მთავარი,სიახლეები

ბათუმის შემოვლით გზას სავარაუდოდ თურქული კომპანია ააშენებს – სად გაივლის მაგისტრალი

19.07.2017 • 8157
ბათუმის შემოვლით გზას სავარაუდოდ თურქული კომპანია ააშენებს – სად გაივლის მაგისტრალი

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში „ბათუმელების“ ინფორმაციით გამარჯვებულად თურქული კომპანია დასახელდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაგვიდასტურეს ის, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის თურქული კომპანია შეარჩიეს, თუმცა სატენდერო პროცედურები არ დასრულებულა.

„მონაცემები გადაგზავნილი გვაქვს აზიის განვითარების ბანკში და ამ ეტაპზე მათგან პასუხს ველოდებით. მათი თანხმობის შემთხვევაში გაფორმდება ხელშეკრულებაც და სატენდერო პროცედურებიც ამის შემდეგ დასრულდება, რაზედაც მოგვიანებით გავავრცელებთ ინფორმაციას“ – გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში.

ჩვენი ინფორმაციით, აჭარაში იმყოფებოდნენ გზების დეპარტამენტის, აზიის განვითარების ბანკისა და თურქული კომპანიის წარმომადგენლები და ის ადგილები დაათვალიერეს სადაც ახალი მაგისტრალი – ბათუმის შემოვლითი გზა უნდა აშენდეს.

გზის მშენებლობა 2017-2020 წლებში უნდა განხორციელდეს. კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, უშუალოდ მშენებლობა მოკლე დროში ვერ დაიწყება, თუნდაც იმის გამო, რომ მაგალითად, მოსამზადებელი იქნება სამშენებლო მოედანი.

სად გაივლის ბათუმის შემოვლითი გზა:

„საპროექტო გზა, რომელიც უვლის ქალაქ ბათუმს აღმოსავლეთიდან, მთელს სიგრძეზე გადის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. საპროექტო ტრასა გადის სოფლებზე: მახინჯაური, განთიადი, კაპრეშუმი, ფერია, სალიბაური და მახვილაური.

საპროექტო გზის მარშრუტი იწყება მახინჯაურის ჩრდილოეთით. იგი უხვევს მარცხნივ არსებული ავტომაგისტრალიდან ე.წ. ჩაქვის გვირაბის საგზაო კვანძით აქ ბათუმის შემოვლითი გზა ქობულეთის შემოვლით გზას შეუერთდება].

საპროექტო ტრასა იწყება 200-მეტრიანი გარდამავალი მონაკვეთით არსებული ავტომაგისტრალიდან. ამ ადგილზე მოეწყობა სატრანსპორტო კვანძი. მახინჯაურის ფარგლებში გზა გადადის რიგ მეორად გზებსა და წყალსატევზე 3 ხიდით და გაივლის დასახლებული გორაკების ქვეშ 2 ხიდის საშუალებით.

სოფ. განთიადში საპროექტო გზა კიდევ ერთხელ გადადის ადგილობრივ გზებსა და გადასასვლელებზე ვიადუკის საშუალებით და მიჰყვება გორაკის ფერდობებს ხევების ამონაღებში.

სოფელ კაპრეშუმში საპროექტო ვიადუკი გადადის ნავთობის არსებულ ტერმინალზე და მდ. ყოროლისწყალზე და შედის ქვედა სალიბაურის ხეობაში, სადაც მდებარეობს მეორეული სატრანსპორტო კვანძი ადგილობრივ მოძრაობაზე გადასასვლელად.

სოფელ ქვედა სალიბაურში საპროექტო გზა კვეთს ადგილობრივ გზასა და მდინარე სკურდუბს. საპროექტო გზა მიუყვება გორაკების ფერდობებს, რომლებიც გადის ხეობებში და შედის სალიბაურის მთაში გამავალ მესამე გვირაბში. გვირაბის შემდეგ გზა გადადის ადგილობრივ გზებზე და არსებული სამხედრო ბანაკის ტერიტორიაზე გზა უერთდება მესამე ასაგებ სატრანსპორტო კვანძს ქალაქ ბათუმიდან და უკან მიმართულებით.

საპროექტო გზა სოფ. ფერიამდე მიდის მეოთხე გვირაბის საშუალებით, სადაც ის გადადის ადგილობრივ გზაზე და ხეობას ვიადუკის საშუალებით. ხეობაზე გორაკის შემდეგ გზა შედის მეხუთე გვირაბში ფერიას გორაკის გავლით. ფერიას გვირაბის შემდეგ დაახლოებით 1 კმ მანძილზე გრძელი ვიადუკი გადადის უამრავ ნაკადზე და მეორად გზებზე სოფელ მახვილაურში.

მარშრუტის თითქმის ბოლოს საპროექტო გზა მიჰყვება სწორ რელიეფს მდინარეების მახვილაურის წყლისა და მეჯინისწყლის ტერასებზე. არსებულ ბათუმი-ხელვაჩაურის გზასთან [ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი] კვეთის წერტილში დაგეგმილია კიდევ ერთი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. თუმცა, მოცემული პროექტის ფარგლებში ეს კვანძი მხოლოდ ნაწილობრივ აიგება. სამშენებლო სამუშაოები ბათუმი-ხელვაჩაურის გზის სამხრეთით შესრულდება შემოვლითი გზის გაფართოების პროექტის ფარგლებში“.gza baTumi


ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი, 14 კილომეტრიანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 19 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, 5 გვირაბისა და 57 წყალგამტარი მილის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტს, ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებენ.

არსებული პროექტით დაფინანსდება როგორც ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, ასევე 200 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო და ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვა. ამ პროექტის სავარაუდო ღირებულება 315,2 მლნ აშშ დოლარია. აქედან, აზიის განვითარების ბანკი 108,19 მლნ. ევროს დააფინანსებს. პროექტი 2017 წელს დაიწყება და 2022 წელს დასრულდება.  პროექტის თანადაფინანსება მოხდება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგანაც, რომლის მიერ გამოყოფილი იქნება 114 მლნ აშშ დოლარი.

ამ თემაზე:

ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე

მთავარი ფოტო: ქობულეთის შემოვლით გზაზე საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი შენდება / ხიდის მშენებარე მონაკვეთი / მანანა ქველიაშვილის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: