მთავარი,სიახლეები

რატომ და ვისთვის გაძვირდა გაზის გადასახადი

25.07.2017 • 5820
რატომ და ვისთვის გაძვირდა გაზის გადასახადი

სემეკის გადაწყვეტილებით მოსახლეობისთვის გაზის გადასახადი მიმდინარე წლის 20 ივლისიდან გაიზარდა. რატომ და რამდენით გაიზარდა ტარიფი მომხმარებლებისთვის და გაეზრდებათ თუ არა გაზის გადასახადი იურიდიულ პირებს?

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკი] აცხადებენ, რომ, მაგალითად, აჭარის ტერიტორიაზე ნებისმიერი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი [მოსახლეობა] 20 ივლისიდან ერთნაირად გადაიხდის მოქმედი ტარიფით. ეს ტარიფი კი, ერთ კუბ/მეტრ მოხმარებულ აირზე 55 თეთრიდან 57 თეთრამდე გაიზარდა.

აჭარაში, ძირითადად, „სოკარ ჯორჯია გაზი“ ოპერირებს. ამ კომპანიას არ აქვს უფლება საყოფაცხოვრებო მომხმარებელს მოხმარებულ 1 კუბ/მ ბუნებრივ აირში 56,940 თეთრზე [57 თეთრზე] მეტი გადაახდევინოს.

მოსახლეობა  გაზრდილი ტარიფით გადაიხდის გადასახადს 20 ივლისიდან მოხმარებულ გაზზე.

ქვითარიმაგალითად, მოქალაქემ ბათუმში 16 მაისიდან 16 ივნისამდე მოიხმარა 20 კუბ/მ გაზი. მას მიუვიდა ქვითარი, რომლითაც უნდა გადაიხადოს 10 ლარი და 94 თეთრი [ანუ 54,7 თეთრი 1კუბ/მ-ზე]. ამ მოქალაქეს 20 ივლისიდან გადასახადი გაუძვირდა 2,24 თეთრით, თუმცა მომდევნო ქვითარი მიუვა ძველი ტარიფით [16 ივნისი-16 ივლისის პერიოდის]; რაც შეეხება გაზრდილ ტარიფს, გაზრდილი გადასახადი მიუვა უკვე აგვისტოს ბოლოს [16 ივლისი – 16 აგვისტოს პერიოდი]; თუმცა, ამ ქვითარში კომპანიამ 16-20 ივლისს მოხმარებული გაზის გადასახადი ძველი ტარიფით უნდა იანგარიშოს, ხოლო 21 ივლისიდან 16 აგვისტომდე პერიოდის – ახალი, გაზრდილი ტარიფით. თუ როგორ დაიანგარიშებს ამ ოთხი დღის გადასახადს, ეს უკვე „სოკარზეა“ დამოკიდებული. კომპანიას ან აღრიცხული ექნება ამ ოთხი დღის ჩვენება, ან გამოთვლის საშუალო დღიურ მოხმარებას და იმის მიხედვით დაარიცხავს გადასახადს [სხვადასხვა აბონენტისთვის ეს დღეები შესაძლოა სხვადასხვა იყოს იმის მიხედვით, თუ რომელ რიცხვში იღებს ჩვენებას კომპანია].

ზოგი აბონენტის ინფორმაციით, ბათუმში მათ ივნისის თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის ქვითარი ამ დრომდე არ მისვლიათ. ეს ადამიანები ეჭვობენ, რომ ქვითრის დაგვიანება ბუნებრივ აირზე გადასახადის გაზრდას უკავშირდება და შესაძლებელია მათ ივნისის თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურიც გაზრდილი ტარიფით გადაახდევინონ.

„ორი თვის გადასახადი არავის არ მიუვა, მაქსიმალური, რაც შეიძლება მიუვიდეს, არის ერთი თვე და ათი დღის მოხმარებული აირის გადასახადი. გაზრდილი ტარიფით აბონენტები ჯერ არ გადაიხდიან,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ „სოკარის“ პრესსამსახურში.

„თუ მომხმარებელი ჩათვლის, რომ მას არასწორად დაარიცხა კომპანიამ გადასახადი, შეუძლია მოგვმართოს და ჩვენ მის განცხადებას განვიხილავთ“, – აცხადებენ სემეკში.

სემეკის მიერ დადგენილი ახალი სამომხმარებლო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით [1კუბ/მ მოხმარებულ აირზე]:

[checklist]

  • შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ – 46,153 თეთრი;
  • სს „საქორგგაზი“ – 57,011 თეთრი;
  • შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ – 56,940 თეთრი.

[/checklist]

ეს ტარიფები 2018 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

სემეკი ტარიფებს [მაქსიმალურ ზღვარს] მხოლოდ საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ადგენს. რაც შეეხება კომერციულ სექტორს, აქ ტარიფებს მიმწოდებელი კომპანია ადგენს და ის შესაძლოა ინდივიდუალურიც კი იყოს თითოეულ იურიდიულ პირთან მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

გაზრდის თუ არა „სოკარ ჯორჯია გაზი“ გადასახადს არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის, ანუ იურიდიული პირებისთვის?  – „ბათუმელებს“ კომპანიაში განუცხადეს, რომ კომერციულ სექტორში რაიმე ცვლილება ტარიფებთან დაკავშირებით ამ დროისთვის არ მომხდარა და არც განიხილება. „თუ მოსალოდნელი იქნება რაიმე ცვლილება ამ კუთხით, გაცნობებთ“, – გვითხრეს „სოკარ ჯორჯია გაზის“ პრესსამსახურში.

გოჩა შონია. ფოტო: სემეკი

გოჩა შონია. ფოტო: სემეკი

„ტარიფები არ გადათვლილა დაახლოებით 10 წელია. შესაბამისად, ამ პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა  ბაზარზე… ახალი მოთამაშეები გაჩნდნენ, მათ შორის „სოკარი“ შემოვიდა 2008 წელს, რომელმაც დიდი მოცულობის ინვესტიცია ჩადო. ასევე „ყაზტრანსგაზში“ შევიდა სპეცმმართველი 2009 წლიდან და იქაც გარკვეულწილად შეიცვალა ფინანსური მდგომარეობა. ყოველივე ამან დღის წესრიგში დააყენა, ახალი მიდგომების დანერგვა. რაც მთავარია, ახალი მეთოდოლოგია შევიმუშავეთ გაზის სექტორში და მივიღეთ გადაწყვეტილება გადაგვეთვალა მთელი სისტემისთვის ეს ტარიფები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ სემეკის წევრი გოჩა შონია.

სემეკის წევრის განცხადებით, ძველი მეთოდოლოგია 1999 წელს იყო მიღებული და ის დაფუძნებული იყო იმ დროს მოქმედ კანონმდებლობაზე. ბოლო 17 წლის განმავლობაში კი შევიდა არაერთი ცვლილება კანონებში, შეიცვალა თამაშის წესებიც და დღის წესრიგში ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება დადგა.

„ეს მეთოდოლოგია არის ევროპულ პრაქტიკაზე დაფუძნებული. ელექტროენერგეტიკაში მივიღეთ ახალი მეთოდოლოგია, კარგად იმუშავა და, ვფიქრობთ, გაზის სექტორშიც კარგად იმუშავებს“, – აცხადებს გოჩა შონია.

საქართველოს ბაზარზე რამდენიმე გაზგამანაწილებელი კომპანია ოპერირებს და მათთვის სემეკს განსხვავებული ტარიფები აქვს დადგენილი. მარეგულირებელში აცხადებენ, რომ ამჯერად ოთხი სატარიფო განაცხადი დაითვალეს [ერთი ტრანსპორტირების და სამი გამანაწილებელი კომპანიის].

„ყველა ამ კომპანიას აქვს სხვადასხვა ფინანსურ-ტექნიკური მაჩვენებელი. ზოგს მეტი ხარჯი აქვს გაწეული, მეტი ინვესტიცია აქვს ჩადებული, ზოგს ნაკლები, შესაბამისად, ტარიფებიც არის განსახვავებული“, – ამბობს გოჩა შონია და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, დოლარის კურსი რეალურად მოქმედებს სამომხმარებლო ტარიფზე, ამჯერად ტარიფის ცვლილება ნაკლებად იყო დაკავშირებული ვალუტის კურსზე.

ზოგადად, სამომხმარებლო ტარიფი სამი კომპონენტისგან შედგება:

[checklist]

  • პირველი – მიწოდების ტარიფი, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია გაზის ფასზე და გაზის ღირებულებაზე. აქ შედის ვალუტის კურსი;
  • მეორე – ტრანსპორტირების ტარიფი, რომელიც არის გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტარიფი, რომელიც ფლობს მაღალი წნევის მაგისტრალურ გაზსადენებს, რომლითაც იმპორტირებული გაზი მიდის გამანაწილებელ კომპანიებამდე;
  • მესამე – გამანაწილებელი კომპანიების [„ყაზრტრანსგაზის“, „სოკარ ჯორჯია გაზის“ და „საქორგაზის“] ტარიფი, რომლებსაც ტრანსპორტირების კომპანიისგან მიღებული გაზი უკვე მიაქვთ მომხმარებლამდე.

[/checklist]

გოჩა შონიას განმარტებით, „ტრანსპორტირებისა და განაწილების კომპანიის ტარიფი, ეს არის ქსელური კომპონენტი, ხოლო მიწოდების ტარიფი, არის ბუნებრივი გაზის ფასი. შესაბამისად, მიწოდების ტარიფში ძალიან მოქმედებს ვალუტის კურსი, ქსელის კომპონენტში კი დიდი მნიშვნელობა აქვს ინვესტიციებს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: