საჭესთან. ქალ მძღოლებს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ საჭესთან პომადას ისვამენ. მაგრამ კაცებიც ხომ არღვევენ წესებს, ეწევიან სიგარეტს, საუბრობენ მობილურზე და ა.შ. ასე რომ, უპასუხიმსგებლო მძღოლი, შეიძლება იყოს ქალიც და კაციც, ადამიანის შინაგან კულტურაზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული და არა კონკრეტულ სქესზე“.  

იური ლომთათიძე აჭარის რეგიონალური საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტია. როგორც მასწავლებელი, ამბობს, რომ მძღოლი ქალები გაცილებით პასუხისმგებლიანები არიან, ვიდრე კაცები:

„კაცები, უბრალოდ, უფრო აზარტულები არიან. ჰგონიათ, რომ უფრო მეტი იციან, მაგრამ სინამდვილეში არაფერი იციან. ქალები კი იმას აკეთებენ, რაც იციან. ეს არის განსხვავება“.

მისი აზრით, სწორედ ეს აზარტი აქცევს კაცს უპასუხისმგებლო მძღოლად: „ამიტომ არის ამდენი ავარია და მოძრაობის წესების დარღვევა. მე ვისაც ვასწავლი, იმ ქალებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ქალები ძალიან ფრთხილები და ყურადღებიანები არიან საჭესთან. ქუჩაში რომ დავდივარ, ვაკვირდები ხოლმე ამ დეტალებს. იქ, სადაც ქალები უმნიშვნელო შეცდომას უშვებენ, კაცები სერიოზულ საფრთხეს ქმნიან“.

მწვრთნელი ამბობს, რომ მანქანის მართვის კარგად ცოდნა პრაქტიკაზეა  დამოკიდებული:

„არის შემთხვევები, როცა ადამიანები (ქალი იქნება ეს თუ კაცი) მოდიან და მეუბნებიან, რომ მათ არ აქვთ დრო, ამიტომ ის, რაც 20-30 გაკვეთილში უნდა გაიარონ, უნდათ რომ ხუთ გაკვეთილში ასწავლო. დაიზეპირებენ რაღაც ნიშნებს და მიდიან. ეს არის პრობლემა“.

მძღოლების გენდერული დინამიკა ყოველწლიურად იცვლება. შს სამინისტროს, ბოლო ორი წლის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა 2008-2012 წლების მონაცემებით, ქალი მძღოლების რიცხვი ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაზრდილია. ყველაზე მზარდი დინამიკა 2012 წელს დაფიქსირდა. ამ წელს, ქალების ცხრამეტმა  პროცენტმა აიღო მართვის პირველადი მოწმობა, მაშინ როცა, წინა წლებში ეს მაჩვენებელი ათ-თორმეტ პროცენტს  არ ასცილებია.

პირველადი მართვის მოწმობები 2012 წელს 21-31 წლამდე ქალებმა აიღეს. ამავე წელს, თეორიული გამოცდა ერთ ცდაზე ქალების სამოცდაექვსმა პროცენტმა ჩააბარა, კაცები კი ოთხი პროცენტით ჩამორჩებიან. პრაქტიკულ გამოცდაში კი კაცები ლიდერობენ რამდენიმე პროცენტით. 2012 წელს ორ ქალს აღებული აქვს ტრაქტორის (თ) მართვის კატეგორიაც.

2012 წლისთვის, თბილისში მძღოლების გენდერული ბალანსი ასე გამოიყურება – 44 პროცენტი ქალი, 55 პროცენტი კაცი.

გადაბეჭდვის წესი