სიახლეები

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია: ვიდეოზე გავრცელებული შეფასება არასწორი და პროვოკაციულია

10.07.2017 • 3777
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია: ვიდეოზე გავრცელებული შეფასება არასწორი და პროვოკაციულია

9 ივლისს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომლის ავტორის თქმითაც, ბულვარში პოლიციამ ახალგაზრდებს ქართული ცეკვა აუკრძალა. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, ინფორმაცია არასწორი და პროვოკაციულია:

„გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ავტორი მიზანმიმართულად აჟღერებს ინფორმაციას, რომელიც სიმართლეს არ შესაბამება: თითქოს, ბათუმის ბულვარში „ქართულ ცეკვას“ კრძალავენ. ბულვარის ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმულირება არის არამარტო არასწორი შეფასება, შეიძლება ითქვას პროვოკაციული და არასახელმწიფოებრივიც. ქართული ცეკვის აკრძალვა არც სამართალში და არც ბულვარის ადმინისტრაციის თუ დაცვის სამსახურის წარმოდგენაშიც კი არ დაშვებულა. უფრო მეტიც, ივლისი აგვისტოს პერიოდში, გასული ტურისტული სეზონების მსგავსად, აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ არაერთი კონცერტის ჩატარება იგეგმება, რომლებშიც სწორედ ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.

გავრცელებულ ვიდეოში ადგილი ჰქონდა, დაცვის პოლიციის მიერ მითითებას, რომ აღნიშნულ ადგილზე არ იყო მიზანშეწონილი გზის გადაკეტვა და უნდა გადასულიყვნენ სხვა სივრცეში, რადგან ეს არის ბულვარის შესასვლელი ცენტრალური სავალი ნაწილი, საზოგადოებრივი სივრცე, რომლითაც ყველა სარგებლობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა დაცვის პოლიციის პრეროგატივაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტერიტორიაზე მოწყობილია ბათუმის ბულვარის ყველასათვის საყვარელი და სავიზიტო ბარათი – მოცეკვავე შადრევნები, რომელიც სპეციალურ მუსიკალურ პროგრამას მოიცავს .
ბათუმის ბულვარში საკმაოდ დიდი სივრცეა იმისათვის, რომ სავალი ნაწილი არ გადაიკეტოს და არც სხვა არსებულ ატრაქციას შეეშალოს ხელი.

მოვუწოდებთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს და ქალაქის სტუმარს, ნუ აჰყვებიან მსგავს პროვოკაციებს და დაეწრონ 15 ივლისიდან ბათუმის ბულვარში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გამართულ ქართული ცეკვისა და სიმღერის უფასო კონცერტებს, რომლებიც სწორედ ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება“ – აღნიშნულია ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: