მთავარი,სიახლეები

მსხვერპლთა თავშესაფრის ხელმძღვანელი: არც ერთი წუთით არ უნდა დაუთმო მოძალადეს

19.07.2017 • 3185
მსხვერპლთა თავშესაფრის ხელმძღვანელი: არც ერთი წუთით არ უნდა დაუთმო მოძალადეს

„თავშესაფარში მოდიან, როცა უკვე აუტანელი სიტუაციაა და მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. მოდიან, როცა მშობლებისგან ითხოვენ დახმარებას და მათგანაც მხარდაჭერას ვერ გრძნობენ. მანამდე ისინი მოძალადის გამოსწორებას ელიან. ჩემი აზრით, არც ერთი წუთით არ უნდა დაუთმო მოძალადეს, არ უნდა ელოდო მის გამოსწორებას…“ – ეს ბექა მაჭუტაძემ გვითხრა. იგი ბათუმის ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების – თავშესაფრის ხელმძღვანელია. თავშესაფარი ბათუმში 2006 წლიდან მუშაობს. 2009 წლიდან აქ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებიც ხვდებიან. „ბათუმელები“ ბექა მაჭუტაძეს ბოლოდროინდელ ტენდენციებზე ესაუბრა და ისტორიებზე, რასაც თავშესაფარში მოხვედრილი ადამიანები ყვებიან.

ბატონო ბექა, ამჟამად რამდენი მსხვერპლი გყავთ თავშესაფარში?

ამჟამად თავშესაფარში ტრეფიკინგის ორი მსხვერპლია და ორიც – ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ოჯახში ძალადობის დაზარალებულებს ორ-ორი მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. ისინიც დედასთან არიან და მათ რეაბილიტაციაზეც მუშაობს ფსიქოლოგი. ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალები უკრაინიდან არიან. ისინი შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდნენ აფხაზეთში, მერე ჩვენ მხარეს გადმოსვლა მოახერხეს და დღეს ვაბრუნებთ უკრაინაში, მათი დოკუმენტაცია უკვე მოწესრიგდა. ბოლო დროს ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობამ მკვეთრად იკლო. გასულ წელს სამი მსხვერპლი გვყავდა, წელს – მხოლოდ ეს ორი.

თქვენი აზრით, რამ განაპირობა ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობის შემცირება?

ჩემი აზრით, ტრეფიკინგის მასშტაბი არ შემცირებულა. ვფიქრობ, ტრეფიკიორების მუშაობის მეთოდები დაიხვეწა. მსმენია, რომ ეშინიათ პოლიციაზე მიმართვის და ბრძოლის. გამიგია ჩვენივე მსხვერპლისგან, რომ ტრეფიკიორები აშინებენ ოჯახის წევრის, შვილის მოკვლით, უყვებიან, მაგალითად, ბათუმიდან გატაცებული და ტყეში მოკლული ქალის ამბავს. ვფიქრობ, ამიტომაც ვეღარ ბედავენ ხმის ამოღებას.

რა შემთხვევაში შეიძლება მოხვდეს ადამიანი თავშესაფარში. აუცილებელია ამისთვის მსხვერპლმა პოლიციას მიმართოს?

პოლიციისთვის მიმართვა სავალდებულო არ არის. მსხვერპლს შეუძლია მოგვმართოს, ან დარეკოს ცხელი ხაზის ნომერზე – 116 006. მას მუდმივმოქმედი მობილური ჯგუფის წევრები გაესაუბრებიან, კითხვარს შეავსებენ. მობილურ ჯგუფში მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, იურისტები. ჯგუფი ვალდებულია 24 საათის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება და ადამიანს მიანიჭოს მსხვერპლის სტატუსი, ან უარი თქვას ამაზე შესაბამისი დასაბუთებით.

პრობლემა არის ასევე ის, თუ სად წავიდეს მსხვერპლი ამ 24 საათის განმავლობაში. ამისთვის უნდა არსებობდეს ე.წ. კრიზისული ცენტრი, რაც ამ დროისთვის მხოლოდ თბილისში გვაქვს. სექტემბრისთვის იგეგმება მსგავსი კრიზისული ცენტრის ბათუმში გახსნაც. აჭარის მთავრობასთან დასმული გვაქვს ეს წინადადება და ველით საბოლოო გადაწყვეტილებას. კრიზისული ცენტრი ასევე მოემსახურება ადამიანებს, რომლებსაც თავშესაფარში დარჩენა არ უნდათ, მაგრამ სჭირდებათ სოციალური, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება.

რამდენ ხანს შეიძლება მსხვერპლი გაჩერდეს თავშესაფარში და რა პირობებს სთავაზობთ მას?

თავშესაფარში დარჩენა შესაძლებელია სამიდან ექვს თვემდე. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როცა გაგვიგრძელებია ეს ვადა, როცა ამის საჭიროება არსებობს და ფსიქოლოგი შესაბამის დასკვნას დებს. თავშესაფრის მისამართი გასაიდუმლოებულია და უზრუნველყოფილია უსაფრთხო გარემო. ჩვენ გვაქვს 24- საათიანი მომსახურება, ოთხჯერადი კვება, მსხვერპლს ვაძლევთ ტანისამოსს, პირადი ჰიგიენის ნივთებს. დაზარალებულებთან მუშაობს იურისტი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი. მათ ასევე მიეწოდებათ შესაბამისი პირველადი სამედიცინო დახმარება.

თუ მსხვერპლი დასაქმებულია, ჩვენ გვყავს ასევე ძიძა, ვისთანაც შეუძლია ბავშვი დატოვოს. თუ არ მუშაობს და აქვს დასაქმების სურვილი, შეგვიძლია გავაფორმოთ ხელშეკრულება რომელიმე ორგანიზაციასთან და დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას. ყოფილა შემთხვევები, როცა უსწავლიათ უცხო ენები, კომპიუტერული პროგრამები, მიმტანობა, სტილისტობა და ასე შემდეგ.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მსხვერპლის რეაბილიტაციაა, რომ მან დამოუკიდებელი ცხოვრება შეძლოს თავშესაფრიდან გასვლის შემდეგ.

ახერხებენ ამას მსხვერპლები?

კი, მეტ-ნაკლებად ახერხებენ.  ყველა მსხვერპლი, ვინც თავშესაფარში მოდის, ძირითადად, დაბნეულია. თითქოს გისმენს, მაგრამ სხვაგანაა. მათ ვერ წარმოუდგენიათ დამოუკიდებელი ცხოვრება, შეშინებულები არიან და დათრგუნულები… ერთი ასეთი ისტორია მახსენდება: ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა არასრულწლოვანი გოგო ჯერ დუბაიში, მერე თურქეთში და ბოლოს საქართველოში. თურქეთიდან როცა აქეთ მოდიოდა, ავტობუსში ქართველი ქალი გაუცნია. სად უნდა დარჩე ახლა, წამოდი, დედაჩემთან დაგტოვებო, უთქვამს იმ ქალს.  ეს გოგო ბათუმშიც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. მერე ერთ-ერთ კლიენტს შებრალებია და იმას გამოუპარებია. ბაქოსკენ მიმავალ მატარებელში ჩაუსვამს, მაგრამ მესაზღვრეებს არ გაუტარებიათ და ჩვენ გამოგვიგზავნეს.

სასამართლო პროცესები მთელი წელი გრძელდებოდა. ის გოგო მთავარი მოწმე იყო და აქ უნდა ყოფილიყო, თან მისი პირადი დოკუმენტაციაც მოსაწესრიგებელი იყო. გოგომ მზარეულობა ისწავლა. ახლა თავის ქვეყანაშია, ყირგიზეთში და ხშირად გვირეკავს, მადლობას გვიხდის. აქამდე მზარეულის თანაშემწე იყო, ახლა მზარეულია.

რა ხდება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში. რამდენად ახერხებენ მსხვერპლები რეაბილიტაციას, ხომ არ გამხდარა ვინმე ხელახლა ძალადობის მსხვერპლი?

ერთი წლის განმავლობაში ჩვენ თვეში ერთხელ ვუკავშირდებით დაზარალებულს, რომელიც თავშესაფრიდან მიდის. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენთან ვინმე ხელახლა დაბრუნებულიყო. სხვა თავშესაფარში ყოფილა ასეთი ისტორიებიც. ჩემი დაკვირვებით, მოძალადის ძალადობრივი ქცევა არ იცვლება. მოძალადეებთანაც უნდა იმუშაოს ფსიქოლოგებმა, მაგრამ ვფიქრობ, რომ როცა უკვე ერთხელ იძალადა ადამიანმა, ის იგივეს გაიმეორებს. გვქონია შემთხვევა, როცა მსხვერპლი თავშესაფრიდან გასვლის შემდეგ ქმართან დაბრუნდა. ვეხმიანებოდით და გვეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგადაა. ერთ დღესაც გვითხრა, რომ აღარ ურტყამს, მაგრამ აგინებს. რჩევა გვთხოვა, როგორ მოვიქცეო. პოლიციას მიმართა მერე და შემაკავებელი ორდერი გამოუციათ.

ძირითადად რის გამო ხდება ოჯახში ძალადობის შემთხვევები. კონფლიქტის რა მიზეზებს ასახელებენ მსხვერპლები, ვინც თქვენთან ხვდებიან?

ძირითადად ეს არის ფინანსური პრობლემები, უმუშევრობა და ასე შემდეგ. ამბობენ, რომ ვეღარ გაუგეს ერთმანეთს. შემაკავებელ ორდერებში ხშირად წერია, რომ მსხვერპლი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, თუმცა დაზარალებული ჩვენთან ამბობს და ეტყობა კიდეც სხეულზე, რომ ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა.

რატომ არ აფიქსირებენ ფიზიკურ ძალადობას სამართალდამცველები, რას ყვებიან დაზარალებულები?

ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლმა არ იცის, როგორ ავსებს ფორმას პოლიციელი. ეს კითხვა დამისვამს პოლიციელისთვისაც და მიპასუხეს, რომ არ შესწრებია კონკრეტულად ფიზიკური ძალადობის ფაქტს. წესით ადგილზე უნდა ტარდებოდეს სხეულის დათვალიერებაც.

ამ ისტორიებიდან რა ჩანს, როგორ ახერხებს მოძალადე მსხვერპლის შენარჩუნებას?

მოძალადე ხშირად ცდილობს, რომ თავისი ობიექტი მასზე იყოს მუდმივად დამოკიდებული. იბრძვის იმისთვის, რომ არ მუშაობდეს ცოლი, იყოს სახლში და ნებისმიერ საკითხზე იყოს მიჯაჭვული მასზე. მსხვერპლსაც უჩნდება განცდა, რომ მარტო ცხოვრებას ვერ შეძლებს, ბავშვებს რა ეშველებათ. ბავშვებიც არანაკლებ დაზარალებული არიან და მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ რეაბილიტაცია.

იყო ერთი შემთხვევა: ქმარმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ძალადობა დაიწყო ცოლზე, სცემდა. მერე, როცა ცოლი თავშესაფარში ცხოვრობდა, ქმარმა საერთო შვილი გაიტაცა და ქალს მისი ნახვის საშუალებას აღარ აძლევდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიბრუნა შვილი დედამ. ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ.

რამდენი ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი ერთდროულად თავშესაფარში და რის გაუმჯობესების საჭიროებას ხედავთ?

თავშესაფარში ერთდროულად 10 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი. თუკი აქ საკმარისი ადგილი არ არის, შეგვიძლია, მსხვერპლი საქართველოს სხვა ქალაქის თავშესაფარში გავაგზავნოთ, თუმცა ეს იშვიათად ხდება. რაც შეეხება საჭიროებას, ყველაზე მთავარია – რა ხდება თავშესაფრიდან გასვლის შემდეგ. ხშირად მსხვერპლებს დამოუკიდებლად ცხოვრება უჭირთ, ვერ პოულობენ სამსახურს, რითაც საკუთარი თავისა და შვილების შენახვას შეძლებენ. სახელმწიფომ, ალბათ, ცალკე პროგრამა უნდა შეიმუშაოს ამ კუთხით.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: