პედაგოგთა გამოცდები

პედაგოგების 28 პროცენტი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე არ გამოცხადდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, პედაგოგების 28 პროცენტი არ გამოცხადდა.  მიუხედავად იმისა, რომ საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები სავალდებულო აღარ არის, პედაგოგების ნაწილი, რეგისტრაციის მიუხედავად გამოცდაზე არ ცხადდება.

„აქამდე, დაწყებითი საფეხურის, ფიზიკის და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს შეეძლოთ კომპეტენციის დადასტურება, სხვა საგნების პედაგოგთა გამოცდები გრძელდება. საერთო ჯამში 28 ათასი პედაგოგია დარეგისტრირებული. ჯერ მხოლოდ ფიზიკის, დაწყებითი საფეხურის და სამოქალაქოს პედაგოგების გამოცდა ჩატარდა. დაწყებითი საფეხურის 7 ათასი პედაგოგი დარეგისტრირდა, 500 ფიზიკაში და 700-ზე მეტი სამოქალაქოზე.

თითქმის სამივე გამოცდაზე დასწრება არის 70 პროცენტი. დანარჩენი არ გამოცხადდა გამოცდაზე“-ამბობს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძე.

მისი ინფორმაციით, პედაგოგების გამოცდაზე გამოუცხადებლობის მიზეზები უცნობია.

პედაგოგების საგნობრივი კომპეტენციის გამოცდები 27 ივლისამდე გრძელდება. პედაგოგებს შესაძლებლობა აქვთ ივლისში პროფესიული უნარების გამოცდებიც ჩააბარონ.

პედაგოგებს კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე დაგროვილი ქულები (პროცენტების მიხედვით) კრედიტებში ჩაეთვლებათ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com