ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხილის საწარმო „ნენა“ ქედაში თაფლის ჩამოსხმას გეგმავს

25.07.2017 • 3260
ხილის საწარმო „ნენა“ ქედაში თაფლის ჩამოსხმას გეგმავს

„კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქედის  ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“ ნატურალური, ქართული თაფლის ჩამოსხმას გეგმავს. კომპანიის მფლობელი ქედაში ჩამოსხმული თაფლის ევროპის ბაზარზე გატანას აანონსებს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ალექსანდრე დადიანის თქმით, ქედის ხილის გადამამუშავებელ საწარმოში მხოლოდ ევროპის ლაბორატორიებში შემოწმებული თაფლი ჩამოისხმება.

„თაფლის ჩამოსხმამდე სინჯებს შესამოწმებლად ევროპის ლაბორატორიაში გავაგზავნით, მხოლოდ ნატურალურ თაფლს ჩავიბარებთ და ქედაში ისეთ თაფლს ჩამოვასხამთ, რომელიც ევროსტანდარტს დააკმაყოფილებს,“ – ამბობს ალექსანდრე დადიანი.

ალექსანდრე დადიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის საწარმოში თაფლის ჩამოსასხმელ დანადგარებს ამონტაჟებენ: „დანადგარები ჩავიტანეთ ქედაში. არსებული ფართობი სრულიად საკმარისია თაფლის ჩამოსასხმელი დანადგარების განსათავსებლად. რაც შეეხება წარმადობას, 24 საათის განმავლობაში, არსებულმა დანადგარებმა ერთი ტონა თაფლის ჩამოსხმა უნდა უზრუნველყოს. პირველ ეტაპზე თაფლს, სახელწოდებით „თაფლი“ – 100-გრამიან ქილებში ჩამოვასხამთ. შემდეგ ქილებთან ერთად, ერთჯერად შეფუთვებშიც გამოვუშვებთ. რაც შეეხება რეალიზაციას, ორიენტაცია არა მარტო ქართულ, არამედ ევროპულ ბაზარზეც გვაქვს აღებული, ქედაში ჩამოსხმულ თაფლს ევროპის ბაზარზეც გავიტანთ“.

ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“ შპს „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ ქედაში 2014 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მოაწყო და პირველი პროდუქცია ჯემების, მურაბებისა და საწებლის სახით 2015 წელს გამოუშვა. საწარმომ ერთი პერიოდი მუშაობა შეჩერა, თუმცა ამჟამად ხილის გადამუშავებას განაგრძობს და ქედაში წარმოებული სამი სახის პროდუქცია [საწებელი, მურაბა, ჯემი] მწარმოებელს ექსპორტზეც გააქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: