მთავარი,სიახლეები

თამაზ ბაკურიძე: ვითხოვ ვიდეოჩანაწერების ამოღებას, თუმცა გამოძიება ინერტულია

08.07.2017 • 2788
თამაზ ბაკურიძე:  ვითხოვ ვიდეოჩანაწერების ამოღებას, თუმცა გამოძიება ინერტულია

მეექვსე დღეა სამაშველო სამსახური ზღვაში დაკარგულ კობა ბაკურიძეს ეძებს. თვითმხილველების და ოჯახის წევრების თქმით, ის 3 ივლისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე პლაჟზე შენიშნეს, თუმცა საღამოს შვიდი საათის შემდეგ, მისი კვალი იკარგება.

კობა ბაკურიძის ძმა, თამაზ ბაკურიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გამოძიება არაეფექტურად მუშაობს. ის გამოძიებას პლაჟის მიმდებარედ არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას თხოვს, თუმცა გამოძიებას ჩანაწერები ჯერ არ ამოუღია.

„სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მეექვსე დღეა უკვე და გამოძიებას არაფერი აქვს სათქმელი. გუშინ მივედი და ვთხოვე, რომ ამოეღოთ კამერების ჩანაწერები, რადგან ჩემი ძმის ავტომანქანა გაჩერებული იყო ანბანის კოშკთან და რეალურად არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ ნამდვილად დაინახეს კობა სანაპიროზეც და ზღვაშიც. ამიტომ, აუცილებელია ამოიღონ ჩანაწერები, რომ ზუსტად ვიცოდეთ, როდის და სად მოძრაობდა, რომ იმის მიხედვით გამოძიებამ მიგვიყვანოს წერტილამდე. ნამდვილად ზღვაში უნდა ვეძებოთ თუ ხმელეთზე“, – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

მისი თქმით, გამოძიება ინერტულია.

„რატომ არ ხდება ამ წუთებამდე კადრების ამოღება, ჩემთვის გაუგებარია. იძახიან, მიმდინარეობს გამოძიებაო. ყველა თვითმხილველი, ვინც გამოძიებას დაკითხული ჰყავს, ჩვენი მიგზავნილია. ისინი აქ გამოსული არავინ არ მინახავს. სხვა ვერსიებზე გამოძიებამ არ უნდა იმუშაოს?“ – ამბობს ის.

კობა ბაკურიძის ავტომანქანა, რომელიც გაუჩინარების დღეს ანბანის კოშკის მიმდებარედ იდგა, გამოძიებამ პოლიციის მე-6 განყოფილებაში გადაიყვანა. კობა ბაკურიძის ძმა ამბობს, რომ გაუჩინარების დღეს პლაჟზე აღმოჩენილი ფლოსტები, მის ძმას არ ეკუთვნის. „ავტომანქანის გასაღები იდო ამ „ჩუსტების“ გვერდით, მაგრამ ეს არ არის ჩემი ძმის. „ჩუსტები“ ძველი და გაცრეცილია, ამას არ ჩაიცვამდა ჩემი ძმა, რადგან ორი ახალი „ჩუსტი“ ჰქონდა. მისი მაისური, სათვალე და პირსახოცი იდო ავტომანქანაში“, – გვეუბნება ის.

თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ თვითვმხილველების თქმით, ის ბულვარში მაისურის გარეშე მოძრაობდა.

„იმის ნაცვლად, რომ ვიდეოჩანაწერები ამოიღოს, ცოლს ეკითხება, ხომ არ იჩხუბეთ, გაბრაზებული ხომ არ წავიდა ან ვალები ხომ არ აქვსო. მაშინ, როცა კადრია მთავარი მტკიცებულება და მიგვიყვანს რეალურ შედეგამდე. მე ვითხოვ შეიქმნას ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც შევა უშიშროების, პროკურატურის და შსს გამომძიებლები, რომ ბოლომდე მიგვიყვანონ რაღაც წერტილამდე“.

თამაზ ბაკურიძის თქმით, სამაშველო სამსახურის ჯგუფები ზღვაში მისი ძმის ძებნას ბათუმის, ქობულეთის და ფოთის სანაპიროებზე აგრძელებენ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: