ტურისტები ომანიდან: ღამის კლუბში ფული გამოგვძალეს

ტურისტები ომანიდან ღამის კლუბში ფულის გამოძალვაზე საუბრობენ. მათი თქმით, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ერთ-ერთ ღამის კლუბში დაცვის თანამშრომლები ცემით დაემუქრნენ, თუკი იმ თანხას არ გადაიხდიდნენ, რაც ქვითარში ჩაუწერეს.

„ღამით ქუჩაში გავიარე, ტაქსის მძღოლმა გვირჩია გასართობად ღამის კლუბში წასვლა, – გვიყვება ეჰმედ ნ. იგი ორ მეგობართან ერთად ბათუმში პირველად ჩამოვიდა და ერთ-ერთ ჰოსტელში გაჩერდა, – დაახლოებით ღამის სამ საათზე მივედით კლუბში, ხილის ასორტი და „ბორჯომი“ შევუკვეთეთ, ალკოჰოლს ჩვენ არ ვსვამთ. ნახევრად გახდილი გოგონები ბოძებზე ცეკვავდნენ, მერე ორი გოგო მოვიდა. ერთი გოგო ჩემს მეგობარს მუხლებზე დაუჯდა, მეორე გვერდით იყო. არაყი შეუკვეთეს. თვითონ სვამდნენ, ჩვენ – არა. ცეკვას ვუყურებდით…“

ომანელი ტურისტების თქმით, კლუბში სექსუალურ მომსახურებაზე ვერ შეთანხმდნენ. „ჩვენს მაგიდასთან მოსულმა ქალმა სექსი შემომთავაზა. მითხრა, ზემოთ სასტუმროა, თუ გინდა, ავიდეთ, ერთ საათში 150 ლარი მინდაო. უარი ვუთხარი,“ – გვიყვება ეჰმეთ ნ.

კლუბიდან გამოსვლის დროს ტურისტებს ქვითარი მიუტანეს, სადაც ეწერა, რომ 1035 ლარი იყო გადასახდელი. „გავაპროტესტეთ, რაღაც შეგეშალათ-მეთქი. ხელმეორედ მოგვიტანეს ქვითარი, სადაც უკვე 770 ლარი იყო მითითებული, მაგრამ ესეც შეუსაბამო იყო იმასთან შედარებით, რაც შევუკვეთეთ. ვუთხარი, რომ ამას არ გადავიხდიდით. დაცვის ბიჭები მოვიდნენ, მკლავზე ხელი მომკიდეს და მითხრეს, რომ ცალკე ოთახში გაგვიყვანდნენ და გვცემდნენ. ფული გადავიხადეთ. ქვითარი დაცვის თანამშრომელმა იქვე დახია“, – ამბობს ეჰმედ ნ.

ომანელებმა პოლიციას დღეს, 24 ივლისს მიმართეს და ჩვენებაც მისცეს პოლიციის მეორე განყოფილებას. ჯერ ცნობილი არ არის, დაიწყება თუ არა ამ შემთხვევაზე გამოძიება.

ომანელი ტურისტები არ არიან პირველები, ვინც ბათუმის სხვადასხვა ღამის კლუბში ფულის გამოძალვაზე საუბრობენ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახლაც გრძელდება საქმის განხილვა, სადაც ერთ-ერთი ღამის კლუბის „ვოგის” მფლობელებს თანხის გამოძალვა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედებათ ბრალად.

ამავე თემაზე:

„თანხის გამოძალვის ოთახი“ ღამის კლუბში

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი