21 მილიონი კანონების „ტექნიკური ცვლილებებისთვის“ – უმაღლესი საბჭოს ოთხწლიანი მუშაობის შედეგი

„ცვლილებების ძირითადი ნაწილი იყო რედაქციული, ტექნიკური ხასიათის… არსებითად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება უმაღლეს საბჭოს არ მიუღია“, – ასე შეაფასა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო საქმიანობა. ოთხწლიანი მუშაობის კვლევის შედეგები ორგანიზაციამ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს, 26 ივლისს წარმოადგინა. აქვე შედგა დისკუსიაც.

კვლევის მიხედვით, 2012-2016 წლების უმაღლესმა საბჭომ 34 კანონში შეიტანა ცვლილება, ხოლო რეგლამენტი 21-ჯერ შეცვალა. საბჭოს ავთანდილ ბერიძის თავმჯდომარეობით მიუღია 112 დადგენილება  და ორი რეზოლუცია-მიმართვაც.

„ეს ხელოვნურად გაბერილი ციფრია, შთამბეჭდავი სტატისტიკის შესაქმნელად. კარგი იქნებოდა, კვლევაში ასახულიყო ისიც, თუ შინაარსობრივად რა შეიცვალა,“ – ისროლა რეპლიკა დარბაზიდან პეტრე ზამბახიძემ. ის წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა, ამჟამად კი, „ევროპული საქართველოს“ წევრია. მან გაიხსენა დაპირებაც, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილება უნდა გაზრდილიყო, მაგრამ „მყარი უმრავლესობის ფონზე დაპირება მაინც არ შესრულდა“.

„მყარი უმრავლესობა აღარ იყო, პეტრე, მალე დაიშალა,“ – შეახსენა დეპუტატს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წამყვანმა მკვლევარმა, ნათია ზოიძემ.

პეტრე ზამბახიძემ დააკონკრეტა, რომ იგი 2014 წლის ბოლომდე პერიოდს გულისხმობდა.

ოთხწლიანი მუშაობის პერიოდში, უმაღლეს საბჭოს ჯამში 19 ინიციატივით მიუმართავს პარლამენტისთვის, თუმცა სამი უკან გამოუთხოვია. წარდგენილი ინიციატივებიდან პარლამენტმა მხოლოდ 6 მიიღო. პრობლემა ყოფილა განმარტებითი ბარათები, რომლებსაც წინა მოწვევის უმაღლესი საბჭო ხშირად არასწორად ავსებდა.

„კანონშემოქმედებით საქმიანობის ანალიზის საფუძველზე უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტებთან ერთად მომზადებული განმარტებითი ბარათები, არასრულყოფილი სახით და არასათანადოდ შევსებული იყო წარმოდგენილი“, – აღნიშნულია კვლევაში. 
უმაღლესი საბჭოს 21 წევრიდან საკანონმდებლო ინციატივის უფლებით ისარგებლა 7-მა. საბჭოს 14 წევრს მესამე მოწვევის უმაღლეს საბჭოში არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ წარუდგენია.

„პრობლემა იყო მთავრობის კონტროლის კუთხითაც. მოგეხსენებათ, ესეც უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა. სამთავრობო საათი ოთხი წლის განმავლობაში არ გამართულა,“ – აღნიშნა თამარ ტატანაშვილმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მთავარმა იურისტმა. მან ყურადღება გაამახვილა დეპუტატების დასწრებაზეც. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ პლემნარული სხდომა არც ერთხელ არ გაუცდენია ავთანდილ ბერიძეს, ხოლო ყველაზე მეტად სხდომებს სულხან ღლონტი აცდენდა. იგი 64 სხდომიდან 28-ს არ დასწრებია.

„როგორც პარლამენტის, ასევე უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში, მნიშვნელოვანი პრობლემაა დასწრება. ამ კუთხით კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, რადგან კანონი ითვალისწინებს „ოჯახური პირობების გამო“ სხდომის გაცდენას და ეს საპატიო მიზეზად ითვლება. ეს ისეთი მიზეზია, რომელსაც ვერასდროს დაადგენ, რის გამო აცდენს დეპუტატი სხდომას,“ – დასძინა თამარ ტატანაშვილმა.

ანგარიშში მოხვდა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ბიზნეს ინტერესებიც, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით უფლებამოსილების შეჩერების საკითხის დასმის საფუძველი უნდა გამხდარიყო. კვლევის შედეგების მიხედვით, ჯემალ ფუტკარაძე სხვადასხვა კომპანიაში წილებს ფლობდა, დავით ბაციკაძემ სამშენმებლო კომპანია დააფუძნა და თვითონ ამ კომპანიაში 25%-იან წილს ფლობს, ხოლო აკაკი ძნელაძე „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ მენეჯერის პოზიციას ითავსებდა.

კვლევის ორგანიზატორებს დარბაზიდან მიმართა უმაღლესი საბჭოს აპარატის წევრმა, გიორგი ბერიძემ. მან ანგარიშის პრეზენტაციის იმ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, სადაც ანგარიშვალდებულების კუთხით გამოითქვა შენიშვნა და გაჟღერდა, რომ უმაღლესმა საბჭომ ზოგიერთ შემთხვევაში სრულყოფილი საჯარო ინფორმაციის მიწოდება ვერ შეძლო. „ჩვენ ამ სტატისტიკას არ ვაწარმოებთ. შეგიძლიათ მობრძანდეთ და დაესწროთ სხდომებს, ან აუდიო ჩანაწერებს მოგაწვდიდით“, – დაამატა აპარატის თანამშრომელმა.

„შესაძლოა, რაღაც სტატისტიკას არ აწარმოებთ, მაგრამ როცა არსებობს მოთხოვნა, ინფორმაცია უნდა დამუშავდეს და გაიცეს. ეს არის ანგარიშვალდებულება,“ – მიმართა უმაღლესი საბჭოს თანამშრომელს კვლევის ხელმძღვანელმა, თამარ ტატანაშვილმა.

ანგარიშში მივლინებების საკითხის უფრო ვრცლად ასახვა ისურვა ასმათ დიასამიძემ. ის წინა და ახლანდელ უმაღლეს საბჭოში „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა. „ხშირად წელიწადში რამდენჯერმე დადიოდა ზოგიერთი დეპუტატი ევროპაში. მერე კითხვა რომ დაუსვეს, ერთ-ერთმა დეპუტატმა უპასუხა ჟურნალისტს, ნადირობის საკითხს ვსწავლობო“, – აღნიშნა ასმათ დიასამიძემ.

„დეპუტატების მივლინებებზე ანგარიშში სპეციალური თავია დათმობილი. ნადრობას რაც შეეხება, ინიციატივა ამ საკითხზე ვერ ვიპოვეთ მივლინებების მიუხედავად…“ – თქვა ნათია ზოიძემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წამყვანმა მკვლევარმა.

„რაც არ ყოფილა, რას ნახავდით“, – ჩაილაპარაკა ასმათ დიასამიძემ.

კვლევის ხელმძღვანელმა თამარ ტატანაშვილმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ მივლინება მნიშვნელოვანია, მაგრამ მივლინებიდან დაბრუნებული დეპუტატი ანგარიშს უნდა აბარებდეს საზოგადოებას, რა შედეგით დასრულდა ვიზიტი. „ანგარიში უნდა იწერებოდეს და იდებოდეს საიტზე, რომ იგი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იყოს ხელმისაწვდომი“, – დაამატა თამარ ტატანაშვილმა.

2012-2016 წლებში ქვეყნის შიგნით და გარეთ მივლინების მიზნით, საერთო ჯამში, დაიხარჯა 430 848 ლარი. 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 2016 წლის პირველი ივლისის ჩათვლით, აჭარის უმაღლესმა საბჭომ საწვავისთვის და ავტოსატრასპორტო საშუალებებისთვის დახარჯა 567 113 ლარი, ხოლო მობილურის და ინტერნეტისათვის – 127 191 ლარი

2016 წლის მონაცემებით, 21-წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოს აპარატში დასაქმებული 104 შტატიანი თანამშრომელი ემსახურება. 2015 წლისთვის კი, უშტატო თანამშრომლების რიცხვი 122-მდე გაიზარდა.

2012 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უმაღლესი საბჭოს არსებობისთვის სულ 21 759 746 ლარი დაიხარჯა.

2012 წელთან შედარებით კი, 2016 წელს უმაღლესი საბჭოს დაფინანსება დაახლოებით 800 ათასი ლარით გაიზარდა.

„წინა მოწვევის უმაღლესი საბჭო მაინც უფრო სანახაობრივი იყო და თავი დაგვამახსოვრა უცნაური ამბებით, ქოლგით…“ – აღნიშნა დისკუსიაზე არჩილ ხახუტაიშვილმა, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა.

ანგარიშის წარმოდგენას უმაღლესი საბჭოს უმრავლესობიდან ილია ვერძაძე, ნინო ჩხეტია და დავით ბაციკაძე ესწრებოდნენ, თუმცა ისინი დისკუსიაში არ ჩართულან. შეხვედრას არ დასწრებია ავთანდილ ბერიძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 2012-2016 წლებში. ის ამჟამად აჭარის მთავრობაში ხელმძღვანელობს უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს.

ამავე თემაზე:

რა უჯდება ავთანდილ ბერიძის შენახვა მთავრობას

სად აპირებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები დასაქმებას

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი