მთავარი,სიახლეები

„აღარ მახსოვს, დილა იყო თუ საღამო“ – მოწმეების დაკითხვა „ბათუმის აქციის“ საქმეზე 

21.07.2017 • 3079
„აღარ მახსოვს, დილა იყო თუ საღამო“ – მოწმეების დაკითხვა „ბათუმის აქციის“ საქმეზე 

„დილის 11 საათზე მივედი პოლიციაში ჩვენების მისაცემად. დაახლოებით ორი-სამი საათი გაგრძელდა ჩემი დაკითხვა,“ – თქვა მოწმედ დაბარებულმა რაფიელ აბაშიძემ. მან დღევანდელ პროცესზე მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ამ პირებს „ბათუმის აქციის საქმეში“ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად.

„გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაფიქსირებულია, რომ თქვენ საღამოს შვიდ საათზე დაგკითხეს,“ – უთხრა მოწმეს ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.

„აღარ მახსოვს ახლა მასე ზუსტად დილა იყო თუ საღამო…“ – აღნიშნა მოწმემ.

მოწმეს პასუხის გაცემა გაუჭირდა კიდევ ერთ კითხვაზე: რატომ ისაუბრა მან ირაკლი ჩხვირკიას ძალადობრივ მოწოდებებზე სასამართლო დარბაზში და საერთოდ არ ახსენა „აქციის ლიდერი“ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში.

„როგორ არ ვახსენე, გამომძიებელსაც იგივე ვუთხარი… ღამის თორმეტიდან აქციას მართავდა მერაბ ღოღობერიძე, დილის ოთხიდან ირაკლი ჩხვირკია გამოჩნდა. მოუწოდა ხალხს, ავიღოთ პოლიციის შებობა, აგენი არაფრის გამკეთებლები არ არიანო. წავიდა ქვების და მაშხალების სროლა…“ – თქვა მოწმემ.

დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, მოწმის – რაფიელ აბაშიძის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება საჯაროდ წაეკითხათ სასამართლო დარბაზში. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დადგინდა, რომ მოწმეს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მართლაც არ უხსებებია ირაკლი ჩხვირკია.

„ეს შეკითხვა გამომძიებელს არ დაუსვამს… როგორც ასეთი, ჩვენება მივეცი მერაბ ღოღობერიძეზე,“ – თქვა მოწმე რაფიელ აბაშიძემ.

„კი, მაგრამ ნახევარი ამბავი რატომ მოუყევი გამოძიებას?“ – ჩაეკითხა მოწმეს ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი.

პროკურორი რამაზ შავაძე

პროკურორი რამაზ შავაძე

„ეს ადვოკატის შეფასებაა,“ – შენიშნა პროკურორმა რამაზ შავაძემ და შუამდგომლობა დააყენა, მოწმეს პასუხი არ გაეცა ადვოკატისთვის.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან „ახალი მტკიცებულება გაჩნდა ბრალდებული ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ.“

მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამ უზუსტობის წარმოჩენით დაცვის მხარემ შესაძლოა მოწმის კეთილსინდისიერების ხარისხი გამოავლინოს.

„რაზეც დამისვეს კითხვები, იმას გავეცი პასუხი,“ – მოკლედ უპასუხა მოწმემ კითხვას.

მოწმე რაფიელ აბაშიძეს კითხვები დაუსვა მერაბ ღოღობერიძემაც. ბრალდებულის თქმით, მოწმე მის მეზობელ სოფელში ცხოვრობს, ხელვაჩაურში და ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ.

„მერე მარშუტკის მძღოლად მუშაობდით და ბევრჯერ გვიმგზავრია ერთად,“ – დაამატა მერაბ ღოღობერიძემ.

რაფიელ აბაშიძემ დაადუსტურა, რომ მიკროავტობუსის მძღოლად მუშაობდა და მერაბ ღოღობერიძეც იქ უნახავს. მანამდე მოწმემ მოსამართლეს უთხრა, რომ მერაბ ღოღობერიძე არასდროს უნახავს და მას მხოლოდ სატელევიზიო გამოსვლებიდან იცნობს.

მოწმეების დაკითხვა გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: