მთავარი,სიახლეები

ყოფილი პროკურორი გელა მახარაძე ბათუმში კვარტალის გაშენებას გეგმავს

29.06.2017 • 4587
ყოფილი პროკურორი გელა მახარაძე ბათუმში კვარტალის გაშენებას გეგმავს

შპს „ექსელენტ დეველოპმენტი“ ბათუმში, დემეტრე თავდადებულის #35-ში და მის მიმდებარედ არსებული ორსართულიანი შენობების ხარჯზე ახალი კვარტალის მშენებლობას გეგმავს. ამის თაობაზე ადგილზე მცხოვრებლებს კომპანიის მფლობელი და დირექტორი გელა მახარაძე ესაუბრა და მათ საკუთრების დათმობის სანაცვლოდ ახალაშენებულ კორპუსში ბინები შესთავაზა.

გელა მახარაძე, ვიდრე ბიზნესში გადავიდოდა, წლების განმავლობაში, აჭარის პროკურატურაში, ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი იყო და მძიმე დანაშაულებს იძიებდა. 2011 წლის დეკემბერში გელა მახარაძე დააკავეს. მაშინ დაკავების მოტივი საქართველოს პროკურატურაში ასე განმარტეს: 

„მათ ბრალად ედებათ თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მისაკუთრების მიზნით“.

ამ დროისთვის უკვე ბიზნესმენი გელა მახარაძე მოქალაქეებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს საკუთრების დათმობაზე. ამის შესახებ „ბათუმელებს“ იმ ადამიანებმა უთხრეს, ვისაც გელა მახარაძე შეხვდა. მას ჯერ არც მერიისთვის მიუმართავს და არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის.

დემეტრე თავდადებულის #35-ში მდებარე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მასთან დაკავშირებით გეგმები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსაც აქვს, სააგენტო ძეგლის რესტავრაციას გეგმავს.

„… ეს სახლი მართლაც ისტორიულია. აქ ადრე ჩინგოზიანები ცხოვრობდნენ. ჩვენთან იყო მოსული კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორი. ლაშა ასლანიშვილმა დაათვალიერა სახლი და შეგვპირდა რესტავრირებას. ინვესტორიც კარგ პირობებს გვთავაზობს, ამიტომ არ ვიცი, როგორ გადაწყდება საბოლოოდ. ეს სახლი ძეგლია და ამას არც ინვესტორი შეეხება“, – ამბობს დემეტრე თავდადებულის #35-ში მცხოვრები მადონა ბოლქვაძე.

მადლონა ბოლქვაძე

მადონა ბოლქვაძე

 

მადონას ნივთების უმეტესობა ყუთებში აქვს ჩალაგებული. ის ამბობს, რომ სამზადისი სახლიდან სხვაგან გადასასვლელად ინვესტორთან მოლაპარაკების შემდეგ დაიწყო. თუმცა, მას და მის მეზობლებს სახლის რესტავრირების იდეა უფრო მოსწონთ: „მთავარია, ეს არ იყოს მხოლოდ ფასადის რესტავრირება და ყველაფერი გააკეთონ ისე, როგორც ადრე იყო.“

ადგილობრივების ინფორმაციით, დემეტრე  თავდადებულის #35-ს გელა მახარაძესთან ერთად მოლაპარაკებებზე ბიზნესმენი ფრიდონ დავითაძეც მიდის. თუმცა, რეესტრის მონაცემებით, კომპანია „ექსელენტ დეველოპმენტს“ გელა მახარაძე ერთპიროვნულად ფლობს.

„ბათუმელებმა“ თავად გელა მახარაძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

ბათუმი. დემეტრე თავდადებულის #35 უკანა ეზო.

ბათუმი. დემეტრე თავდადებულის #35, უკანა ეზო.

კომპანია 2016 წლის თებერვალშია დარეგისტრირებული.

დემეტრე თავდადებულის #35-ში მდებარე ორსართულიანი სახლი XX საუკუნის დასაწყისშია აშენებული. ძეგლია ასევე დემეტრე თავდადებულის #32- ში მდებარე შენობა. როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, ინვესტორს ამ ადგილზე „პაიაცას“ ტიპის კვარტალის აშენება სურს.

ბათუმი.დემეტრე თავდადებულის #35. ძველი ფოტო

ბათუმი.დემეტრე თავდადებულის #35. ფოტო არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: