რა აშენდება აკვაპარკთან – ენმ კორუფციულ სქემაზე საუბრობს

ზღვის სანაპირო ზოლში, აკვაპარკთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიწის ნაკვეთს ყიდის. აუქციონზე 12 971 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 4 მილიონ 100 ათასი ლარია.

„ერთი კვადრატული მეტრის ფასი 316 ლარი გამოდის. ასე იაფი მიწა ზღვის პირას არ ღირს, თან ამ ზოლში, სადაც გასაყიდი მიწა აღარაა დარჩენილი. მიწის ნაკვეთს აკვაპარკთან ზურაბ პატარაძის სამეგობრო შეიძენს,“ – აცხადებს რევაზ ხარაზი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ის ამბობს, რომ საქმე კორუფციულ სქემასთან გვაქვს და აუქციონზე სარფიანი მიწა ეკონომიკის სამინისტრომ პირობების გარეშე გაიტანა.

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, აკვაპარკთან, მიწის ნაკვეთის გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი ხვალ, 13 ივლისს დასრულდება. ამ დროისთვის გასაყიდი ობიექტის მიმდინარე ფასი 4 მილიონ 182 ათასი ლარია. აუქციონის გვერდზე მითითებულია პირობებიც:

„ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის (თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სავაჭრო ცენტრი, საერთაშორისო ბრენდის სავაჭრო ობიექტები (მაღაზიები, ბუტიკები), სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი (სპა, ფიტნეს ცენტრი), კინოთეატრები (3D, 5D, 7D, 9D გამოსახულებით და აღჭურვილობით უზრუნველყოფილი), ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბოულინგ ცენტრი, ბილიარდ კლუბი, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, საზოგადოებრივი და კომერციული ფართები, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგი და ა.შ) ექსპლუატაციაში მიღება და ამოქმედება“.

კომპანია, ვინც მიწის ნაკვეთს შეიძენს, 25 მილიონის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და 300 მოქალაქე დაასაქმოს, ახალი ობიექტის ამოქმედებიდან – 500. დასაქმებულებიდან 90 პროცენტი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე სავაჭრო ცენტრის პროფილი 49 წლის განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს.

ამავე თემაზე:

აჭარის ფინანსთა მინისტრი 100 მილიონი ლარის ინვესტიციაზე

akvaparki 1

მიწის ნაკვეთი ხიმშიაშვილის ქუჩაზე

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი