მთავარი,სიახლეები

დეპუტატმა მიქელაძემ პრემიის სახით მიღებული 7050 ლარიდან მხოლოდ 1800 ლარი დააბრუნა

05.07.2017 • 3042
დეპუტატმა მიქელაძემ პრემიის სახით მიღებული 7050 ლარიდან მხოლოდ 1800 ლარი დააბრუნა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი მიქელაძემ, დღეს, 5 ივლისს, ჟურნალისტებისთვის სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გერმანიაში ყოფნის პერიოდში მის ანგარიშზე ჩარიცხული პრემია ხაზინაში დააბრუნა.

„ბრიფინგის გამართვას არ ვაპირებდი, რომ არა ჟურნალისტების და საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესი ამ საკითხთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, რომ ამ წელს, სამი თვის განმავლობაში ვიმყოფებოდი გერმანიაში, კანონის სრული დაცვით… ვიმყოფებოდი ოჯახური მიზეზების გამო, თუმცა ამ მიზეზებზე საჯაროდ საუბარი არ მსურს, რადგან ეს ჩემი პირადი საქმეა და არავის განსახილველი არ არის.

ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ შემეძინა პირველი შვილი და ჩემი მეუღლეც და შვილიც ჯანმრთელად არიან.

სწორედ ამ პერიოდში, ისე, რომ მე არ მქონდა ინფორმაცია, გარდა თანამდებობრივი სარგოსი და სადღესასწაულო დანამატისა, სამი თვის განმავლობაში პრემიის სახით დამერიცხა 1800 ლარი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, დამერიცხა 1 800 ლარი და არა ის თანხები, რომელიც მედიასაშუალებებში, სამწუხაროდ, დამახინჯებულად და არასწორად ჟღერდებოდა“.

ირაკლი მიქელაძე ამბობს, რომ გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ბიუჯეტში პრემიის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

„2017 წლის 23 ივნისს, სახელმწიფო ხაზინაში, ყოველგვარი პიარის გარეშე, გადავრიცხე აღნიშნული თანხა სრულად. რა თქმა უნდა, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მაგრამ არ და ვერ დავუშვებდი, რომ თუნდაც ერთ ადამიანს ჰქონოდა კითხვები ჩემი საქმიანობის შესახებ“, – ამბობს ის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რა მუხლით დააბრუნა  ბიუჯეტში თანხა, ირაკლი მიქელაძე ამბობს, რომ მოტივი მითითებული არ აქვს.

ირაკლი მიქელაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი

ირაკლი მიქელაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი

ბათუმის საკრებულოდან „ბათუმელებისთვის“ 28 მაისს ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი მიქელაძეს 2017 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, პრემიის სახით, მიღებული აქვს 7050 ლარი. სწორედ აქედან გამომდინარე ვკითხეთ საკრებულოს თავმჯდომარეს, ლაშა სირაბიძეს, სად წავიდა 5 250 ლარი, თუ ეს თანხა, პრემიის სახით, ირაკლი მიქელაძეს არ მიუღია.

ლაშა სირაბიძემ თქვა, რომ ამ კითხვით მას არ უნდა მივმართოთ. ლაშა სირაბიძის პოზიციაა, რომ ამის შესახებ კითხვები ირაკლი მიქელაძეს უნდა დავუსვათ. „თუ მასეთ რაღაცას იკვლევთ, ყველაზე ცივილური გზა არის სთხოვოთ საბანკო ამონაწერი [ირაკლი მიქელაძეს]. ჩვენგან ჩარიცხული ყოველი თეთრი მიდის მისამართამდე… ამონაწერთან დაკავშირებით ამ კონკრეტული ორგანიზაციიდან გადარიცხული თანხები აისახება ბანკში. ჩვენ არც ხელზე არ გავცემთ თანხებს და არაფერი… ბატონმა ირაკლიმ ამოიღოს ამონაწერი და გაგცეთ ამაზე პასუხი. მე მეტს ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, – განაცხადა ლაშა სირაბიძემ.

ბათუმის საკრებულოდან 2017 წლის 28 მაისს მიღებული ინფორმაცია იხილეთ ცხრილის სახით.

„ბათუმელების“ მიერ საკრებულოდან ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტის მიხედვით, ირაკლი მიქელაძეს აპრილის თვეში პრემიის სახით 3 525 ლარი ჩაერიცხა.

ამ საკითხთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ სცადა საკრებულოს ბუღალტერისგან მიეღო უფრო ზუსტი ინფორმაცია, თუმცა მასთან შესვლის შესაძლებლობა არ მოგვეცა.

„იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები,“- ასე შეაფასა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე – გიორგი ხიმშიაშვილმა ირაკლი მიქელაძესთან დაკავშირებული შემთხვევა.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: