ხულოში 59 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადასცეს

ხულოში, სოფელ ვაშლოვანში არსებულ „სოციალურ სახლში“, გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ 59 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადასცეს.

საცხოვრებელი სახლის მოთხოვნით ხულოს გამგეობაში სულ 88 განაცხადი იყო შესული. ეკომიგრანტი ოჯახები ხულოს გამგეობაში მოქმედმა სპეციალურმა კომისიამ გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე შეარჩია. ვაშლოვანის სოციალურ სახლში ამ დროისთვის თავისუფალი 13 ბინა რჩება.

72-ბინიანი „სოციალური სახლის“ მშენებლობა აჭარის ფინასთა და ეკონომიკის სამინისტრომ სოფელ ვაშლოვანში, 2014 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდა.

სოციალური სახლის ასაშენებლად ხელშეკრულება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „ხიდთან“ 3 მილიონ 253 ათას 993 ლარზე გააფორმა, თუმცა სამინისტროს, სოციალური სახლის დასასრულებლად ტენდერის გამოცხადება მეორედ, 1 174 530 ლარზე 2016 წლის აპრილში მოუწია, რადგანაც კომპანია „ხიდს“ სამინისტრომ 2015 წლის 27 ნოემბერს ტენდერით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულება შეუწყვიტა და მხოლოდ 2 მილიონ 425 ათასი ლარი ჩაურიცხა.

ვაშლოვანში ეკომიგრანტებისთვის ბინების გადაცემას სხვა პირებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ესწრებოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი