39916

„შუახევობისთვის“ გამგეობა ტენდერით თეთრ ცხვარს შეისყიდის

„შუახევობა – 2017“-ზე ჭიდაობაში გამარჯვებულს შუახევის გამგეობა საჩუქრად თეთრ ცხვარს გადასცემს. სიგელ-მედლებისა და თეთრი ცხვრის შესყიდვაზე შუახევის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 372 ლარია.

შუახევის გამგეობის განათლების სამსახურის უფროსის, ფრიდონ დავითაძის ინფორმაციით, „შუახევობა“ ყოველწლიურად შემოდგომაზე ტარდება, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობის ეზოში ეთნოგრაფიული გამოფენის პარალელურად სპორტული და კულტურული ღონისძიებები იმართება. ჭიდაობაში გამარჯვებულ ფალავანს კი ტრადიციულად, ცხვარს ჩუქნიან.

„ამ დღეს ადგილობრივი ტრადიციებს წარმოვაჩენთ, იმართება სხვადასხვა ღონისძიება, სოფლებიდან უხუცესი და ღვაწლმოსილი ადამიანები მოგვყავს, გამოფენის პარალელურად იმართება ფალავნობა. ჭიდაობაში გამარჯვებულ ფალავანს ტრადიციულად ცხვარს ჩუქნიდნენ, ჩვენ ამ ტრადიციას ვაგრძელებთ. ცხვრის ჩუქებას სიმბოლური და ტრადიციული დატვირთვა აქვს. ჭიდაობაში მონაწილეობის უფლება კი ნებისმიერ მოქალაქეს ექნება, ამ მხრივ არც ასაკობრივი შეზღუდვა იქნება,“ – ამბობს განათლების სამსახურის უფროსი.

ფრიდონ დავითაძის ინფორმაციით, „შუახევობა – 2017“-ის ფარგლებში გამგეობა ტრანსპორტირების მომსახურებას შეისყიდის: „სოფლებიდან უხუცესებისა და ღვაწლმოსილი მოქალაქეების გადმოსაყვანად. რაც შეეხება სუფრას, ბიუჯეტის ხარჯზე არ ვშლით“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი