მთავარი,სიახლეები

ჯეჯელავა: რუსეთს ყველა ქვეყანაში შეუძლია პროპაგანდისტული ჩარევა

13.07.2017 • 2148
ჯეჯელავა: რუსეთს ყველა ქვეყანაში შეუძლია პროპაგანდისტული ჩარევა

„თუ არ აწვდი საზოგადოებას ინფორმაციას, რჩება სივრცე, რომელსაც სხვა აითვისებს აუცილებლად… მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება განახორციელოს რუსეთმა პროპაგანდისტული ჩარევა,” – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც დღეს პროპაგანდის საფრთხეებზეც ისაუბრეს. ალექსანდრე ჯეჯელავა ამ პანელის ერთ-ერთი მომხსენებელია.

მისი განმარტებით, ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს საინფორმაციო საჭიროებები და ამის შესაბამისად განისაზღვროს სტრატეგიები. „ეს არა მხოლოდ დაუპირისპირდება დეზინფორმაციას, არამედ შეიქმნება ხარისხიანი ინფორმაცია”, – დასძინა ვიცე-პრემიერმა.

„აღიქვამთ, რომ ეს არის ომი მთავრობებს შორის? შესაძლოა რაღაცის წინააღმდეგ წასვლა არ იყოს ეფექტური,” –  მიმართა ალექსანდრე ჯეჯელავას პანელის მოდერატორმა, ნიკ გოუინგმა, საერთაშორისო მიმომხილველმა.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ომს ამ პროცესში ვერ ხედავს, თუმცა მისი აზრით, ბრძოლა გავლენისთვის ნამდვილად არის.

რატომ არ იქმნება სპეციალური სტრუქტურა საქართველოს მთავრობაში, რომელიც რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ იმუშავებს? – ეს საკითხი სალომე სამადაშვილმა დასვა. ის პარლამენტის წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. „ასეთი სტრუქტურები ევროპის ქვეყნებში არსებობს. რუსეთმა უკვე მიაღწია წარმატებას, რადგან ჩვენ ვერ აღვიქვით საფრთხე”, – დაამატა სალომე სამადაშვილმა.

„ვერ მოვისმენ რჩევებს ადამიანისგან, ვისი ლიდერიც თავისუფალ ჟურნალისტიკას კლავდა ქვეყანაში,”- განაცხადა პასუხად ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მან ანალოგიური პათოსით უპასუხა პარლამენტარ სერგი კაპანაძესაც, რომელმაც ვიცე-პრემიერს შეახსენა სხვადასხვა სახელმწიფო ფონდიდან პროპაგანდისტული მედია საშუალებების წახალისება.

ქორწინება და მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა – კონსტიტუციაში ამ საკითხების შეტანაზე ყურადღება გაამახვილა თამარ კინწურაშვილმა, „მედიის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელმა. მისი თქმით, მთავრობა ერთის მხრივ, რუსული პროპაგანის მხარდაჭერას უარყოფს და მეორეს მხრივ, პრორუსული პროპაგანდის გათვალისწინებას ახდენს ქვეყნის მთავარ კანონში.

თამარ კინწურაშვილს ალექსანდრე ჯეჯელავამ უპასუხა, რომ „ეს საკითხები მიიღო საქართველოს მოსახლეობამ და არა რუსეთის მოსახლეობამ”.

„ჩვენ ინფორმაციული მართვის ფაზაში ვართ ახლა. რუსეთს სჯერა, რომ დასავლეთიც ახორციელებს მასზე საინფორმაციო შეტევას,” – აღნიშნა პანელის მონაწილე ბრაიან ვითმორიმ. იგი რადიო „თავისუფლების” უფროსი ანალიტიკოსია რუსეთის საკითხებში. მან ისაუბრა ტრადიციული ჟურნალისტიკის სირთულეებზეც ისაუბრა:

„ბალანსის ფეტიშიზაცია ხდება და ამას სჭირდება დაფიქრება. ძალიან ბევრი ნაგავია დღეს საინფორმაციო ველზე. რა უნდა ქნას ჟურნალისტმა, ნახევარი სიმართლე თქვას?!”

პანელის მონაწილეებმა თქვეს ისიც, რომ ევროპამ აქამდე ცალსახად საფრთხედ ვერ აღიქვა რუსული პროპაგანდის გავლენა და ის, რომ ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ან უკრაინას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: