მთავარი,სიახლეები

შინაპატიმრობა – კონტროლი ელექტრონული სამაჯურით

18.07.2017 • 7188
შინაპატიმრობა – კონტროლი ელექტრონული სამაჯურით

პირველი ივლისიდან „სისხლის სამართლის კოდექსში“ თავისუფლების შეზღუდვა შინაპატიმრობამ ჩაანაცვლა, რაც 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. შინაპატიმრობის დროს მსჯავრდებული თავის სახლში დარჩება, თუმცა მის გადაადგილებას ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით გააკონტროლებენ. შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ასევე ეკრძალება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა. წესების დარღვევის შემთხვევაში, შინაპატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეიცვლება, ანუ ციხეში სასჯელის რეალურად მოხდით.

„დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: შინაპატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

შინაპატიმრობა შესაძლოა დაენიშნოს ნასამართლობის არმქონე პირს 6 თვიდან 2 წლამდე ვადით. შინაპატიმრობა არ დაენიშნება გაწვეულ სამხედრო მოსამსახურესა და ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს.

პაატა დიასამიძე, იურისტი

პაატა დიასამიძე, იურისტი

პაატა დიასამიძის თქმით, შინაპატიმრობა გამოიყენება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში, როგორც ძირითად, ასევე დამატებით სასჯელად. ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლოა, შინაპატიმრობა დაეკისროს ქურდობაში, თაღლითობაში, ან, მაგალითად, თვითმკვლელობამდე პირის მიყვანაში მსჯავრდებულს.

დაახლოებით რა რადიუსში შეეძლება პირს გადაადგილება, ვისაც შინაპატიმრობას შეუფარდებენ? – საიას იურისტი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ ამას სასამართლო განსაზღვრავს.

„შინაპატიმრობის ვადას და პირობებს ადგენს სასამართლო. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო.“

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ელექტრონულ სამაჯურს დაკარგავს?

პაატა დიასამიძე: „შინაპატიმრობის აღსრულებისას მსჯავრდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაკარგვის, ან მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მას, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში – მის კანონიერ წარმომადგენელს.“

ამავე თემაზე:

უქმდება ციხე, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას ოჯახში დადიან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: