მთავარი,სიახლეები

მოსამართლე სუს-ის წარმომადგენელს: ერთია ტერორიზმი და მეორე – ადამიანის უფლებები

07.07.2017 • 2730
მოსამართლე სუს-ის წარმომადგენელს: ერთია ტერორიზმი და მეორე – ადამიანის უფლებები

„ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ცალ-ცალკე არსებობდა ორგანო, რომელიც ფარულ მოსმენებს ახორციელებდა და დაწესებულება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ეს ორი უწყება გაერთიანდა და ამის მიზეზი იყო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა,“ – ასე უპასუხა სუს-ის წარმომადგენელმა, ბექა ზეგარდელმა მოსამართლე მანანა კობახიძის შეკითხვას საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განაგრძობს 326 მოსარჩელის სარჩელის განხილვაზე განმწესრიგებელ სხდომას. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის მიერ ჩამოყალიბებული ახალი უწყება – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ისევ სუს-ს ექვემდებარება და უკანონო მოსმენები გრძელდება.

„ერთია ტერორიზმი და მეორე – ადამიანის უფლებები. იქნებ ის გვითხრათ, რატომ არის აუცილებელი ეს უწყება საქართველოში სუს-ს ექვემდებარებოდეს,“ – მიმართა სუს-ის წარმომადგენელს ზაზა თავაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

ბექა ზეგარდელმა ისევ საერთაშორისო პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ უწყება, რომელიც უსაფრთხოებას იცავს, „ქვეყნის ხერხემალია“.

„იქნებ შეეშვათ ამ საერთაშორისო პრაქტიკას, – უთხრა სუს-ის წარმომადგენელს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ, –  ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება [იგულისხმება საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება], სადაც წერია, რომ უწყება, რომელიც ფარულ მოსმენებს ახორციელებს, არ უნდა იყოს სუს-ის დაქვემდებარებაში. პარლამენტს უნდა შეესრულებია ეს გადაწყვეტილება. გასაგებია, რომ თქვენ წარმოადგენთ სუს-ის პოზიციას, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, შინაარსობრივად ხომ არ მივიღეთ იგივე უწყება, რაც მანამდე დეპარტამენტის სახით გვქონდა?“

მოსამართლეს სუს-ის წარმომადგენელმა კითხვა დაუბრუნა: „ვთქვათ, სუს-ის დაქვემდებარებიდან ეს უწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადასულიყო, ასე შესრულდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილება?… მთავარი არის არა ის, თუ ვის დაქვემდებარებაშია სააგენტო, არამედ ის, რომ რეალურად მას დამოუკიდებლად მუშაობის საკანონმდებლო გარანტიები აქვს“, – აღნიშნა ბექა ზეგარდელმა.

მოსამართლეებმა სუს-ის წარმომადგენლეს ასევე hკითხეს სუს-ის გენერალური ინსპექციის შესახებ, რომელსაც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ცალკეულ თანამშრომლებზე დასკვნის დადება შეუძლია. ბექა ზეგარდელის განმარტებით, მართალია, გენერალური ინსპექცია სუს-ის სტრუქტურაა, მაგრამ მის მიერ მომზადებულ დასკვნაზე საბოლოო გადაწყვეტილება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელმა უნდა მიიღოს.

„თუ სააგენტოს უფროსს მოკვლევის ხარისხი არ აკმაყოფილებს, შეუძლია თვითონ გამოიკვლიოს?“- იკითხა მოსამართლე მერაბ ტურავამ.

„პრაქტიკულადაც ასე ხდება. ყოფილა შემთხვევა, როცა გენერალური ინსპექციის დასკვნის შემდეგ, დეპარტამენტის უფროსს ინფორმაცია მოუკვლევია და განსხვავებული შედეგი დადებულა. გენინსპექციის დასკვნას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს,“ – უპასუხა მოსამართლეს ბექა ზეგარდელმა.

დისკუსიაში მოსამართლე ირინე იმერლიშვილი ჩაერთო: „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელს აქვს რაიმე მექანიზმი, გადაამოწმოს გენერალური ინსპექციის მიერ დარღვევების დაფიქსირება რამდენად სამართლიანად მოხდა?“ კითხვას სუს-ის წარმომადგენლემა მოკლედ უპასუხა: „ორი გენერალური ინსპექცია ერთ სამსახურს ვერ ეყოლება“.

მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა სუს-ის წარმომადგენელს შეახსენა, რომ გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის უფროსი სუს-ის უფროსია და ამ რგოლის მეშვეობით შესაძლოა სუს-მა სააგენტოზე ზეგავლენა მოახდინოს.

„მთავარია, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას. გენერალურმა ინსპექციამ შესაძლოა დადოს დასკვნა, მაგრამ გადაწყვეტილება ვინმეს გათავისუფლებაზე სააგენტოს უფროსმა უნდა მიიღოს“, – აღნიშნა სუს-ის წარმომადგენელმა, ბექა ზეგარდელმა.

„ვინ და რატომ გადაწყვიტა ასეთი არქიტექტურით ყოფილიყო ეს ახალი სააგენტო წარმოდგენილი?“ – ეს შეკითხვა მოსამართლე მანანა კობახიძემ დასვა. მოსამართლეს და ყოფილ პარლამენტარს სუს-ს წარმომადგენელმა უპასუხა: „ჩვენც, რა თქმა უნდა, ჩართულები ვიყავით, მაგრამ პარლამენტს აქვს ყველაზე დიდი წილი ამ კანონპროექტის შემუშავებაში…“

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ამჯერად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ისნპექტორის პოზიციას მოისმენს.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: