მთავარი,სიახლეები

შეკითხვა რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებით ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე

13.07.2017 • 1981
შეკითხვა რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებით ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე

ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული გზა” მიმდინარეობს.  დისკუსიის ნაწილში შეკითხვა გიორგი ბარამიძემ დასვა, ევროინტეგრაციის ყოფილმა მინისტრმა. მან რუსეთის ოკუპაციის მიმართ ერთიანი ხედვის არარსებობაზე გააკეთა აქცენტი და იკითხა: „უკრაინის ოკუპაცია ოკუპაციაა და საქართველოს არა?”

„რუსეთი საქართველოს ოკუპაციას ახორციელებს 2008 წლიდან… სამწუხაროდ, იმ პერიოდში საერთაშორისო საზოგადოებას არ დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის მისი ქმედებების გამო, ასევე, სამწუხაროდ, ჩვენმა მთავრობამ იმ მომენტში ვერ შეძლო საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, რათა ასეთი გამოხმაურება მიეღო,” –  უპასუხა შეკითხვას მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველის ოკუპაციის საკითხს ჰქონდეს მაღალი ინტერესი. „ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში,” –  დასძინა მან.

„რატომ ხდება ისე, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტიორი გახდა,  ელექტროენერგიის იმპორტირება ისევ გვიწევს?”- ეს შეკითხვა გიორგი ბარამიძემ უშუალოდ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს დაუსვა.

„მარტივად აგიხსნით,“ – უპასუხა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ილია ელოშვილმა, ენერგეტიკის მინისტრმა.  „ელექტროენერგია უნიკალური პროდუქტია, მისი შენახვა და დასაწყობება შეუძლებელია. როცა გაქვს ჭარბი ენერგია, ის უნდა გაიტანო. ზამთარში ისევ დეფიციტია, რაც ნომერ პირველი პრობლემაა ჩვენთვის. ეს უფრო მეტად საშიშია, ვიდრე გაზის მიწოდებაზე დამოკიდებულება. ელექტროენერგიის მცირე დეფიციტმაც კი შესაძლოა მოსახლეობას გაახსენოს 90-იანი წლები,” – აღნიშნა ილია ელოშვილმა.

ამჟამად კონფერენციაზე აგრესიული პროპაგანდის საკითხები განიხილება. ერთ-ერთი მომხსენებელი ალექსანდრე ჯეჯელავაა, რომელიც მთავრობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხს კურირებს.

შესწორება: თავდაპირველად მასალაში გამოქვეყნებული იყო მინისტრ ჯანელიძის ციტატა შემდეგი ფორმულირებით – „ამ ეტაპზე ჩვენმა მთავრობამ ვერ მოახერხა საერთაშორისო მხარდაჭერის ორგანიზება“. „ბათუმელებმა“ მინისტრის ინგლისურენოვანი გამოსვლა კონფერენციაზე სინქრონულ თარგმანში, ქართულ ენაზე მოისმინა, რომლის მიხედვითაც, მინისტრის ფრაზაში ნახსენები „ეტაპი“ დღევანდელობას მიემართებოდა, თუმცა მასალის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური დაუკავშირდა და გვითხრა, რომ მიხეილ ჯანელიძე საუბრობდა 2008 წელზე და იმ დროს მოქმედ მთავრობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცნობია, ზუსტად რა ინფორმაცია გადასცა თარჯიმანმა მინისტრის გამოსვლის დროს ქართულ ენაზე. სამინისტრომ მინისტრის ინგლისურენოვანი გამოსვლის აუდიო ჩანაწერი მოგვაწოდა, სადაც მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2008 წელზე საუბრობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: