მთავარი,სიახლეები

სიტყვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმოდა უმაღლესი საბჭოს ანგარიშის მოსმენაზე

04.07.2017 • 2808
სიტყვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმოდა უმაღლესი საბჭოს ანგარიშის მოსმენაზე

შვიდი თვის საქმიანობის ანგარიში აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 4 ივლისს, წარმოადგინა. შეხვედრას, ძირითადად, საჯარო მოხელეები და თანამდებობის პირები ესწრებოდნენ მთავრობიდან. ანგარიშის მოსმენის შემდეგ გათვალისწინებული იყო დისკუსიაც, თუმცა ხელოვნების ცენტრში, სადაც შეხვედრა შედგა, ისე ცხელოდა, რომ შეკითხვა მხოლოდ ერთი დაისვა, ისიც ნადირობაზე.

ტრიბუნასთან და ტრიბუნის მიღმაც დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, კანონმდებლების საქმიანობის მთავარ მიღწევად გამჭვირვალობა დაასახელა. „მე პრესსამსახურის გარეშეც ვცდილობ ჟურნალისტებთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციას. გამჭვირვალობა არის მთავარი მიღწევა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ დავით გაბაიძემ.

ანგარიშის წარმოდგენის დროს მან ასევე ბევრი დრო დაუთმო იმაზე საუბარს, რომ უმაღლესი საბჭოს საიტზე საჯარო ინფორმაციები პროაქტიულად ქვეყნდება, ხოლო აპარატში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ცალკე შეიქმნა.

დავით გაბაიძე მიღწევად ასახელებს აქტიურ საკანონმდებლო საქმიანობასაც. „ბათუმელების“ კითხვაზე, რომელი კანონი მიიღო უმაღლესმა საბჭომ, რამაც მნიშვნელოვანი პრობლემა გადაჭრა, გვპასუხობს, რომ ასეთია ნორმატიული აქტების შესახებ კანონი, რომელიც სამართლებრივ აქტებს შორის იერარქიას არსებითად აწესრიგებს. „აქტიურ საკანონმდებლო საქმიანობას მაინც მას შემდეგ უნდა ველოდოთ, როცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას მივიღებთ,“ – დასძინა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

ანგარიში მეოთხე მოწვევის უმაღლესმა საბჭომ შეხვედრაზე წერილობითაც წარმოადგინა. აქ, ძირითადად, ციფრებია. ვინ რამდენი მოქალაქე მიიღო, რამდენი კორესპონდენცია დარეგისტრირდა, რამდენი გადამისამართდა, ესა თუ ის კომისია რამდენჯერ შეიკრიბა, ბიურო, თუ პლენარული…

მთლიანობაში, მეოთხე მოწვევის უმაღლესმა საბჭომ შვიდი თვის განმავლობაში მიიღო 56 სამართლებრივი აქტი, მათ შორის, 37 დადგენილება, 14 ცვლილება კანონში, ხოლო 5 – რეგლამენტის ცვლილება.

[red_box]ერთი კითხვა, მადლობა ერთი და რჩევაც ერთი[/red_box]

მას შემდეგ, რაც დავით გაბაიძემ მოხსენების წარმოდგენა დაასრულა, საზოგადოებას ზურაბ პატარაძემ მიმართა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მან, ძირითადად, ხელისუფლების საქმიანობის შედეგზე ისაუბრა, და არა – უმაღლეს საბჭოზე. მაგალითად, როგორ გაიზარდა ექსტრემალური ტურიზმის მიმდევართა რაოდენობა აჭარის მაღალმთიანეთში.

„შეკითხვების დროა. გისმენთ“, – მიმართა აუდიტორიას დავით გაბაიძემ. შეკითხვა მხოლოდ მოქალაქე ასლან ლორთქიფანიძემ დასვა: რატომ არ იღებს უმაღლესი საბჭო კანონს ნადირობის რეგულირების შესახებ, როცა ეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციაა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მას უპასუხა, რომ ამ თემაზე დეპუტატები სამომავლოდ აუცილებლად იმუშავებენ.

დეპუტატებს მიმართა ადვოკატმა, თენგიზ კახიძემ. მან უმაღლეს საბჭოს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პირადად დავით გაბაიძის მისამართით თქვა, რომ ყოფილი ადვოკატები არ არსებობენ.

„ისევე, როგორც არ არსებობენ ყოფილი ადვოკატები, არც ყოფილი დიპლომატები არსებობენ,“ – ჩაიცინა ზურაბ პატარაძემ, რომელიც ჯერ კიდევ ტრიბუნასთან იდგა.

შეხვედრას ზურაბ პატარაძესთან ერთად ესწრებოდნენ მინისტრები, დეპარტამენტების და სამსახურების უფროსები, უფროსი და რიგითი საჯარო მოხელეები, უმაღლესი საბჭოს აპარატის წევრები, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ერთი ოპოზიცინიორი.

„თითოეული დეპუტატი უნდა მუშაობდეს იმაზე, თუ რას ვთავაზობთ თანაქალაქელებს, საზოგადოებას, რომლებსაც პირობები გაუუარესდათ, სოციცალურ ფონს, ეკომიგრანტებს და სხვა ბევრ პრობლემას ვგულისხმობ. ძალიან ბევრი სამუშაოა იმისთვის, რომ რეალურ პრეზენტაციამდე მივიდეთ,“ – უთხრა პეტრე ზამბახიძემ ჟურნალისტებს. ის რეგიონში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერია.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარიდან მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტში. კითხვაზე, რა უნდა შეცვალოს უმაღლესმა საბჭომ, რომ უფრო აქტიური გახდეს? – ანზორ ბოლქვაძემ, ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორირატმა დეპუტატმა ასე გვიპასუხა:

„ყოველთვის მქონდა უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობა, ახლანდელთან, ძველთანაც. მე, პირველ რიგში, ვამბობ და ვიტყვი, რომ დეპუტატები, ვინც არიან არჩეულები, კი აქვთ შეხვედრები, მაგრამ ერთი სამად უნდა შეხვდნენ მოსახლეობას, უფრო მეტი მისვლა-მოსვლაა საჭირო… პრობლემა რომ არსებობს, იმას წერტილი უნდა დაესვას. ან კი, ან – არა, უნდა იცოდეს ხალხმა. ის დანაბარები, რასაც ხალხი ამბობს, იმას მთავრობასთან ნორმალურად უნდა მიტანა“, – ამბობს ანზორ ბოლქვაძე „ბათუმელებთან“.

რას მიიჩნევს მთავარ გამოწვევად თავად უმაღლესი საბჭო?

ამ კითხვაზე დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ის სიტყვა ახსენა, რასაც რამდენიმე დღის წინ ბათუმში ჩამოსული ვენეციის კომისიის თავმჯდომარე, ჯანი ბუკიკიო ყველაზე ხშირად ახსენებდა – კონსესუსი.

დავით გაბაიძე გამოწვევად აჭარის კონსტიტუციის მიღებას ასახელებს, რომლის მომზადების პროცესიც ახლა უნდა დაიწყოს. „გამოწვევა არის ის, რომ ჩვენ ერთგვარი კონსესუსის საფუძველზე უნდა მივიღოთ ეს დოკუმენტი, რომელიც დაეყრდნობა თანამშრომლობას… რაღაც ნაწილთან ალბათ მიღწევადია ეს. თუმცა როცა ოპოზიცია აქაც კი არ მოვიდა და განაცხადა, ამ შეხვედრის შესახებ არაფერი ვიცოდიო, ეს სკეპტიკურად განწყობის საშუალებას იძლევა, მაგრამ ვფიქრობ, რომ კონსესუსი მაინც მიღწევადია“, – გვითხრა დავით გაბაიძემ.

მივლინებები

წერილობით წარმოდგენილ ანგარიშში უმაღლესი საბჭო დეპუტატების მივლინებების შედეგებზეც წერს. მაგალითად, ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე თებერვალში იტალიაში ყოფილა. მას შეხვედრები ფერარასა და როვიკოში გაუმართავს. დეპუტატს ფერარას უნივერსიტეტის რექტორი სამომავლოდ თანამშრომლობას დაჰპირებია.

ევროპაში ვიზიტი ორჯერ მოუსწრია ვლადიმერ მგალობლიშვილს. ავსტრიაში დეპუტატი არტმენეჯერს, ბარბარა შტურმს შეხვდა, რომელსაც ფესტივალების ჩატარების რეგულაციებზე ესაუბრა. გერმანიაში კი, ვლადიმერ მგალობლიშვილს ფესტივალების ასოციაციის სამიტში მიუღია მონაწილეობა.

ანგარიშში მოხვდა უმაღლესი საბჭოს ხუთკაციანი დელეგაციის ვიზიტი პოლონეთში, სადაც ტურისტული გამოფენა მოეწყო და დავით გაბაიძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

რა დაჯდა დეპუტატების მივლინებები საზღვარგარეთ, ანგარიშში მოცემული არ არის.

[red_box]რას უნდა ველოდოთ უმაღლესი საბჭოსგან[/red_box]

წერილობითი ანგარიშის ბოლო გვერდზე უმაღლესმა საბჭომ სამომავლო გეგმების ჩამონათვალიც შემოგვთავაზა. ვკითხულობთ, რომ უმაღლესი საბჭო კონსტიტუციის და რეგლამენტის პროექტების მომზადების გარდა, აპირებს აპარატის სტრუქტურის ოპტიმიზაციას, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით საბჭოს შექმნას, უფლებამოსილების დელეგირების კუთხით მუშაობის გააქტიურებას, ცვლილებების განხორციელებას დეპუტატების გაცდენების მოსაწესრიგებლად, ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის დანერგვას, ბიუროს ოთახის მოწყობას.

„გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას,“ – ამ დაპირებით სრულდება უმაღლესი საბჭოს წერილობითი ანგარიში.

და სიტყვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმოდა

„მცხელა“, – ეს სიტყვა დღევანდელ შეხვედრაზე ყველაზე ხშირად ისმოდა. უმაღლესმა საბჭომ ანგარიშის წარმოდგენა ბათუმის ხელოვნების ცენტრის ფოიეში არჩია, რომლის კონდიცირების სისტემაც ხალხმრავლობაზე გათვლილი არ არის. ჩართული კონდიციონერების პარალელურად, თანამდებობის პირების სკამებს შორის რამდენიმე ვენტილატორიც იდგა. დარბაზი სხვადასხვა რეპლიკით გამოხატავდა პრეზენტაციის სწრაფად დასრულების სურვილს. სამაგიეროდ, უმაღლეს საბჭოს ამ შეხვედრისთვის დარბაზის დასაქირავებლად თანხა ბიუჯეტიდან არ დაუხარჯავს.

IMG_20170704_130822

 

IMG_20170704_125952

IMG_20170704_121906

 

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: