მთავარი,სიახლეები

მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი შესაძლოა საავადმყოფოში გაგრძელდეს

27.07.2017 • 1894
მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი შესაძლოა საავადმყოფოში გაგრძელდეს

11 მოწმეს მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ დღეს, 27 ივლისს, უნდა მიეცა ჩვენება, თუმცა მერაბ ღოღობერიძე სასამართლო დარბაზში გამოცხადების ნაცვლად სასამართლოში გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ექიმებთან დარჩა.

„იგი მოითხოვს კლინიკა „მედინაში“ გადაყვანას, მაგრამ ეს არ არის სასამართლოს კომპეტენცია… ამ მდგომარეობაში მისი ყოფნა სასამართლო დარბაზში რეკომენდებული არ არის, უმჯობესია, ექიმებმა მიხედონ,“ – აღნიშნა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

პროკურორმა რამაზ შავაძემ პროცესის გადადება გააპროტესტა. თქვა, რომ ბრალდებული მიზანმიმართულად ცდილობს პროცესის გაჭიანურებას. „გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ასეა,“ – დასძინა პროკურორმა.

„ეჭვი ეს არის ადამიანის უფლება. ფაქტია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არ არის,“ – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა პაატა შავაძემ.

„მან ფაქტის წიმაშე დააყენა სასამართლო. ცუდი რომ იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ამის შესახებ ეცნობებინა,“ – დაამატა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ.

დიალოგში ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია ჩაერთო დარბაზის გისოსებიანი ადგილიდან: „მერაბს პროცესზე დასწრება უნდოდა, მაგრამ ექიმებმა უთხრეს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, ზოგადად, მათ კლინიკაში გადაჰყავთ“.

მოსამართლე: „მე არ მაქვს ეჭვი, რომ მერაბ ღოღობერიძეს პროცესის გაჭიანურების სურვილი აქვს. მისი მდგომარეობა სახარბიელო რომ იყოს, სასწრაფო დახმარების ექიმები მას მაშინვე დატოვებდნენ“.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პროკურორებს მიმართა, რომ პროცესი არ გაჭიანურდება, რადგან თუკი მერაბ ღოღობერიძეს ოპერაციას გაუკეთებენ, მაშინ სასამართლო პროცესი საავადმყოფოში გაიმართება.

„ცუდია ეს იმ კუთხით, რომ შესაძლოა იქ ყველა დაინტერესებული პირისთვის საკმარისი ადგილი არ იყოს,“ – თქვა მოსამართლემ.

პროცესის დასრულებიდან დაახლოებით 10 წუთში სასამართლოს დახურული ნაწილი დატოვა სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა. „მას ტკივილები ჰქონდა ძლიერი,“ – უთხრა ექიმმა ადვოკატ პაატა შავაძეს.

რის გამო აწუხებდა ტკივილი მერაბ ღოღობერიძეს, ან საჭირო იყო თუ არა მისი საავადმყოფოში გადაყვანა? – „ბათუმელების“ ამ კითხვას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა არ უპასუხეს.

მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას „ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: