მთავარი,სიახლეები

საკრებულოს წევრის თქმით, ხუცუბანში მოსახლეობას ტალახიანი წყალი მიეწოდება

24.07.2017 • 2180
საკრებულოს წევრის თქმით, ხუცუბანში მოსახლეობას ტალახიანი წყალი მიეწოდება

ქობულეთის საკრებულოს წევრის, ლელა ვერულიძის განცხადებით, სოფელ ხუცუბანში მოსახლეობას ტალახიანი წყალი მიეწოდება. საკრებულოს წევრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წყლის სისტემებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და გამგეობამ 2016 წელს ჩაიბარა, მოსახლეობას წყალი ან არ მიეწოდება, ან წყალი სასმელად უვარგისია.

„სასმელი წყლის რეაბილიტაცია გაკეთდა, ორი მილიონი ლარი დაიხარჯა ამისთვის, თუმცა, მოსახლეობას წვიმის დროს წყალი არ მიეწოდება, ან თუ მიეწოდება არის მღვრიე და სასმელად უვარგისი.

ტალახიანი წყალი მოდის. მეც ვცხოვრობ ხუცუბანში და ვხედავ როგორი წყალი მოდის. დღესაც მოდიოდა მღვრიე წყალი. რაღაცეები დაცურავს წყალში. გამგეობაში გვითხრეს რომ მალე გამოიცვლებოდა ფილტრები, თუმცა სისტემაზე სადაც 2 მილიონი იხარჯება, როგორ შეიძლება უვარგისი იყოს და სასმელ წყალს რაღაცეები მოყვებოდეს“ – ამბობს ლელა ვერულიძე.

მისი თქმით, გარდა მღვრიე წყლისა, გარკვეულ უბნებში წყლის ჩართვის დროს მილები ზიანდება – წნევას ვერ უძლებს.

ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის თქმით, წყალი წვიმის პერიოდში იკეტება.

„წყალი გადავკეტეთ გუშინ რადგან წვიმა იყო და მოისილა აუზი. ძლიერი წვიმის შედეგად ხდება ხოლმე, ამიტომ აუზი იკეტება, იწმინდება და ისევ ხდება წყლის გაშვება. ახალგაშვებულზე შეიძლება 1-2 საათი იყოს მღვრიე წყალი, მაგრამ შემდეგ ჩვეულებრივ იწმინდება“ – ამბობს გამგებელი.

მისი თქმით, სათავე ნაგებობა მთაშია გაკეთებული. „ბათუმელების“ კითხვაზე, არის თუ არა სასმელი წყალი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო? – გამგებელი ამბობს, რომ ლაბორატორიული დასკვნები თვეში ერთხელ კეთდება. „როგორც ვიცი მოწმდება, ბოლოს როდის შემოწმდა არ მახსოვს“ – ამბობს ის.

სოფელ ხუცუბანში 7 150 ადამიანი ცხოვრობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: