პაციენტის მამა ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს

13 თვის საბა მამულაძის მამა, ემზარ მამულაძე, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალს უყურადღებობაში და პაციენტის არასათანადო მკურნალობაში ადანაშაულებს.

საბა პნევმონიის დიაგნოზით ჰოსპიტალში გუშინ, 28 ივნისს, მოათავსეს. საბას მამა, ემზარ მამულაძე ამბობს, რომ ამ დრომდე ბავშვს სათანადო მკურნალობა არ ჩატარებია.

„ბავშვს ფილტვების ანთება აქვს, გადასხმა სჭირდება, მაგრამ კათეტერი ვერ ჩაუდგეს. ვეუბნები გამიშვი თბილისში, მაგრამ არ მიშვებენ, ვერც მკურნალობენ. როგორც ვხვდები, ამათი სირცხვილია, ბავშვის  ვენას რომ ვერ პოულობენ და ამის გამო არ უნდათ გაგვიშვან თბილისში,“ – ამბობს ემზარ მამულაძე.

ემზარის თქმით, საბა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში მიმდინარე წლის აპრილშიც იწვა. მაშინ ექიმებმა ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ ბავშვი გაწერეს, თუმცა გაწერის დღეს ის ისევ ცუდად გახდა და მამამ თბილისში წაიყვანა.

„ბათუმში ჰოსპიტალიდან რომ გამოგვწერეს, გვითხრეს ბავშვი კარგადააო. იმავე დღეს, საღამოს, თბილისში როცა შევიყვანეთ კლინიკაში, ფორმა 100-ში ეწერა, რომ „მძიმე პაციენტი შეუვიდათ“. რეანიმაციაში დააწვინეს მაშინვე ბავშვი და იზოლირებული იყო. ავდექი და ვუჩივლე კლინიკას. მთლიანად ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალისადმი მაქვს პრეტენზია. არ აქცევენ პაციენტებს სათანადო ყურადღებას და ვერ უწევენ შესაბამის მკურნალობას,“ – აცხადებს ემზარ მამულაძე.

ემზარის თქმით, აპრილის თვეში თბილისში ჩასულმა აღმოაჩინა, რომ ბავშვი უფასო პროგრამით ვეღარ ისარგებლებდა: “ბათუმში დაფინანსება მომიხსნეს. რომ გავეწერეთ საავადმყოფოდან, იქ მომაწერიეს რაღაცაზე ხელი.  მითხრეს, ბავშვი რომ გაიწერა, იმის დოკუმენტზე გაწერინებთ ხელსო. თბილისში რომ ჩავიყვანე, მაშინ გავიგე, რომ ხელი მომიწერია ბავშვის მკურნალობის ნებაყოფლობით შეწყვეტაზე. შედეგად 8 500 ლარი მაქვს  გადასახდელი ამ ექიმის დაუდევრობის გამო. საიდან უნდა გადავიხადო ეს თანხა, არ ვიცი”.

ემზარმა იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალს, აპრილის თვეში, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში უჩივლა.

ემზარ მამულაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დღეს, როგორც კი კლინიკაში ჩივილის თაობაზე გაიგეს, 1 წლის საბას მკურნალმა ექიმმა ბავშვის მკურნალობაზე უარი განაცხადა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა  იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალს. როგორც პედიატრიული დეპარტამენტის უფროსი  თამაზ სურმანიძე ამბობს, პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

„კლინიკა აბსოლუტურად უზრუნველყოფს ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, რაც ბავშვს სჭირდება.  ჩვენთან პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობა ტარდება საქართველოში დღეს არსებული პროტოკოლის მიხედვით. რაც შეეხება  სამედიცინო მანიპულაციებს [კათეტერის ჩადგმა], როცა ის სჭირდება პაციენტს, მანიპულაცია უტარდება მაშინ,” –  აცხადებს თამაზ სურმანიძე.

ექიმის თქმით, რაც შეეხება აპრილის თვის ინცინდენტს, რომელსაც სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს, კლინიკის ბრალეულობა არ იკვეთება.

„პაციენტმა აპრილის თვეში თავისი გადაწყვეტილებით შეწყვიტა  მკურნალობა, ეს დაადასტურა თავისი განცხადებით და  თავისი გადაწყვეტილება იყო ის, რაც გააკეთა. გამორიცხულია მოტყუებით მოეწერინებინათ ხელი,  სამედიცინო რეგულირების სააგენტოს კვლევის ობიექტია ეგა… ნუ პრინციპში რა მოტყუება, რის მოტყუება, პროტოკოლები გვაქვს, იმის მიხედვით ვმოქმედებთ დაწესებულებაში,“ – ამბობს თამაზ სურმანიძე.

პ.ს. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის პრესცენტრთან „ბათუმელების“ დაკავშირების შემდეგ, ემზარ მამულაძემ კვლავ დარეკა რედაქციაში. მისი თქმით, ბავშვს უკვე  ჩაუდგეს კათეტერი, მკურნალმა ექიმმა კი “მკურნალობაზე უარის თქმა  გადაიფიქრა”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი