მთავარი,სიახლეები

„ჩვენი ქონება და შემოსავლები ცალკეული პირების ხელშია“ – უსინათლოები სახელმწიფოს მიმართავენ

03.07.2017 • 2913
„ჩვენი ქონება და შემოსავლები ცალკეული პირების ხელშია“ – უსინათლოები სახელმწიფოს მიმართავენ

დღეს, 3 ივლისს, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, „საქართველოს უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის“ ტერიტორიაზე, აჭარაში მცხოვრებმა უსინათლოებმა საპროტესტო აქცია  გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ უსინათლოთა კავშირის ბალანსზე არსებული ქონება და ამ ქონებით მიღებული შემოსავლები მათ არ ხმარდება. უსინათლოები საქართველოს მთავრობას და პროკურატურას მიმართავენ.

„უსინათლოთა საზოგადოების ქონება, რომლის წევრებიც ვართ ჩვენ, ჩვენთვის ხელმიუწვდომელია. ტერიტორია, სადაც ვიმყოფებით, არის უსინათლოთა კავშირის საკუთრება, თუმცა ვინ განკარგავს და სად მიდის ამ ტერიტორიაზე გაქირავებული ობიექტებისგან მიღებული შემოსავლები, ჩვენთვის უცნობია.

გვინდა შეიქმნას კომისია, დაინიშნოს აუდიტი, ჩატარდეს ინვენტარიზაცია და აჭარის უსინათლოთა კავშირის ქონება დარჩეს უსინათლეობს და არა ერთეულებს,“-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმის“ დირექტორი ალექსი წეველიძე.

მისი თქმით, უსინათლოები წელიწადში 12 ლარს იღებენ დახმარებას და სხვა ხელშეწყობა კავშირის ქონებისგან არ აქვთ.

„უსინათლოთა კავშირი არ ზრუნავს ადამიანებზე. 29 წლის ადამიანია ლაშა დუმბაძე, რომელიც თხილნარში ცხოვრობს და არც კი იცნობენ კავშირში. მცირე კლანური ჯგუფი მოქმედებს და მხოლოდ ისინი განკარგავენ ყველაფერს,“ – გვეუბნება ის.

უსინათლოებმა საკუთარი უფლებების დასაცავად აქცია გამართეს ფოტო: ლელა დუმბაძე

უსინათლოებმა საკუთარი უფლებების დასაცავად აქცია გამართეს
ფოტო: ლელა დუმბაძე

თემურ თეთრაძეც უსინათლოა. კავშირის წევრების პოზიციას ისიც იზიარებს და ამბობს, რომ უსინათლოთა კავშირს უსინათლოები არ აინტერესებს.

„მადა ჭამაში მოდისო ნათქვამია და ესენიც ჭამენ ჩვენს ქონებას. შექმნეს ისეთი სისტემა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს. ძალიან დიდი შემოსავალი გვაქვს, თუმცა უსინათლოები ვერ სარგებლობენ ვერაფრით,“ – ამბობს ის.

უსინათლოთა კავშირის საქმიანობას კრიტიკულად აფასებს კავშირის წევრი, შოთა ბოლქვაძეც: „მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პროკურატურას და აუდიტის სამსახურს, რომ შეისწავლონ უსინათლოთა კავშირში არსებული ვითარება და დაიცვან ჩვენი უფლება.

ჩვენ გვინდა ვიყოთ სოციალურად დაცულები და მუდმივად არ ვიმყოფებოდეთ სახელმწიფოს კისერზე.  მოგვცენ უფლება ჩვენი კავშირის ქონებით და შემოსავლებით ვისარგებლოთ, თვითონ ვაკონტროლოთ შემოსავლები, ბიუჯეტი და უსინათლოებისთვის შევქმნათ დასაქმების ადგილები“.

შოთა ბოლქვაძის თქმით,  უსინათლოთა კავშრის კარები მათთვის დახურულია.  „უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გვეუბნება 280 ლარი გვაქვს ხელფასიო. სწორი მართვის პირობებში მათი ხელფასიც გაიზრდება და ჩვენი ცხოვრებაც შეიცვლება. ჩვენ 6 წლიდან 60 წლამდე უსინათლო ადამიანები მოვიძიეთ, რომლებიც ცხოვრობენ აჭარაში და მათ შესახებ არაფერი იციან კავშირში.  მათი უფლებები სრულიად დაუცველია. მაშინ როცა კავშირის თავმჯდომარეს, რეზო მაისურაძეს, ასი ათას ლარამდე აქვს ისრაელის კაზინოში დახარჯული,“ – გვეუბნება შოთა ბოლქვაძე.

მისი თქმით, აუცილებელია შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი და შეიქმნას სისტემა, რომელიც მოერგება უსინათლოთა პრობლემებს და არა ცალკეული პირების ინტერესებს.

„აქ იყო დანადგარები და უსინათლოები მუშაობდნენ და ჰქონდათ შემოსავლები. ახლა ბიზნესად იქცა აქაურობა და ჩვენ არც დასაქმებულები ვართ და ვერც ჩვენი ქონებით ვსარგებლობთ,“ – გვეუბნება მამია მეკეიძე.

უსინათლოები კავშირის ბალანსზე არსებული ქონების და შემოსავლების გამჭვირვალობას მოითხოვენ

უსინათლოები კავშირის ბალანსზე არსებული ქონების და შემოსავლების გამჭვირვალობას მოითხოვენ

ნათია სირაბიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ  სახელმწიფო უწყებების მხრიდან მათ ხელშეწყობა არ აქვთ.  „რატომ უნდა ვიქირაოთ ტერიტორიები და თან ისეთი, სადაც არც სველი წერტილი გვაქვს, არც წყალი, ვინტილატორის საშუალებაც კი არ გვაქვს, რომ ვისუნთქოთ, ეს არის სამარცხვინო. ყველა წერელი, რომელიც მთავრობას, გამგეობებს, მერიას გავუგზავნეთ,  უარყოფითი პასუხით დაგვიბრუნდა, არავის არ უნდა გამოგვიყოს ფართები, რომ რაიონებში ჩვენი წარმომადგენლობები გვქონდეს და ვიზრუნოთ უსინათლოების დასაქმებაზე.

ნებისმიერი მთავრობის წარმომადგენელმა ერთი საათით აიფაროს თვალებზე ხელი და ისე გადაადგილდნენ  მათ მიერ დაგებულ ქუჩებში,  სხვანაირად ვერ მიხვდებიან რას ვგრძნობთ ჩვენ“.

„საქართველოს უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის“ თავმჯდომარე ზაურ დევაძე ამბობს, რომ უსინათლოთა კავშირის ბალანსზე არსებული ქონება იჯარით არის გაცემული, საიდანაც ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 24 ათასი ლარია.

„ბათუმელების“ კითხვაზე, უსინათლოთა რა კონკრეტულ საჭიროებებს ხმარდება აღნიშნული შემოსავლები, ზაურ დევაძე ამბობს „უსინათლოთა კეთილდღეობას“.

„ჩვენ მივმართეთ  სახელმწიფოს და ბუნებრივი აირის გაყვანა, უსინათლოებისთვის 90 პროცენტი არის უფასო, ჩვენი ფილიალი აკეთებს იმას, რომ შუამდგომლობს მთავრობასთან. მაგალითად, მუნიციპალური ტრანსპორტით რომ უფასოდ ისარგებლონ, ოღონდ მხოლოდ ქალაქის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში არ არიან თანახმა“.

ზაურ დევაძე, უსინათლოთათვის გაწეულ კეთილდღეობად მიიჩნევს მათთვის სპექტაკლის გამართვას: „გავაკეთეთ ღონისძიება, თეატრი ჩავატარეთ და უსინათლოები გვყავდა უფასოდ წაყვანილი. რაც შეეხება ფინანსებს, მე ყოველთვიურად შპს „სინათლიდან“ ვიღებ 500 ლარს, ჩვენმა გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ეს თანხა მხოლოდ სოციალურად დაუცველ და ტოტალურ უსინათლოებს მოხმარდეს“.

ზაურ დევაძის თქმით, შპს „სინათლეში“  11 უსინათლოა დასაქმებული. საიჯარო თანხებიდან შემოსული შემოსავალი კი უსინათლოთა კავშირის ერთიან ბიუჯეტში მიდის და მთელი საქართველოს მასშტაბით ნაწილდება: „ნაწილი ხმარდება მშენებლობას ციხისძირში, სადაც უსინათლოთათვის დასასვენებელი სახლი შენდება“.

„გვყავს ცხრა თვის უსინათლო ბავშვი, ვისთვისაც დახმარება ვთხოვეთ  ქალაქის მერიას  და სარეზერვო ფონდიდან 1 400 ლარით დავეხმარეთ,“ – გვეუბნება უსინათლოთა კავშირის მდივანი თამარ ართილაყვა.

მათი ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, უსინათლოთა კავშირში 24 ათასი უსინათლოა გაწევრიანებული.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: