მთავარი,სიახლეები

თავშესაფარი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანებისთვის

05.07.2017 • 4640
თავშესაფარი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანებისთვის

ფსიქიკურად დაავადებულ ხანდაზმულებს თავშესაფარში მიიღებენ – საუბარია 65 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, ვისაც ასაკობრივი ცვლილებების გამო სხვადასხვა ფსიქიკური დაავადება ქრონიკულად აწუხებს, მაგრამ არა გამწვავებული ფორმით. ამ ტიპის პაციენტების სტაციონარში მოთავსება ამჟამად შეუძლებელია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ივლისიდან 50 ასეთი პაციენტის დაფინანსებას აპირებს.

„ესენი არიან მოხუცები, რომლებიც გარშემომყოფებს საფრთხეს არ უქმნიან, მაგრამ ხშირად ოჯახებს მათი მოვლის საშუალება არ აქვთ, ან მარტოხელები არიან…“, –  გვიყვება ლელა სურმანიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.

ალცჰეიმერი, ამნეზიური სინდრომი, დემენცია [ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება], დელირიუმი [აღგზნებადობა], თავის ტვინის დაზიანებით გამოწვეული აშლილობები – ლელა სურმანიძის განმარტებით, ძირითადად, ამ ფსიქიკური დაავადების მქონე მოხუცებს მოათავსებენ თავშესაფარში.

ფსიქიკური დაავადების მქონე მოხუცებისთვის თავშესაფარი უკვე მოწყობილი აქვს ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს. ამ კლინიკასთან ხელშეკრულება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 3 ივლისს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, თავშესაფარი იზოლირებული უნდა იყოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისგან. თავშესაფრის პრეზენტაცია ოფიციალურად 19 ივლისს იგეგმება.

პროგრამაში ნებისმიერი სხვა კლინიკაც შეიძლება ჩაერთოს, რომელსაც იზოლირებული თავშესაფრის მოწყობა შეუძლია. თავშესაფრით მოსარგებლეს ასევე შეეძლება შეწყვიტოს კონკრეტულ თავშესაფართან თანამშრომლობა და მისთვის გამოყოფილი ვაუჩერით სხვა თავშესაფარში გადავიდეს.

„ეს გულისხმობს 24- საათიან მომსახურებას ადგილზე, მულტიდისციპლინური მეთოდით მკურნალობას ინდივიდუალური მართვის გეგმის შესაბამისად, მედიკამენტებით და სამჯერადი კვებით უზრუნვეყოფას, ჰიგიენური ნივთებით მომარაგებას,“ – ამბობს ლელა სურმანიძე.

თავშესაფარში მყოფი თითოეული პაციენტისთვის სახელმწიფო დღეში 15 ლარს დახარჯავს. ლელა სურმანიძე ამბობს, რომ ეს თანხა არაა საკმარისი, თუმცა ამ ეტაპზე სახელმწიფო პროგრამა ამ ოდენობას ითვალისწინებს. თავშესაფარში გაჩერება მოხუცს 6 თვის განმავლობაში შეუძლია, „თუმცა, თუ არსებობს მკურნალობის გაგრძელების საჭიროება, შესაძლებელია დამატებით გაიცეს ვაუჩერი. ყურადღება მიექცევა ოჯახის სოციალურ მდგომარეობასაც,“ – დასძენს ლელა სურმანიძე.

მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ აქამდე ეს მოხუცები მხოლოდ ამბულატორიული მომსახურებით სარგებლობდნენ და იღებდნენ მედიკამენტებს. პროგრამა ამ ეტაპზე 50 მოხუცის დაფინანსებას ითვალისწინებს, თუმცა თუ მიმართვიანობა მაღალი იქნება, სამინისტრო ბენეფიციარების რაოდენობის გაზრდას მომავალი წლიდან შეძლებს.

თავშესაფრით სარგებლობის თხოვნით სამინისტროს ერთმა მოხუცმა უკვე მიმართა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, 83 წლის მამაკაცს უახლოეს დღეეში მოათავსებენ თავშესაფარში, რომელიც ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია მოწყობილი.

tavshesapari 2

tavshesafari 3

tavshesafari 4

tavshesapari 5

ფოტო: თავშესაფარი ფსიქიკური დაავადების მქონე მოხუცებისთვის ბათუმის ფსიქიატიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: