ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ზედაპირული წყლებისა და ჰაერის დაბინძურების ფაქტები აჭარაში

25.07.2017 • 1935
ზედაპირული წყლებისა და ჰაერის დაბინძურების ფაქტები აჭარაში

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ ზედაპირული წყლებისა და ჰაერის დაბინძურების ფაქტები გამოავლინა.

ამ სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსის, ნუგზარ პაპუნიძის ინფორმაციით, ზედაპირული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა სოფელ აჭყვაში. დაბინძურების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. როგორც ნუგზარ პაპუნიძე ამბობს,  ამის შესახებ ინფორმაციას წლის ბოლოს გარემოს ზედამხედველობის სამსახურისგან მიიღებენ.

ანალოგიური ვითარება დაფიქსირდა მდინარეების – ბარცხანისა და ჭოროხის შენაკადებზეც.

სამი ფაქტია გამოვლენილი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების.  ერთ-ერთი შემთხვევა იყო გონიოში, სადაც დასახლებულ ადგილზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აზოტის დიოქსიდი 0,5-ჯერ აღემატება დადგენილ ნორმას.

აზოტის დიოქსიდის გადამეტების ფაქტი გამოვლინდა ფრიდონ ხალვაშის გამზირზეც, სადაც აზოტის დიოქსიდი დადგენილ ნორმას 0,5-ით აღემატება.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მესამე ფაქტი ბარცხანის ტერიტორიაზეც დაფიქსირდა, სადაც ამიაკი დადგენილ ნორმას 1,5 აღემატება, აზოტის დიოქსიდი კი 0,7-ით.

როგორც გარემოს დაცვის სამმართველოში აცხადებენ, კვლევის შედეგები გადაგზავნილია გარემოს ზედამხედველობის სამსახურში შემდგომი რეაგირებისთვის.

ნუგზარ პაპუნიძის თქმის, წელს ჰაერის და ზედაპირული წყლების დაბინძურების ახალი ფაქტებია გამოვლენილი. „გასულ წელს უფრო სხვა მაჩვენებლები იყო“, – გვეუბნება ის.

კვლევები „აჭარის სანაპირო ზოლის ჩამდინარე წყლებისა და ატმოსფერული ჰაერის აქტიურ დამაბინძურებელ კერებში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგის“ ფარგლებში ჩატარდა.

ოფიციალური ინფორმაციით, წლის განმავლობაში დაგეგმილია წყლის 210 სინჯის აღება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: