მთავარი,სიახლეები

ქუჩებში მოძრაობის მიმართულების ცვლილებაზე საკრებულომ ვერ იმსჯელა

29.06.2017 • 1667
ქუჩებში მოძრაობის მიმართულების ცვლილებაზე საკრებულომ ვერ იმსჯელა

ბათუმის საკრებულოს, გუშინ, 28 ივნისს, ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობის მიმართულებების ცვლილებაზე უნდა ემსჯელა. თუმცა, სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ წინადადების მოწონების საკითხი იყო წარმოდგენილი.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ქუჩების განტვირთვის საკითხზე საკრებულო ერთი წლის წინ მუშაობდა. მაშინ  კომისიამ გადაწყვიტა, რომ უფრო კომპეტენტური დასკვნა იყო  საჭირო. „რადგან  დასკვნა ჯერ არ არსებობს,  სხდომაზე, უბრალოდ, მოწონების საკითხი გავიტანეთ“, – ამბობს ლაშა სირაბიძე.

მისი თქმით, ქუჩებში მოძრაობის მიმართულების შეცვლასთან დაკავშირებით მათ UNDP-ის რეკომენდაციები გაითვალისწინეს. თუმცა, არ არსებობს ოფიციალური დასკვნა იდეის ეფექტურობაზე.

„რადგან დასკვნები არ გვაქვს, გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ. მერიასთან შევთანხმდით, რომ ეს თემა ერთად გავიაროთ და შემდეგ მერია შემოვა საკრებულოზე წინადადებით“, – გვეუბნება ლაშა სირაბიძე.

ბათუმისთვის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში სატრანსპორტო მოდელი მუშავდება. პროგრამის ხელმძღვანელი ლაშა ნაკაშიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათ სამ ქუჩაზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასთან დაკავშირებით საკრებულოს რეკომენდაციები მისცეს. თუმცა, მისივე თქმით, ეს არ არის  საბოლოო კონცეფცია.

„კონკრეტულ საკითხზე,- გამოიწვევს თუ არა გორგილაძის, ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლა ქუჩების განტვირთვას, რთული სათქმელია, რადგან მხოლოდ სამ ქუჩაზეა საუბარი და არა მთლიანად ქალაქის სპეციფიკაზე. რთულია წინასწარ განსაზღვრო, სად გამოიწვევს ეს პოტენციურ საცობს და სად არა. ვფიქრობ, ამ საკითხის ასე სწრაფად გადაწყვეტა არ შეიძლება“, – გვეუბნება ლაშა ნაკაშიძე.

მისი თქმით, ქალაქის განტვირთვას რეალურად იმ ახალი კონცეფციის ამოქმედება გამოიწვევს, რომელზეც UNDP-ი მუშაობს.

„ეს არის ქალაქის განტვირთვის გრძელვადიანი პროექტი და არა ერთ კონკრეტულ სეზონზე გათვლილი. თუმცა, საპილოტე პროექტების დაწყება შესაძლებელია“, – გვეუბნება ის.

საკრებულოს ინიციატივის მიხედვით, გორგილაძის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება, ბარათაშვილის ქუჩიდან მეგობრობის გამზირამდე. გორგასალის ქუჩაზე კი ცალმხრივი მოძრაობა იქნება, დღეს არსებული მოძრაობის ტრაექტორიის ნაცვლად. ცალმხრივად იმოძრავებენ ავტომანქანები გრიბოედოვის ქუჩიდან  ქუთაისის ქუჩამდე.

საკრებულოს განკარგულების პროექტი, ჯერჯერობით, იდეის დონეზეა რჩება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: