პატიმარი: არ მეუბნებიან, ოპერაციას გამიკეთებენ თუ არა

„ყურთასმენაც დაკარგული მაქვს, ძალიან ძლიერი ტკივილები მაქვს, ვარ ძალიან ცუდად. გთხოვთ, დამეხმაროთ და მარტო ტყუილი წერილობითი პასუხებით ნუ შემოიფარგლებით“, – აღნიშნავს მსჯავრდებული ფრიდონ ჯ. ბათუმის ციხიდან გამოგზავნილ წერილში. მისი თქმით, ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ და არც იმას ეუბნებიან, ჩაუტარდება თუ არა ოპერაცია. პატიმარმა წერილი ჟურნალისტების გარდა სამთავრობო უწყებებსაც მისწერა.

„შევხვდი ექიმ-სპეციალისტს ოტოლარინგოლოგს. დიაგნოზები დამისვა, რომ ყელზე და ცხვირის ძგიდზე მაქვს ჩასატარებელი ოპერაცია. არ მეუბნება მთავარი ექიმი, დარეგისტრირებული ვარ თუ არა. ხერხემლის, კისრის არეში, ფეხების არეში გაუსაძლისი ტკივილები მაქვს,“ – წერს პატიმარი.

„მსჯავრდებული ფ.ჯ. უკვე დარეგისტრირებულია რეფერალის ელექტრონულ ბაზაში, – მოგვწერეს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროდან, – შესაბამისად, ოპერაციული მკურნალობა განსაზღვრული წესის მიხედვით, რიგითობის დაცვით გაეწევა. გეგმურ ოპერაციულ მკურნალობაზე რეკომენდაცია ფ.ჯ.-ს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მიეცა, სადაც იგი ჩივილებიდან გამომდინარე კონსულტაციის მიზნით იქნა გადაყვანილი. კლინიკაში მას დამატებით ქირურგის კონსულტაციაც ჩაუტარდა, რომელმაც გეგმურ ოპერაციულ მკურნალობაზე  გასცა რეკომენდაცია. ამჟამად, ფ.ჯ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროებისამებრ, მომავალშიც გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება,“ – აღნიშნულია სამინისტროდან მიღებულ წერილში.

ფრიდონ ჯ.-ს შემთხვევას სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი. მოკვლევის შედეგი ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი