სიახლეები

ძალადობის მსხვერპლი ქალები „საკუთარ სუფრაზე“

20.10.2014 • 2523
ძალადობის მსხვერპლი ქალები „საკუთარ სუფრაზე“

საკუთარი სუფრა. ფოტო: Contemporary Art Space, Batumi
საკუთარი სუფრა. ფოტო: Contemporary Art Space, Batumi

გამოფენა „საკუთარი სუფრა“ – თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 18 ოქტომბერს გაიხსნა. გამოფენის მიზანია შეიქმნას სივრცეში ვირჯინია ვულფისეული „საკუთარი ოთახი“, სადაც იმ ქალების ხმა ისმის, რომლებიც პირადად გახდნენ გენდერული ძალადობის მსხვერპლი.

„ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პოლონელი ანთროპოლოგი, აგნეშკა დუდრაკი ჩამოვიდა საქართველოში და კვლევის ფარგლებში ჩაიწერა ბევრი ინტერვიუ ძალადობის მსხვერპლ ქალებთან. იგი მიხვდა, რომ ინტერვიუები, რომლებიც კვლევისთვის იწერება, რაღაც მომენტში იკარგება, მაშინ როცა საქართველოში  ამ თემაზე დისკუსიის ნაკლებობაა. აგნეშკა დამიკავშირდა და შემომთავაზა, გაგვეკეთებინა რაღაც, რაც ამ თემაზე ლაპარაკის საშუალებას მოგვცემდა. რა თქმა უნდა, ძალიან დამაინტერესა თემამ, რომელიც ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს მხატვარი თამარ ჭაბაშვილი.

თამარ ჭაბაშვილი, მხატვარი. ფოტო: Contemporary Art Space, Batumi
თამარ ჭაბაშვილი, მხატვარი. ფოტო: Contemporary Art Space, Batumi

თამარ ჭაბაშვილი და აგნეშკა დუდრაკი ერთი წლის მანძილზე მუშაობდნენ ერთად,  ამ ხნის მანძილზე სხვადასხვა ასაკისა და სტატუსის ბევრი ქალი ჩაწერეს. ზოგიერთი მათგანი ქმართან ერთად ცხოვრობდა, ზოგიერთიც – თავშესაფარში, თუმცა ყველა მათგანს აერთიანებდა ის, რომ ისინი ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. გამოფენისთვის 20 ქალის ინტერვიუ შეირჩა.

„ეს იყო საკმაოდ რთული, დაძაბული და ძალიან საინტერესო პროცესი“, – იხსენებს თამარი.  „ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის, პირველი შემთხვევა იყო, როცა „მასალა“ იყო ადამიანი, რომელსაც აქვს ყოველდღიური და დიდი, დროში გაწელილი პრობლემები. მე მათგან უნდა ამეღო ინფორმაცია და მეთარგმნა ნამუშევარში. აგნეშკასთანაც საინტერესო იყო მუშაობა, რადგან იგი არ არის მხატვარი, მეცნიერული ხედვა აქვს. შევთანხმდით, რომ აგვეღო სუფრის ფორმა. სუფრა, როგორც ფიზიკური, საზიარო სივრცე, სადაც ჩვენ ყველანი ვყოფილვართ და ზოგს წყენა ახსოვს, ზოგს სიხარული… სუფრა ადგილია, სადაც ყველა საკუთარ თავს საუკეთესოდ წარმოაჩენს და ამავე დროს არის თემები, რომლებიც სუფრის ქვეშ რჩება, უხილავია.

მუშაობის პროცესში მივხვდით, რომ ჩვენ, სუფრა, როგორც ფიზიკური აქტი კი არ გვაინტერესებს, არამედ როგორც იდეა, კონცეპტი. ისე ხდება, რომ მსხვერპლი ქალების ნაცვლად თითქმის ყოველთვის სხვა ლაპარაკობს, ჩვენთვის მთავარი იყო, რომ მათ ელაპარაკათ ამაზე, ამიტომ ავიღეთ ამონარიდები ინტერვიუებიდან და ეს ყველაფერი გადავიტანეთ სუფრაზე. სიტყვები, წინადადებები, რომელიც გამოვიყენეთ, ყველასთვის ნაცნობია. მეც კი მუშაობის პროცესში გამიჩნდა ეს განცდა – ეს ხომ ყველამ ვიცით! მაგრამ ჩვენ გვქონდა სწორედ იმის გააზრების მცდელობა, რაც ვიცით. ამოვქარგეთ ვარდისფერ სუფრაზე – „მე არ მინდოდა გათხოვება, მე დიდ სიყვარულზე ვოცნებოდი“. ერთი მხრივ, ეს მილიონჯერ გაგვიგია, მაგრამ ამ წინადადების იქეთ ისმის, რომ ადამიანს მთელი ცხოვრება ამოუტრიალდა. ჩვენ არ გვინდოდა, რაღაც მყვირალა –  ვიღაც მოკვდა და ა.შ. გვინდოდა ყოველდღიურობის ჩვენება, რომელიც სავსეა ძალადობით“.

გამოფენის მოსამზადებლად ორგანიზატორებმა 20 ქალის ინტერვიუ და 24 სუფრა გამოიყენეს და სუფრების საშუალებით ოთახები შექნეს. „ბევრ ქალს გააჩნია ფიზიკური თავშესაფარი, ან მშობლებთან არიან, ან ქმართან, ან თავშეფარაში, მაგრამ მივხვდით, რომ ამ სივრცეში ისინი ხშირად გრძნობენ თავს ცუდად, ამიტომ გადავწყვიტეთ სუფრებით შეგვექმნა ბინა, რომელიც დავყავით ოთახებად; არა ისე, სამზარეულო, მისაღები და ასე შემდეგ, არამედ ქალის განვლილი ცხოვრების ოთახები. მაგალითად, არის „ოთახი“ გათხოვება. ამ ოთახში არის ამონარიდები სხვადასხვა ინტერვიუდან, როგორ მოხდა ეს ამბავი სხვადასხვა ქალის ცხოვრებაში… არის ბავშვობის ოთახი, სადაც სუფრაზე წერია თეთრით თეთრზე, თან ჩანს და თან არ ჩანს“.

„ახლა სადაც ვართ, ეს არის ოთახი, სადაც ქალებმა შეძლეს, გაერღვიათ წრე  და გამოთქვეს თავიანთი სატკივარი“, –  მიხსნის თამარი გამოფენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილას განთავსებულ სუფრასთან, რომელზეც ყველაზე მეტი წარწერაა დატანილი: „ამ ოთახში ხდება მათი გულისტკივილის ამოხეთქვა, მაგრამ რა არის ამის შემდეგ?! კი, გამოთქვი სატკივარი და ახლა გჭირდება დახმარება, სახელმწიფოდან, ორგანიზაციებიდან, დახმარება რომელიც რეალურად არ არის და ყველაფერი ისევ ტრიალებს ერთ წრეზე, ლაბირინთში“. 

საკუთარი სუფრა. ფოტო: Contemporary Art Space, Batumi
საკუთარი სუფრა. ფოტო: Contemporary Art Space, Batumi

სუფრებისგან შექმნილი ბინა-ლაბირინთის ერთ კუთხეში აგნეშკა დუდრაკის ვიდეოინსტალაციაა. დიდ ეკრანზე მხოლოდ ტუჩები ჩანს – 12 ქალი საკუთარი თავის შესახებ ყვება, მათი სახეები არ ჩანს, დამთვალიერებელი მხოლოდ ტუჩებს ხედავს და ესმის ქალის ხმა, რომელსაც დროდადრო ქალაქური სიმღერები ენაცვლება: „მითხარ რად ხარ მოწყენილი“, „კარზე მოდგა შემოდგომა“… „აგნეშკამ გადაწყვიტა გაეკეთებინა მოკლე ვიდეო, სადაც ქალები ისაუბრებდნენ. გამოვიყენეთ ასეთი ხერხი და თან დავესესხეთ სემუელ ბეკეტს, რომელსაც აქვს ასეთი ვიდეო , სადაც ქალი ლაპარაკობს თავის პრობლემებზე და მთელ აქცენტი არის ტუჩებზე. აგნეშკამ  ვიდეოს დაურთო ქალაქური სიმღერები, ამონარიდები სიმღერებიდან, ამის ფონზე ისმის ქალების ხმა, ისინი ყვებიან თავის ისტორიებს“, –  ამბობს თამარი.

გამოფენა „საკუთარი სუფრა“, ბათუმამდე თბილისში, გალერეა „ნექტარში“ გამოფინეს. პარალელურად თბილისში, გალერეაში სხვადასხვა ფილმის ჩვენება და ლექციები იმართებოდა, რასაც ხშირად სტუმრობდნენ ქალები, რომელთა ინეტერვიუებიცაა გამოყენებული გამოფენის მომზადებისას. „მათთვის უცხო იყო ხელოვნებასთან შეხება. ძალიან კრიტიკულები იყვნენ, მათ აწუხებთ კონკრეტული პრობლემები და რა თქმა უნდა, ხელოვნება არ არის ის ფორმა, რომელსაც შეუძლა ეს ყველაფერი ამოხსნას პირდაპირ, მაგრამ ხელოვნებას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და ამაში თავადაც დარწმუნდნენ. ეს ქალები ყველა ღონისძიებაში ერთვებოდნენ, კითხვებს სვამდნენ, მათ რეალურად იგრძნეს, რომ გააჩნიათ ცოდნა, რომელიც მხოლოდ მათ გააჩნიათ და ამიტომაც არიან ძლიერები. ეს არის უშუალოდ მათი გამოცდილებით მიღებული ცოდნა, რაზეც შეიძლება ბევრმა  ექსპერტმა ილაპარაკოს, მაგრამ ეს ყოველთვის იქნება ნათარგმნი, ამიტომაც სჯობს, რომ მათ თავად აიმაღლო ხმა და გაგვიზიარონ ის, რაც მხოლოდ მათ იციან“, – ამბობს თამარი.

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე. ფოტო: Contemporary Art Space, Batumi
ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე. ფოტო: Contemporary Art Space, Batumi

გამოფენა „საკუთარი სუფრა“ მონდრიანის ფონდისა (ნიდერლანდები) და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ-რეგიონალური ბიუროს (საქართველო) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ბათუმის შემდეგ „საკუთარი სუფრა“ თელავში გამოიფინება.    

გადაბეჭდვის წესი