მთავარი,სიახლეები

სამაშველო სამსახური ზღვაში მამაკაცს ეძებს

04.07.2017 • 3297
სამაშველო სამსახური ზღვაში მამაკაცს ეძებს

სამაშველო სამსახური ბათუმში, ზღვაში, მამაკაცს ეძებს. სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ, 3 ივნისს, საღამოს 19:00 საათზე შევიდა ზღვაში საბანაოდ. „მაშველებმა დაინახეს, რომ ჩადიოდა, თუმცა ამოვიდა თუ არა უკან, არ დაუნახავთ. ჯერჯერობით არ არის ოფიციალურად დადასტურებული, რომ ნამდვილად ზღვაში დაიკარგა,“ – გვითხრეს სამაშველო სამსახურში. ამის მიუხედავად, სამაშველო ჯგუფები დაკარგულ მამაკაცს მაინც ეძებენ.

დაკარგული მამაკაცის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე ავრცელებს. მისი თქმით, მამაკაცი, რომელიც გუშინ საღამოს ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა, მისი ძმაა.

„ჩემი ძმა სპორტსმენი იყო, კარგად ცურავდა და ზღვაში ძალიან შორს შედიოდა ხოლმე. გუშინ საღამოს შვიდი საათის შემდეგ შესულა, მაშველებმა გვითხრეს, რომ დაინახეს, მაგრამ რომ დააგვიანა გამოსვლა,  შემდეგ შევატყობინეთ პოლიციასო,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე. მისი თქმით, მაშველებმა ზღვის ნაპირზე მამაკაცის ჩუსტები და ავტომანქანის გასაღები იპოვეს.

შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები პოლიციელებისა და მაშველების მიერ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: