არის თუ არა ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტებში აღმოჩენილი ტყვიის შემცველობა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოში წარმოებულ გარკვეულ პროდუქტებში ტყვიის მაღალი შემცველობა გამოვლინდა.  სააგენტოში აცხადებენ, რომ სინჯები, რომლებშიც ტყვიის შემცველობა გამოვლინდა, სხვადასხვა წელს არის აღებული.  ნიშნავს თუ არა ეს, რომ ტყვიის მაღალი შემცველობის პროდუქტს დღესაც ყიდულობს მომხმარებელი? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქაძე საუბრობს.

ბატონო გიორგი, რომელი წლების კვლევის შედეგებში გამოვლინდა ტყვიის მაღალი შემცველობა პროდუქტებში და თუკი 2012 წელს აიღეთ კონკრეტულ პროდუქტზე სინჯი, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამ პროდუქტში დღესაც შეიძლება არსებობს ტყვიის მაღალი შემცველობა?

ეს არის 2012-2016 წლის ჩათვლით ჩატარებული კვლევები. აღებულია 2 600-ზე მეტი ნიმუში, მათ შორის გამოკვლეულია სასმელი წყალიც ტყვიის შემცველობაზე. ყოველ წელს ვიღებთ სხვადასხვა ნიმუშს, დარღვევები არის როგორც ხორცში, ასევე სხვა პროდუქტებში, თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობით ტყვია აღმოჩნდა საქონლის ხორცში, რამდენიმე შემთხვევა გვაქვს კვერცხში, წყალში, რძეში და ა.შ.

ეს არის ის პროდუქტები, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად მოიხმარენ. ნიშნავს ეს იმას, რომ ადამიანების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა?

ის დარღვევები, რომლებიც გამოვლინდა, რა თქმა უნდა, დადგენილ ნორმას აღემატება, თუმცა არ არის იმ დონის დარღვევები, რამაც შესაძლებელია მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პირდაპირი ეფექტი მოახდინოს, რადგან  აღებული ნიმუშების 2,38 პროცენტში აღმოჩნდა მხოლოდ დარღვევა. აქ საუბარი არ არის მასიურ დარღვევებზე, არამედ სურსათის გარკვეულ კატეგორიაზე. წყლის შემთხვევაში, ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ ორი შემთხვევა გამოვლინდა.

მომხმარებელი, რომელიც დღეს მარკეტში წყალს ყიდულობს, ის შეიცავს ტყვიას?

2015 წელს მხოლოდ ერთ-ერთ საწარმოში იყო პრობლემა, რომელმაც გადაიარაღა საწარმო, იქ ახლა პრობლემა აღარ არის. რაც შეეხება სხვა ჩამოსხმულ წყალს, ტყვიის შემცველობა იქ ნორმის ფარგლებშია ყველგან.

დღეს სარეალიზაციოდ გამოტანილი ხორცი შეიცავს ტყვიას? დარღვევების აღმოჩენის შემდეგ სად წავიდა ის ხორცი, განადგურდა, თუ უკვე რეალიზებული იყო?

შანსი ყოველთვის შეიძლება არსებობდეს, ამიტომ ჩვენი კვლევები დღესაც გრძელდება და შედეგებს პერიოდულად ვაწვდით მოსახლეობას. ჩვენ ოპერატიულად ვმოქმედებთ, ვიღებთ პროდუქტს სარეალიზაციო ქსელიდან და ვანადგურებთ, ვლუქავთ. მეტი დარღვევა იყო დასავლეთ საქართველოში, ვიდრე აღმოსავლეთში. რაც შეეხება დარღვევების გამეორებას, იცვლება სასაკლაოები, იცვლებიან ბიზნესოპერატორები, 2012 წელს დაკლული საქონელი, ბუნებრივია, დღეს აღარ არსებობს და 2017 წელს დაკლულ საქონელში სხვა მონაცემი იქნება.

ადამიანის ორგანიზმს ტყვიის შემცველობით ზიანი რომ მიადგეს, უნდა იყოს ეს შემცველობა რამდენიმე ასეული. აქ არის ნორმატივთან შედარებით დარღვევები, რომელიც შესწავლის საკითხია და მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის კატასტროფული, ისეთი დარღვევები, რაც პირდაპირ ზიანს მიაყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღებით წავიკითხოთ ნორმატივი რამდენია და გადაჭარბება – რამდენი. ეს რისკის შეფასების ნაწილია.

გარდა ამისა, კომპლექსურად არის  შესასწავლი გარემო, რადგან ტყვია არ ხვდება გარემოსგან დამოუკიდებლად. შესასწავლია ნიადაგი, ატმოსფერული ჰაერი, რადგან საქონელი სვამს წყალს, ძოვს ბალახს და აქედან ხვდება მის ორგანიზმში ტყვია. წყლი კი ბინძურდება არა მარტო ჰაერიდან, არამედ სამრეწველო დაბინძურების შედეგადაც.

საკითხი მხოლოდ სურსათის ნაწილში არ დგას, სხვადასხვა უწყებამ ერთობლივი ღონისძიებები უნდა გაატაროს. ძალიან მნიშვნელოვანია, გამოკვლეული იყოს ადამიანების სისხლში ტყვიის შემცველობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რომ დავადგინოთ – სურსათში ტყვიის შემცველობის ზრდა რამდენად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე.

არსებობს რისკი, რომ ტყვიით დაბინძურებული საკვები შეიძინო მაღაზიებში?

ამის ალბათობა ყოველთვის არსებობს, რადგან კომპლექსური მუშაობაა საჭირო. მთავარი მაკონტროლებელი, რა თქმა უნდა, სურსათის ეროვნული სააგენტოა, მაგრამ აუცილებელი გარემოს ობიექტების შესწავლა, რათა გამოირიცხოს გარემოს დაბინძურების შემთხვევები ტყვიით და გამოიკვეთოს ის ადგილები, სადაც შესაძლებელია ტყვიის მომატებული შემცველობა იყოს როგორც ნიადაგში, ასევე წყალსატევებში.

გამონაბოლქვის წილი რამდენია პროდუქტების ტყვიით დაბინძურების შემთხვევაში?

გამონაბოლქვი მძიმე მეტალების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, ამიტომ ამ მიმართულებითაც უნდა მოხდეს კვლევა.

2017 წელს თუ აიღეთ სინჯები, რომელ პროდუქტებზე და როდის იქნება შედეგები ცნობილი?

ყველანაირ სურსათს ვიკვლევთ, – მცენარეულს, ცხოველურს, ზღვის პროდუქტებს. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჩვენს ვებგვერდზე და მოსახლეობას შეუძლია ინფორმაცია მიიღოს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com