სიახლეები

გაუდაბნოების პროცესი აჭარაში

08.11.2014 • 2319
გაუდაბნოების პროცესი აჭარაში

 

მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

„ხულოში: ბეშუმის მიმდებარედ, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ, მწვანე ტბის მიდამოებში; შუახევში: ღომას მთაზე, ჩირუხის მთაზე; ქობულეთში: გომის მთაზე –  ეს ის ადგილებია, სადაც ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩვენი დაკვირვებით 400-500 მეტრით ჩამოიწია ტყის ზედა საზღვარმა, ანუ მდელოებად იქცა,“ –  ამბობს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე.

 

 

აჭარის სუბალპური და ალპური ზონის ფართობი 37 759 ჰა-ს მოიცავს, ტერიტორიის უმეტესი ნაწილი საზაფხულო საძოვრებია. აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგიის მიხედვით რეგიონში მცხოვრები 14 000-მდე მომთაბარე კომლი ყოველ ზაფხულს დაახლოებით 55 000-მდე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვს აძოვებს საძოვრებზე. საძოვრებზე დადგენილ ნორმებზე გადაჭარბებული რაოდენობით ნახირისა და ფარის უწესრიგო ძოვების შედეგად კი შეიცვალა ბიოეკოლოგიური გარემო. ეროზიული, ღვარცოფული და მეწყრული მოვლენების გვერდით, ბუნებას ზიანს ადამიანებიც აყენებენ.

 

 

„ბოლო 50 წლის მანძილზე სუბალპურ და ალპურ ზონაში, კერძოდ ბეშუმში, პირწმინდად გაიჩეხა უნიკალური ბუნებრივი მწვანე საფარი: ნაძვის, სოჭის, ფიჭვისა და წიფლის კორომები. შემორჩენილია ტყის მცირე ოაზისები, რომლებიც ამჟამად გამეჩხერებულ-დეგრადირებულია და დაკარგული აქვთ ბუნებრივი თვითაღდგენის უნარი. გაჩეხილი ხე-ტყის ნარჩენები (ჯირკები) გვხდება ზღვის დონიდან 2 200 მეტრამდე. გაჩეხვისა და პირუტყვის უსისტემო ძოვების შედეგად სუბალპური ზონა 200-250 მეტრით დაწეულია. საძოვრებზე პირუტყვის უწესრიგო ძოვებით გაჩენილია მრავალი ბილიკი. ნიადაგი ირღვევა და ზიანება,“ – ნათქვამია 2013 წელს გამოქვეყნებულ აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგიაში.

 

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში აცხადებენ, რომ აჭარის მაღალმთიანეთში გაუდაბნოების პროცესს ებრძვიან.

 

„გაუდაბნოების წინააღმდეგ ჩვენ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ვატარებთ. გასულ წელს 33 ჰექტარი ტყე შემოვღობეთ. ამით ბუნებრივ განახლებას ვუწყობთ ხელს. ეს არის ყველაზე ეფექტური და იაფი მეთოდი, რომ პირუტყვმა ვერ შეძლოს ტყეში შესვლა და ანთროპოგენური ზემოქმედება მოისპოს. საშუალოვადიანი გეგმით მომავალ 4 წელიწადში 100-100 ჰექტარის შემოღობვა გვაქვს დაგეგმილი. ხუთიდან ათ წლამდეა საჭირო, რომ დაცული იყოს ტყე პირუტყვისაგან და ხეებმა ზრდა მოასწრონ,“-  ამბობს ჯუმბერ აბულაძე.

 

 

მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

მისივე თქმით, თვითაღდგენის უნარი ჯერჯერობით ტყეებს შერჩენილი აქვთ. 3000 ჰექტარია აღრიცხული აჭარაში, რომლის შემოღობვაც დაგეგმილია.  იმისათვის, რომ შემოღობილი ფართობები გაიზარდოს, ადგილობრივ მთავრობაში დონორებისგან დაფინანსებას ელიან.  

გადაბეჭდვის წესი