მთავარი,სიახლეები

მერაბ ღოღობერიძე სასამართლოს: ჩემ გარეშე განიხილეთ

10.07.2017 • 2124
მერაბ ღოღობერიძე სასამართლოს: ჩემ გარეშე განიხილეთ

„ჩემ გარეშე განიხილეთ,“ – მერაბ ღოღობერიძისგან ეს წერილობითი განცხადება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. ის განიხილავს მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმეს, რომლებსაც „ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად. მერაბ ღოღობერიძე დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდა.

„ის არის ავად და სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია. ამის გამო ვერ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. ვაყენებ შუამდგომლობას, გადაიდოს სასამართლო პროცესი,“ – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა პაატა შავაძემ. ის მერაბ ღოღობერიძის ინტერესებს იცავს.

პაატა შავაძის განმარტებით, 13 ივლისს აქვს შეხვედრა ჩანიშნული მერაბ ღოღობერიძესთან ციხეში და იქ დააზუსტებს, როდის მოახერხებს მერაბ ღოღობერიძე პროცესზე დასწრებას.

კანონმდებლობის მიხედვით, შესაძლებელია სასამართლო პროცესები ბრალდებულის დასწრების გარეშე გაგრძელდეს. დღევანდელ სხდომას ამავე საქმეზე ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია ესწრებოდა.

სხდომის გადადების წინააღმდეგი წავიდა პროკურორი რამაზ შავაძე. მან ყურადღება გაამახვილა ბრალდებულის წერილზე, რომელიც მან მოსამართლეს გამოუგზავნა და სადაც არ წერია, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ამიტომ ვერ მოვიდა სასამართლოში.

„ის ცალსახად ამბობს, რომ მისი მონაწილეობის გარეშე წარიმართოს პროცესი. ძალიან ბევრი მოწმეა დასაკითხი. დღეს რამდენიმე მოწმე წარმოდგენილი გვყავს. თუკი ინტენსიურად არ იმუშავებს სასამართლო, პროცესი გაჭიანურდება,“ – აღნიშნა რამაზ შავაძემ.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა საქმის განხილვა გადადო. „მე ვერ ვხედავ, რომელიმე მხარის მხრიდან პროცესის გაჭიანურების მცდელობას. მნიშვნელოვანია დაზუსტდეს, რის გამო ვერ გამოცხადდა ბრალდებული“, – დასძინა მოსამართლემ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: