მთავარი,სიახლეები

მოსამართლე თამარ ქალდანს: იქნებ მეც დამარწმუნოთ, რომ იდეალურადაა საქმე

07.07.2017 • 2420
მოსამართლე თამარ ქალდანს: იქნებ მეც დამარწმუნოთ, რომ იდეალურადაა საქმე

“გარკვეული საკითხები უკეთესად დაზუსტდა… დღეს მოქმედი კანონი მკაფიოდ არეგულირებს ინსპექტორის რეაგირების მანდატს,” – უთხრა მოსამართლეებს თამარ ქალდანმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა. საკონსტიტუციო სასამართლო განაგრძობს ფარულ მოსმენებზე პოზიციების მოსმენას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ინსპექტორის აპარატი საზედამხედველო ორგანოა. ამ არგუმენტით თამარ ქალდანი ამართლებს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ინსპექტორს ე.წ. გასაღები აღარ აქვს, ანუ მისი თანხმობა აღარ სჭირდება სუს-ს ფარული მოსმენის დასაწყებად.

“შესაძლებელია, თანხმობის გაცემა ვინმეს აღექვა ისე, რომ ჩვენც გამოძიების ჩამტარებლები ვართ და არა მაკონტროლებლები. თუ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას ასრულებს საგამოძიებო ორგანო, მან უნდა აიღოს სრულად პასუხისმგებლობა, ხოლო ინსპექტორი თუკი პრობლემას დაინახავს, შეუძლია მოითხოვოს ამ პროცესის შეჩერება,” – აღნიშნა თამარ ქალდანმა.

ნათქვამის საილუსტრაციოდ ინსპექტორმა ციფრებიც დაასახელა: გასულ წელს, ანუ “გასაღების” ჩამორთმევამდე, ინსპექტორს 47 შემთხვევაში არ გაუცია მოსმენაზე თანხმობა, მიმდინარე წელს კი, მხოლოდ 8-ჯერ მოუთხოვია ინსპექტორს უკანონოდ მიჩნეული მოსმენის შეჩერება.

თამარ ქალდანმა კონკრეტული დარღვევის აღმოჩენის მაგალითიც მოიყვანა, სადაც ინსპექტორმა დაადგინა, რომ პროკურატურის განჩინების მხარისთვის წარდგენის გარეშე შესრულდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, ასევე დაირღვა განჩინებაში მითითებული ვადები.

“ეს ხომ არ ადასტურებს იმას, რომ როცა თქვენ ინსპექტირების ფარგლებში, პოსტფაქტუმ ამოწმებთ კონკრეტულ შემთხვევებს, ეს არაა საკმარისი? შეიძლება თქვენ ნახეთ ეს დარღვევა ერთ საქმეში, მაგრამ არ იცით, რა ხდება დანარჩენ ასობით საქმეში. თქვენ კი ამბობთ, რომ ყველაფერი იდეალურადაა…” – აქ მოსამართლე მაია კოპალეიშვილს თამარ ქალდანმა გააწყვეტინა:

“მე არ მითქვამს, რომ იდეალურადაა საქმე…”

“ციფრები, რაც დაასახელეთ, ეს ჩანს… მეც მინდა უკეთესობა. იქნებ მეც დამარწმუნოთ, რომ იდეალურადაა საქმე, სხვა მოსამართლეებიც, დარბაზიც,” – დაამატა მაია კოპალეიშვილმა.

“ასპროცენტიანი დაცვის მექანიზმი არ არსებობს. ჩვენც გვინდა, რაღაც დაიხვეწოს. ვერც ერთი საზედამხედველო ორგანო ვერ უზრუნველყოფს ყველა საგამოძიებო მოქმედების კონტროლს. მაშინ გამოვა, რომ მეორე სასამართლო ვართ”, – დასძინა თამარ ქალდანმა.

კითხვები დაისვა საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც, როცა მოსამართლე მოსმენაზე ნებართვას გასცემს და ამის შემდეგ უგზავნიან ინსპექტორს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილს.

“სასამართლოს აქტის გამოცემამდე თქვენ პროცესზე არ მიგიწვდებათ ხელი… დღეს წარმოგვიდგინა ერთ-ერთმა მოსარჩელემ სისხლის სამართლის საქმე, სადაც აღმოჩნდა, რომ გამომძიებელს ფარულად ჩაწერილ მასალებში რაღაც შეუცვლია…” – მიმართა ინსპექტორს მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა.

“ინსპექტორი არ არის სასამართლო… იყო ასეთი შემთხვევა, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ იყო მკაფიოდ მითითებული, ორი პირიდან ვისი მოსმენა დაუშვა სასამართლომ. ამ შემთხვევაში ჩვენ სასამართლოს დავუბრუნეთ აქტი დასაზუსტებლად,” – აღნიშნა თამარ ქალდანმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მხარეების მოსმენას ხვალ, 8 ივლისს დაასრულებს. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, სარჩელზე არსებით განხილვას დაიწყებს, თუ ამის გარეშე დააკმაყოფილებს მოსარჩელეების მოთხოვნას და ფარული მიყურადების არსებულ მოდელს გააუქმებს.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: