მთავარი,სიახლეები

რატომ უნდა ჯდებოდეს მეჩეთის აშენება უფრო ძვირი, ვიდრე ეკლესიის – გადასახადები და დისკრიმინაციული კანონი

12.07.2017 • 2754
რატომ უნდა ჯდებოდეს მეჩეთის აშენება უფრო ძვირი, ვიდრე ეკლესიის – გადასახადები და დისკრიმინაციული კანონი

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ამბავი საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მაგალითად მოიყვანა იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ. ის რელიგიური ორგანიზაციების ინტერესებს იცავს, რომლებიც მიიჩნევენ რომ დისკრიმინაციულია კანონი, რომლითაც საგადასახადო შეღავათებით მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს.

„ბათუმში მუსლიმმა თემმა შეისყიდა მიწის ნაკვეთი. მშენებლობის ნებართვას მიიღებენ თუ არა, ჯერ ესეც უცნობია, მაგრამ თუკი მიიღებენ, მათ დამატებითი ღირებულების გადახდაც მოუწევთ, რაც 18 პროცენტს შეადგენს, ანუ მშენებლობა მუსლიმ თემს უფრო ძვირი დაუჯდება მეჩეთის, ვიდრე მართლმადიდებლებს ეკლესიის მშენებლობა დაუჯდებოდათ,“ – უთხრა მოსამართლეებს გიორგი მშვენიერაძემ.

„საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“, „ქრისტეს ეკლესია“, „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“, „მეშვიდე დღის ქრისტიან – ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი“, „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, „ქართველ მუსლიმთა კავშირი“ და „წმინდა სამების ეკლესია“ პარლამენტის წინააღმდეგ დავობს. მათი აზრით, უნდა გაუქმდეს საგადასახადო კოდექსის ის ჩანაწერი, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის შეღავათს აწესებს მოგების, ქონების და დამატებითი ღირებულების გადასახადის კუთხით. 

„კონსტიტუციის მიხედვით აღმატებითი ხარისხი არ გააჩნია მართლმადიდებელ ეკლესიას. კონსტიტუციური შეთანხმება ამ სახის პრივილეგიებს არ გულისხმობს,“ – აღნიშნა მოსარჩელეების ინტერესების დამცველმა, შოთა თუთბერიძემ.

„ჩარევის ლეგიტიმური მიზანი არსებობს და ეს არის ისტორიული და არქიტექტურული ფასეულობების მქონე ტაძრების რესტავრაცია, კონსერვაცია, მათი მოხატვა… კონსტიტუციურ შეთანხმებით აღიარებულია მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი ქვეყნის ისტორიაში“, – თქვა პარლამენტის წარმომადგენელმა, თინათინ ერქვანიამ. სიტყვით გამოსვლამდე მან დარბაზში მყოფ ადამიანებს პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს.

მოსარჩელეთა ინტერესების დამცველებმა ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ საგადასახადო შეღავათებით საპატრიარქო მაშინაც სარგებლობს, როცა ის ახალ ეკლესიას აშენებს. „კონსტიტუციის მე-14 მუხლი იცავს თანასწორობის პრინციპს. თანასწორობის პრინციპში ჩარევა არის მიუღებელი,“ – დასძინა გიორგი მშვენიერაძემ.

„თუკი აღნიშნული ნორმა ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდება, მარტივად შესაძლებელია, შეიკრიბოს ჯგუფი, დარეგისტრირდეს, როგორც რელიგიური ორგანიზაცია და თავი აარიდოს გადასახადების გადახდას,“ – შენიშნა თინათინ ერქვანიამ, პარლამენტის ინტერესების დამცველმა.

კანონმდებლობის მიხედვით, სხვა რელიგიური ორგანიზაციებიც თავისუფლდებიან დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, თუკი ისინი გრანტის ფარგლებში განახორციელებენ საქმიანობას. ამ შემთხვევაში ისინი მაინც იხდიან დღგ-ს, თუმცა გადახდილი ფული 13 თვის განმავლობაში უკან უბრუნდებათ.

სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

 

ამავე თემაზე:

გიორგი მშვენიერაძე: განსაკუთრებული სტატუსი მართლმადიდებელ ეკლესიას კონსტიტუციით არ აქვს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: