„პაემანი პოეზიასთან“ და სუფრა პოეტებისთვის ბიუჯეტის ხარჯზე ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან  2 835 ლარს, კულტურული  ღონისძიების – „პაემანი პოეზიასთან“ ჩასატარებლად დახარჯავს.

როგორც ქედის გამგეობის განათლების სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია-კომახიძე განმარტავს, გამგეობა შემოქმედებით საღამოს ქედის კულტურის ცენტრში, მუნიციპალიტეტში მოღვაწე პოეტებისთვის გამართავს.

ღონისძიების ხარჯთაღრიცხვით, მოსაწვევის, წამყვანის ანაზღაურების, ფერადი სანთლების, ატლასის, სასაჩუქრე ჩანთისა თუ  ღონისძიების გასამართად საჭირო ინვენტარის ჩამონათვალში 35 კაცის კვებაცაა გაწერილი. სატენდერო პირობებში, ქედის გამგეობას კერძების ჩამონათვალი არ გაუწერია.

განათლების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ სუფრა მწერლებისთვის მოეწყობა და კერძები „ლიტერატურული ღონისძიების შესაბამისი“ იქნება:

„გვინდა მუნიციპალიტეტში მოღვაწე პოეტები მოვიწვიოთ. გავმართოთ ლიტერატურული საღამო, სადაც ახალგაზრდა, დამწყებ პოეტებსაც მოვიწვევთ, გავეცნობით მათ შემოქმედებას. მუნიციპალიტეტში მოღვაწე შემოქმედი ადამიანების გარდა მოვიწვევთ  მწერალთა კავშირიდან მწერლებს. ღონისძიება კულტურის ცენტრში ჩატარდება. რაც შეეხება ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით გამოყოფილ თანხას, ნებისმიერი ღონისძიების გამართვას თანხები სჭირდება, სუფრა კი ისეთივე იქნება, რაც ლიტერატურულ ღონისძიებას შეესაბამება“.

კომერციულ მომსახურებაზე ქედის გამგეობის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი 14 ივლისს დასრულდა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გამგეობას ჯერ არ გაუფორმებია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი