მთავარი,სიახლეები

ვაჟა-ფშაველას #13-თვის სტატუსის მოხსნის საკითხს სააგენტო მომავალ კვირაში განიხილავს

30.06.2017 • 2487
ვაჟა-ფშაველას #13-თვის სტატუსის მოხსნის საკითხს სააგენტო მომავალ კვირაში განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 30 ივნისს, ოქტომბრამდე გადადო „მომავლის სახლის“ საჩივრის განხილვა. ამხანაგობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ვაჟა-ფშაველას 13-ში მდებარე ისტორიული სახლი კომპანია „სლავა 2015“-მა უნებართვოდ დაანგრია 2015 წლის ბოლოს. ამხანაგობა კი იმ ოჯახებს აერთიანებს, რომლებიც ამ მისამართზე ცხოვრობდნენ.

პროცესის გადადების მიზეზი კომპანია „სლავა 2015“-ის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის წერილობითი მიმართვა გახდა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანია „სლავა 2015“ სააგენტოსგან ითხოვს ვაჟა-ფშაველას #13-თვის ძეგლის სტატუსის გაუქმებას.

„ჩვენთან განცხადება შემოვიდა რამდენიმე დღის წინ. გადაწყვეტილების მისაღებად ერთთვიანი ვადა გვაქვს, მაგრამ სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოს საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თეა ონიანმა, საქართველოს კულტურული მემკვდირეობის სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსმა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ამხანაგობამ „მომავლი სახლი“ დააყენა შუმადგომლობა და მოითხოვა პროცესის გადადება იმ მოტივით, რომ თუკი სააგენტო თავის გადაწყვეტილებას უკან წაიღებს და ძეგლის დაცვაზე უარს იტყვის, სასამართლოში სადავოც არაფერი იქნება.

ამ პროცესამდე ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5 ივნისს გადაიდო სხდომა. მაშინ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მოითხოვდა „სლავა 2015“-ის დაჯარიმებას 10 ათასი ლარით იმის გამო, რომ მან ძეგლი პირვანდელი მდგომარეობით არ აღადგინა.  ამ პროცესზე „სლავა 2015“-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ მათი დაჯარიმება უსაფუძვლო გახდებოდა, თუკი თბილისის საქალაქო სასამართლო ვაჟა-ფშაველას 13-თვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას კანონდარღვევად მიიჩნევდა. სააგენტოს მოთხოვნა ახლაც ძალაშია.

ამავე თემაზე:

ვაჟა-ფშაველას 13 – გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: