ევროსასამართლოში სომხეთის მოსამართლის შეკითხვა თურქ მოსამართლეს ბათუმის კონგრესზე

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის მონაწილეების სასამართლო პროცესის შესახებ შეკითხვა ბათუმის კონგრესზე დაისვა. ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი ბათუმში გრძელდება. დღეს, 30 ივნისს, მოხსენებების მოსმენის პარალელურად, რამდენიმე წუთი დისკუსიას დაეთმო. შეკითხვა მხოლოდ თურქეთში, 2016 წლის ივლისში, სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე დაისვა.

როდის მოახერხებს სასამართლო სამხედრო გადატრიალების მონაწილეების საქმეების განხილვას – შეკითხვა კონგრესის მონაწილემ, სომხეთის მოსამართლემ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს დაუსვა.

„თითოეულ საქმეს სჭირდება ცალ-ცალკე განხილვა. საქმე შეეხება ათიათასობით მოქალაქეს. ჩვენ საქმე უნდა დაგველაგებია ჯგფების მიხედვით: ზოგიერთი მათგანი არ იყო საერთოდ ჩართული ამ გადატრიალებაში, ზოგიერთი ეხმარეობოდა ტერორისტულ ორგანიზაციებს და ასე შემდეგ. ჩვენი პრინციპი იქნება ის, რომ ყველასთვის გვქნება თანაბარი მიდგომა. ჩვენ ვიხელმძღვანელებთ კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას,“ – უპასუხა შეკითხვას ზუჰთუ არსლანიმ, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

პასუხის მიღების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლემ სომხეთიდან, შეკითხვა განაზოგადა და დისკუსიის მონაწილეების პოზიციების მოსმენით დაინტერესდა თემაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეფექტურ საშუალებად აღიარონ საკონსტიტუციო სასამართლო.

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამ საკითხსაც გამოემხაურა და აღნიშნა, რომ საჩივრების განხილვის სისტემამ უნდა იმუშაოს კარგად და ამისთვის ის ყველაფერს გააკეთებს. „სტრასბურგის სასამართლოს ახლა აქვს 90 ათასი მიმდინარე საქმე. ჩვენ, თურქეთს კი, 120 ათასი ინდივიდუალური განაცხადი. როცა 5 წლის წინ საქმეების ინდივიდუალური განხილვის მექანიზმი შემოვიღეთ, საჩივრების რაოდენობა გაიზარდა. ალბათ, კარგად გესმით, რა პრობლემის წინაშე ვდგავართ“, – დასძინა ზუჰთუ არსლანმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა ზაზა თავაძემაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ: „თუ ეროვნულ დონეზე საკონსტიტუციო სასამართლოები იქნებიან უფრო ქმედითები და გამბედავები, ადამიანის უფლებების დაცვა მოხდება უფრო მყისიერად“.

დისკუსიის ნაწილი ამ კითხვა-პასუხით ამოიწურა. საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესი ბათუმში დღეს სრულდება. მოსამართლეები ამჯერად დახურულ ნაწილზე კენჭისყრას ატარებენ – ვინ უნდა იყოს მომავალ წელს კონგრესის მასპინძელი ქვეყანა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ამ კონგრესის თავმჯდომარეა 2014 წლიდან. საქართველო ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელიც ავსტრიაში კონგრესის თავმჯდომარედ აირჩიეს სამი წლის ვადით.

მთავარი ფოტო – ზუჰთუ არსლანი, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე / ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი ბათუმში

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი