მთავარი,სიახლეები

ავტომანქანებში ნაჩუქარი BMW არ ფიგურირებს – საწვავის ხარჯი უმაღლეს საბჭოში

07.07.2017 • 2845
ავტომანქანებში ნაჩუქარი BMW არ ფიგურირებს – საწვავის ხარჯი უმაღლეს საბჭოში

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა და ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“, ზაზა ოქუაშვილმა, BMW X1-ის მარკის ავტომობილი აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე წლის 7 ივნისს გადასცა. როგორც მაშინ ოქუაშვილმა განმარტა, ავტომობილი კონკრეტულად დეპუტატ ცოტნე ანანიძის საჩუქარი იყო.

უმაღლესი საბჭოს იმ ავტომანქანების ჩამონათვალში, რომლებზეც მიმდინარე წლის ივნისის თვეში საწვავი გაიცა, ნაჩუქარი ავტომობილი არ ფიგურირებს. სატრანსპორტო საშუალებათა მართვისა და ექსპლუატაციის განყოფილების უფროსის, პლატონ მანჯგალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ავტომანქანა უმაღლეს საბჭოსთვის ოფიციალურად გადაცემული არ არის: „ეს მანქანა პრაქტიკულად არ გვყავს. შესაბამისად, როცა მოხდება გადმოცემა, შემდეგ ავიყვანთ ბალანსზეც და აისახება საწვავის ხარჯშიც, ალბათ მომავალ თვეში“.

უმაღლესი საბჭოს მონაცემებით, ივნისის თვეში საწვავი არც ცოტნე ანანიძის სახელზე გაცემულა. ავტომანქანების ნუსხაში კი არც ის ავტომანქანაა [MAL 977], რომელიც ცოტნე ანანიძეს მაისის თვეში ემსახურებოდა. პლატონ მანჯგალაძის თქმით, ეს მანქანა ქირავნობით იყო აყვანილი დროებით, 20-25 დღე, ივნისის თვეში კი, ცოტნე ანანიძეს ავტომანქანა არ ემსახურებოდა.

უმაღლესი საბჭოს ავტოპარკში ახალი ავტომობილი გამოჩნდა – სახელმწიფო ნომრით: SP819CO, რომელიც ივნისში უმაღლესი საბჭოს წევრს, ვლადიმერ მგალობლიშვილს ემსახურებოდა. საბჭოს ინფორმაციით, მოხდა ავტომანქანების შეცვლა. მანქანა – სახ.ნომრით SCA 505, რომელიც ვლადიმელ მგალობლიშვილს ემსახურებოდა, გადაეცა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომელმაც საბჭოს გადმოსცა სხვა მანქანა – სახ.ნომრით: SP819CO. ვლადიმერ მგალობლიშვილი უმაღლესი საბჭოს წევრობამდე ამ სამინისტროში მინისტრის მოადგილე იყო.

უმაღლეს საბჭოში საგრძნობლადაა შემცირებული საწვავის ხარჯი ივნისის თვეში იმ ორ ავტომანქანაზე, რომლებიც საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს ემსახურება [ივნისის თვეში ამ ავტომანქანებზე გახარჯულია 510,95 ლიტრი საწვავი, რაც 289 ლიტრით ნაკლებია მაისში გახარჯულ საწვავთან შედარებით]. თუმცა, საბჭოს წევრებს შორის, ვის სახელზეც საწვავი გაიცა ივნისში, თავმჯდომარე კვლავ ლიდერობს.

თავმჯდომარის შემდეგ ყველაზე მეტი საწვავი ივნისის თვეში კვლავ გახარჯული აქვთ  ვლადიმერ მგალობლიშვილს, ირაკლი ჭეიშვილს და მერაბ კარანაძეს – 400-400 ლიტრი თითოეულს. თითქმის ამდენივე საწვავი აქვთ გახარჯული: დავით ბაციკაძეს – 399,98 ლიტრი; ელგუჯა ბაგრატიონს – 399,01 ლიტრი [უმაღლეს საბჭოში საწვავის ლიმიტი თვეში 400 ლიტრია].

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი საწვავი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შემდეგ, დეპუტატებს შორის გახარჯული ჰქონდა დავით ბაციკაძეს. „გასდიოდა მანქანას, ამიტომ გამოვიდა ამდენი,“ – უთხრა მაშინ „ბათუმელებს“ დავით ბაციკაძემ.  თუმცა, იმავე ავტომანქანამ, რომელიც დავით ბაციკაძეს ემსახურება, 399.93 ლიტრი აპრილის თვეში, 399,98 ლიტრი მაისის თვეში გახარჯა. ბაციკაძემ განაცხადა, რომ ავტომანქანა, რომელიც მას ემსახურება შეკეთდა, მაისში საწვავის ხარჯის ოდენობა კი იმით ახსნა, რომ იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტში:  „მიმდინარე თვის ბოლოს მოიკითხეთ და ნახეთ რამდენი იქნება ხარჯი“. „მიმდინარე თვის“, ანუ ივნისის ბოლოს კი დავით ბაციკაძის სახელზე უმაღლეს საბჭოში ზუსტად იმდენივე საწვავია გაცემული, რამდენიც მაისის თვეში [399,98 ლიტრი].

ივნისის თვეში საბჭოს წევრებს შორის ყველაზე ნაკლები საწვავი ნინო ჩხეტიას სახელზეა გამოწერილი – 205,47 ლიტრი.

გარდა იმ ავტომანქანებისა, რომლებიც დეპუტატებს პერსონალურად ემსახურება, უმაღლეს საბჭოში არის 4 მორიგე ავტომანქანა, რომლებზეც ივნისის თვეში გაცემულია 1390,11 ლიტრი საწვავი, რაც 34 ლიტრით მეტია მაისის თვესთან შედარებით.

მიმდინარე წელს ყველაზე მეტი საწვავი – 6013,48 ლიტრი – უმაღლესმა საბჭომ მაისის თვეში გახარჯა.

საწვავი ივნისი

IMG_0425-Copy-e1496860338334 (1)

უმაღლესი საბჭოსთვის ნაჩუქარი ავტომობილი / მანანა ქველიაშვილის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: