მთავარი,სიახლეები

რა ტვირთის გადატანა აიკრძალა ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით

30.06.2017 • 3661
რა ტვირთის გადატანა აიკრძალა ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში, გავრცელებული ინფორმაციით, აიკრძალა 16 კგ-მზე მეტი ტვირთის გადატანა ერთი მგზავრის მიერ. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ბიძინა ბიბილეიშვილის განცხადებით, აკრძალვა ნამდვილად მოქმედებს, თუმცა ტვირთის წონა ამ აკრძალვასთან კავშირში არ არის.

„შეიძლება ბარგი იყოს 20 კგ და მეტი, მაგრამ მგზავრს ის ისე გადაჰქონდეს, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში სხვა მგზავრებს ხელს არ უშლიდეს. ჩვენ ავკრძალეთ მხოლოდ არაგაბარიტული ბარგის გადატანა, რომელიც დისკომფორტს უქმნის სხვა მგზავრებს, იწვევს გადაადგილების პარალიზებას, გასასვლელის ჩახერგვას ავტობუსში. ჩვენი საქალაქო ტრანსპორტი ძირითადად გათვლილია ისე, რომ მგზავრთა 2/3 ფეხზე დგას. შესაბამისად, ბარგის გადატანის აკრძალვისას ერთი კრიტერიუმი გვაქვს – დანარჩენი მგზავრების უფლებების დაცვა და მათი თავისუფალი გადაადგილება ტრანსპორტში. იყო შემთხვევები, განსაკუთრებით 16 და 17 ნომერ სამარშრუტო ხაზებზე, როცა ყუთები, ტომრები და ურიკებიც კი ამოჰქონდათ ავტობუსში. ამას ვეღარ დავუშვებთ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბიძინა ბიბილეიშვილმა.

მიმდინარე წლის 11 მაისიდან შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მართავს. ყოფილმა დირექტორმა, პაატა დუმბაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ არის ბათუმის მერიის შპს და მის დირექტორს ქალაქის მერი ნიშნავს.


ავტობუსი

გადაბეჭდვის წესი