GÜRCİSTAN'DAN BULGARİSTAN'A, YAŞLARI 9-13 ARASI GÜRCÜ ÖĞRENCİ DANS EKİBİNİ TAŞIYAN TUR OTOBÜSÜ, GİRESUN'DA KAZA YAPTI. KAZADA 38 KİŞİ YARALANDI. (ERSEN KÜÇÜK - FİKRET BODUR/GİRESUN-İHA)

მინისტრი ავტოავარიის ადგილიდან: „ერისიონის“ ავტობუსის მძღოლს და ორ მგზავრს ოპერაცია ჩაუტარდა

ავტობუსი, რომლითაც „ერისიონის“ ბავშვთა ანსამბლი ბულგარეთისკენ მიემგზავრებოდა, თურქეთში, გირესუნის მახლობლად [120 კმ. ტრაპიზონიდან და 320 კმ. სარფიდან] დღეს, 16 ივლისს, დილით ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად ავტობუსში მყოფი 6 პირი მძიმედ დაშავდა. ადგილზე იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე და ზაალ მიქელაძე – აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ბავშვები არ არიან. „თითოეულ მათგანს ჩაუტარდა ამბულატორიული შემოწმება და სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროებათ. ავტობუსში სულ 26 ბავშვი იყო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ზაალ მიქელაძემ.

ზაალ მიქელაძე

ზაალ მიქელაძე

მინისტრის თქმით, ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში ავტობუსის მძღოლი იმყოფება. იგი ამ დროისთვის ერთ-ერთ კლინიკაში ხელოვნურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. ოპერაცია ჩაუტარდა ბავშვის ერთ მშობელს და ანსამბლის ერთ-ერთ ხელმძღვანელს. მშობელს ერთ-ერთი კიდურის ტრავმული ამპუტაციის ოპერაცია გაუკეთეს, ანსამბლის ერთ-ერთ ხელმძღვანელს კი, ნეკნების მოტეხილობა და სხეულის დაჟეჟილობა დაუდგინდა.

„ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – განმარტავს ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, – შესაძლოა ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს კიდევ ერთ ქალბატონს, თუმცა ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება ექიმებს, ოპერაცია აქ, თურქეთში გაკეთდება, თუ საქართველოში. ამ დროისთვის ველოდებით საბოლოო მონაცემებს ექიმებისგან. ავტობუსის მგზავრები ხუთ სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული. მათ ერთიანად დავაბრუნებთ საქართველოში“.

ზაალ მიქელაძის თქმით, ავტოავარია დაახლოებით დილის 5 საათზე მოხდა, როცა ავტობუსში თითქმის ყველას ეძინა. ფხიზელი მძღოლი იყო, რომელიც ავარიის შედეგად ყველაზე მეტად დაშავდა.

GÜRCİSTAN'DAN BULGARİSTAN'A, YAŞLARI 9-13 ARASI GÜRCÜ ÖĞRENCİ DANS EKİBİNİ TAŞIYAN TUR OTOBÜSÜ, GİRESUN'DA KAZA YAPTI. KAZADA 38 KİŞİ YARALANDI. (ERSEN KÜÇÜK - FİKRET BODUR/GİRESUN-İHA)

ავტობუსი, რომლითაც ქართული ანსამბლი მგზავრობდა, ავარიაში მოყვა – დაშავდა 38 ადამიანი. ფოტო: FİKRET BODUR/GİRESUN-İHA

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი