მთავარი,სიახლეები

გორგასლისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებს ბათუმის მერია ალაგ-ალაგ „კაპიტალურად“ შეაკეთებს

19.07.2017 • 5433
გორგასლისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებს ბათუმის მერია ალაგ-ალაგ „კაპიტალურად“ შეაკეთებს

ბათუმის მერია 317 682 ლარის დახარჯვას გეგმავს ბათუმში ორი ქუჩის გარკვეული მონაკვეთების „კაპიტალური რეაბილიტაციისთვის“. ესაა, ძირითადად, ქვაფენილებიანი ქუჩები: ფარნავაზ მეფისა და ვახტანგ გორგასლის.

მიუხედავად იმისა, რომ მერია ყოველწლიურად 250 ათას ლარამდე ხარჯავს ქუჩების მოვლა-შენახვაში, ბევრი ქუჩა, მათ შორის ეს ქუჩებიც, ზოგ ადგილზე იმდენად ამორტიზებულია, რომ გავლა უსაფრთხო არც ავტომანქანებისთვისაა და არც ქვეითებისთვის.

მერიამ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოების ჩატარება დაგეგმილია ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე – მელიქიშვილის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე მონაკვეთში; ხოლო ფარნავაზ მეფის ქუჩაზე – ჰაიდარ აბაშიძის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე და მელიქიშვილის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე მონაკვეთებში.

სატენდერო კომისიაში ბათუმელებს უთხრეს, რომ ამ ქუჩების აღნიშნულ მონაკვეთებში ქვაფენილები შენარჩუნდება: „ტენდერის ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია რომ უნდა მოხდეს არსებული გრანიტის ქვაფენილის [„ბრუსჩატკა“] დემონტაჟი ადგილზე დასაწყობებით, შემდგომი გამოყენების მიზნით“. დაგეგმილია სანიაღვრე ჭებისა და მილების რეაბილიტაციაც.

ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა კი 2018 წლის 2 თებერვლამდე პერიოდი განისაზღვრა.


რას უპირებს ბათუმის მერია ქვაფენილებიან ქუჩებს?

„ვფიქრობ, რომ ქვაფენილიან ქუჩებთან დაკავშირებით რაღაც პროექტი შედგება. ფარნავაზ მეფისა და ვახტანგ გორგასალის ქუჩებზე, ჩემი ინფორმაციით, ახალი პროექტი უნდა გაკეთდეს. არ ვამბობ, რომ ეს ქუჩები შეიცვლება, უბრალოდ, ახალი პროექტი გაკეთდება და, ალბათ, მოწვეული სპეციალისტები – პროექტის ავტორები, მოგვცემენ რჩევას, ქვაფენილების კუთხით რა შეიძლება გამოსწორდეს“, – განაცხადა, დაახლოებით ერთი წლის წინ, „ბათუმელებთან“ ირაკლი დევაძემ, ბათუმის მერის წარმომადგენელმა ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში.

მასთან აღნიშნულ საკითხებზე კომენტარის მისაღებად, მაშინ მერიის პრესსამსახურმა გადაგვამისამართა. მერიაში კი ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურში გვითხრეს, რომ განსაკუთრებული გადაწყვეტილება ქვაფენილებიან გზებთან დაკავშირებით ამ დროითვის მიღებული არ არის.

ამ თემაზე:

ქვაფენილიანი ქუჩების მომავალი ბათუმში

გორგასალის ქუჩა / ბათუმი

გორგასალის ქუჩა / ბათუმი

ფარნავაზ მეფისა და ლუკა ასათიანის კვეთა / ბათუმი

ფარნავაზ მეფისა და ლუკა ასათიანის კვეთა / ბათუმი

ფარნავაზ მეფის ქუჩა / ბათუმი

ფარნავაზ მეფის ქუჩა / ბათუმი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: